საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
12 წლის წინ დაკარგული ბიჭის, გურამ დადიანიძის ოჯახის ინტერესებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პოდკასტი "შენი ამბავი თაისთან" ავრცელებს.
პოდკასტი მადლობას უხდის საზოგადოებას მხარდაჭერისათვის და ადასტურებს, რომ 17 წლის ბიჭის გაუჩინარების ემოციური ამბავი, მხოლოდ ერთი გადაცემის თემად არ დარჩება.
"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ქალბატონი სოფოს ამბავი გულთან მიიტანა და ნებისმიერი ფორმით გამოხატა მხარდაჭერა. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ვალდებულად ვთვლი თავს, გაგიზიაროთ ის, რისი თქმაც ამ ეტაპზე უკვე შემიძლია.
ჩემი მთავარი მიზანი თავიდანვე იყო, ეს ისტორია მხოლოდ ერთი გადაცემის ფარგლებში არ დარჩენილიყო და ქალბატონ სოფოს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მარტო არ ებრძოლა სიმართლისთვის. ამისთვის თქვენი ერთსულოვნება და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იყო. სწორედ ამ ერთიანობის წყალობით დღეს ამ ამბავზე უკვე ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ელენიკო რუხაძეს. მისმა ჩართულობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ამ ამბავმა კიდევ უფრო ფართო გამოხმაურება მოიპოვა. ამ ისტორიამ დაგვაკავშირა და მიხარია, რომ მისი სახით ძალიან ღირსეული ადამიანი გავიცანი.
მეორე მნიშვნელოვანი მიზანი იყო საქმეში ძლიერი, კვალიფიციური და სანდო ადვოკატის ჩართვა. ასეთი კი არის ბატონი ტარიელ კაკაბაძე. ოჯახის და ბევრი ადამიანის სურვილის საფუძველზე ვთხოვეთ მას დახმარება. ბატონი ტარიელი სრულიად უსასყიდლოდ ერთვება ამ საქმეში და უკვე იწყებს მუშაობას. წინ რთული და ხანგრძლივი გზაა, კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთობას ნამდვილად შეუძლია შედეგების მოტანა! მეტ დეტალს და უფრო დაწვრილებით მალე, გადაცემის ფორმატში გაგიზიარებთ!" - ვკითხულობთ პოდკასტის ფეისბუქ გვერდზე.
07/30/2026