Logo

საზოგადოება

"16 ქვა გადააყლაპეს, ეგ არის შენი სამშობლოს მიწაო" - მარიამობას წამებით მოკლული გმირის ისტორია

"16 ქვა გადააყლაპეს, ეგ არის შენი სამშობლოს მიწაო" - მარიამობას წამებით მოკლული გმირის ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გიორგი კეკელიძე მუშაობს წიგნზე "ანწუხელიძე - ომის ნამსხვრევები." წიგნში აფხაზეთის და აგვისტოს ომის მონაწილე გმირების ოჯახის წევრების ინტერვიუები განთავსდება. წიგნის გამოსვლამდე კი, მწერალი, ფეისბუქზე, ამონარიდებს აქვეყნებს.

სპარტაკ მიდოდაშვილი ეროვნული სამხედრო აკადემიის სერჟანტი იყო და ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

ვერაგულად რომ მოკლეს, 24 წლის იყო. მას გმირის წოდება აქვს მინიჭებული,

ის იყო პირველი, ვინც ქართულ-ოსური კონფლიქტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა.

"ჩემი ძმა წამებით მოკლეს. 28 აგვისტოს"

"ნონა მიდოდაშვილი ვარ ცხინვალიდან. სპარტაკის და.

ცხინვალის საავადმყოფოში ვმუშაობდით მე და დედა. ვცხოვრობდით მშვიდად და ბედნიერად. ცხინვალის შესასვლელში. მამისაანთუბანში.

1990 წლის გიორგობა ღამეს, 23 ნოემბერს, ხმაურმა გამაღვიძა. აივანზე გავედი და გავიხედე. ბევრი ავტობუსი დავინახე. შევბრუნდი და დავიძინე.

მეორე დღეს, ზღუდრიგვერდასთან უკვე ავტომატიანი კაცები იდგნენ. მანქანიდან გადმომიყვანეს. გულზე ის დროშა მეკიდა, ძველი, სამფეროვანი. ჩამომგლიჯეს და გამიშვეს.

მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. იმაზე მეტი, ვიდრე ველოდი.

თითქმის წელი ასე ვიყავით. ფეხაკრებით. შიშით. მორიდებით. პირში ჩაგუბებული სიტყვით, რომელიც სისხლში გვეღვრებოდა და გვწამლავდა.

ერთი ძმა მყავდა. სპარტაკი.

სპარტაკს საქართველო უყვარდა. ისე უყვარდა, რომ ჭიქაში ტყვიას დებდა და ისე სვამდა საქართველოს სადღეგრძელოს.

ასეთი იყო. ლექსი უყვარდა. განა მხოლოდ სუფრაზე. ყველგან.

პოლიციის აკადემიაში სწავლობდა სპარტაკი. ეს საქმე იმადაც აირჩია, რომ სხვის შველას გულისხმობდა. ასე იცხოვრა, რაც იცხოვრა. სულ სხვისკენ ჰქონდა ხელი გაწვდილი. ბევრი ვერ გადაფურცლა სიცოცხლის კალენდარზე, მაგრამ რაც გადაფურცლა, ყველა ფურცელი მძიმე იყო და არა ფარატინა.

28 აგვისტოს მეზობლის ქალი ამოვიდა და შველა ითხოვა. ვიღაც კაცები არიან იარაღით და ხმაურობენო. წამოდგა სპარტაკი, თითქმის მთვლემარე და გაყვა ქალს. დედა გადაუდგა კარში. უთხრა დედამ, არაფერი იქნება საგანგაშო და შენი ჩასარევი. ეგებ დაწვე და დაიძინოო. მახსოვს, როგორ გაიღიმა სპარტაკმა, ხელი გაშალა და გამოთქმით დაიძახა: "კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები" და მერე ეს გაშლილი ხელები დედას მოხვია, მაგრად მოუჭირა და უთხრა; დედაო, არ გამომყვეო, გარეთ ბიჭები არიანო, აბა, რას იფიქრებონო.

ჩემთან მოვიდა. მაკოცა. და წავიდა.

სპარტაკ მიდოდაშვილი

მარიამობა დღე იდგა. იმ დღეს ბაბოს საფლავზე ვიყავით, ერედვში. საფლავიდან მოსულები ვიძინებდით. მაგრამ ვეღარ დაგვეძინა. ვერც იმ ღამეს და ვერც ვერსადროს.

სანამ თორმეტი გახდებოდა, ერთი სროლის ხმა გავიგეთ. შორიდან. და ფიქრმაც შორიდან მოუარა ამ ხმას და ფიქრმა გვითხრა, რომ ალბათ რომელიმე სოფელში დათვრა ვინმე და სპარტაკი მალე მოვა.

გადაცდა თორმეტს და დადგა შუაღამე და დადგა დილა.

დილით გავვარდი და მიმავალი მანქანა გავაჩერე. საითაც მეგონა სპარტაკი, იქით გაყვანა ვთხოვე. მერე ეს მანქანა გააჩერეს სხვებმა და მძღოლი რომ დაბრუნდა, სახემკვდარი დაბრუნდა, დაჯდა და მითხრა, ვეღარ ვქოქავო. ფეხით უნდა წახვიდეო.

ნონა მინდორაშვილი

ჩამოვედი და წავედი. სადაც მივედი, იქ მითხრეს, სპარტაკი ტყვედ ჰყავთო და მერე სადაც მივედი, იქ მითხრეს რომ სპარტაკი აღარ იყო.

ჯერ ტყვია ესროლეს ზურგში და რომ დაეცა, მერე ფრჩხილები ამოაძრეს და ხორცი ააჭრეს. ქვები მიწაში აურიეს და ასე აყლაპეს მიწიანი ქვები. პირში ტენიდნენ და თავს დასძახოდნენ - ეგ არის შენი სამშობლოს მიწაო.

16 ქვა გადააყლაპეს.

ჯერაც ფეთქავდა და ასე წაიყვანეს საკაჩიგროში. უნდა დაეწვათ. იქ ერთი ოსი კაცი იყო კაჩიგარი. სპარტაკის მეგობარი აღმოჩნდა ის ოსი კაცი და უთხრა, მე ცეცხლს არ დავანთებ და თუ დავანთებ, მეც მასთან ერთად დამწვითო.

ორი კვირა საავადმყოფოში იწვა ის კაცი, ისე ცემეს.

მერე სხვა ოსი კაცები დაგვეხმარნენ და გვამი გამოვისყიდეთ.

ნონა მიდოდაშვილი ვარ ცხინვალიდან. სპარტაკის და."

ავტორი: ზმნა

08/24/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024