საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
წელს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან, 105 წელი სრულდება. თებერვალი კიდევ ერთხელ გვახსენებს 1921 წლის 25 თებერვალს — დღეს, რომელიც ათწლეულების მანძილზე ოფიციალურად „გათავისუფლების დღედ“ იწოდებოდა.
1989 წლის 25 თებერვალი — სტუდენტური და ეროვნული პროტესტი
შეკრება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო.ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებსა და აქტივისტებთან ერთად, სამგლოვიარო მარშში მონაწილეობის მისაღებად ბევრი ახალგაზრდა მივიდა, ბევრი სტუდენტი. შავი ლენტები ზოგს მკლავზე, ზოგსაც თავზე ჰქონდა შემოხვეული. სხვადასხვა მონაცემით, იმ დღეს 20 000-მდე პირმა გააპროტესტა საბჭოთა ოკუპაცია.

მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ: ირაკლი წერეთელი, მერაბ კოსტავა, ნოდარ ნათაძე და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები. შეკრებილებმა დაგმეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია და გაეროსა და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მთავრობებისადმი გასაგზავნ დეკლარაციას მოაწერეს ხელი — საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი უფლებების აღდგენის მოთხოვნით. მიმართვას 10 000-ზე მეტმა შეუერთა ხმა.
ორად გაყოფილი 25 თებერვალი
როდესაც დედაქალაქის ცენტრში ათასობით მოქალაქე 1921 წლის ტრაგედიას გლოვობდა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო სხდომა იმართებოდა. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის პარტიული ხელმძღვანელობა, საბჭოთა საოკუპაციო სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად აღნიშნავდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 68-ე წლისთავს. ოფიციალურ ცერემონიალს კონცერტიც მოჰყვა, რომელშიც იმდროინდელი წამყვანი შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ.
ამგვარად, 1989 წლის 25 თებერვალი ორად გაყოფილი დღის სიმბოლოდ იქცა. ერთ მხარეს იდგა საზოგადოება, რომელიც ისტორიული სიმართლის აღდგენას მოითხოვდა, მეორე მხარეს — საბჭოთა ძალადობისა და ტყუილის დამცველი საბჭოთა „ელიტა,“ თავისი შემოქმედებითი კოლექტივებით.

რეპრესიები, რამაც ანტისაბჭოთა განწყობები გაამძაფრა
1989 წლის 25 თებერვლის სამგლოვიარო მანიფესტაციას მოჰყვა ეროვნული მოძრაობის ლიდერების — ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭანტურიას, თედო პაატაშვილის, მამუკა გიორგაძის და სხვათა — დაკავება.

ყველაფერი საბოლოოდ შეიცვალა 1989 წლის 9 აპრილის ღამის შემდეგ. საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი აქციის სასტიკად დარბევამ და მსხვერპლმა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების მორალური კრახი გამოიწვია. კომუნისტური პარტია საზოგადოების თვალში სრულად დისკრედიტირდა; პარტიის რიგები ბევრმა დატოვა. დაიწყო წარსულის გადაფასების პროცესი — მათ შორის, 1918–1921 წლების მოვლენების ახალი გააზრება.
ერთი წლის თავზე
1990 წლის 25 თებერვალს თბილისში კვლავ გაიმართა სამგლოვიარო მიტინგი. იქ ერთ-ერთი გამომსვლელის სიტყვა შემოინახა 1989 წლის პრესამ, რომელიც კარგად გამოხატავს მაშინდელ ერთიან სულისკვეთებას:
„ეს დღე — 1921 წელს საქართველოს თავდაცვისათვის ბრძოლებში დაცემულთა ხსოვნის დღეა. მათ სულებს სანთლებს ვუნთებთ.
ვალმოხდილებო, ღმერთმა გაცხონოთ, უწმინდეს ბრძოლას შეწირულებო.
თქვენი სულები არ ჩამქრალა — დროშებად იქცა.
ბრძოლა გრძელდება. საქართველო ის ქვეყანა არ არის, სადაც თავისუფლება ავიწყდებათ.
თავისუფლებას ვერ დაივიწყებ!“
აქ გავიხსენეთ ის დღე და ის ისტორიული მომენტი, როცა საქართველოს საზოგადოებამ საჯაროდ და მკაფიოდ თქვა, რომ 1921 წლის 25 თებერვალი ზეიმის კი არა, გლოვისა და ნაციონალური ტრაგედიის დღეა.
02/13/2026