ჩვენი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რონალდ რეიგანს უკვე მონათლული ჰყავდა საბჭოთა კავშირი „ბოროტების იმპერიად.“ თავად სსრკ-ში ლეონიდ ბრეჟნევის „უძრაობის ხანა“ ახალი დასრულებული იყო, რადგან ბრეჟნევის ადგილი უკვე სხვას — იური ანდროპოვს ეკავა. 1983 წლის შემოდგომა იდგა. საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებიდან 200 წლის თავი იზეიმეს, მიუხედავად იმისა, რომ საზეიმო არაფერი ჰქონდათ.

დიდ ეკრანებზე ამ წელს გამოვიდა რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის ფილმი „წიგნი ფიცისა,“ იმის მოსაყოლად, თუ როგორ გადაარჩინა გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველო სრულ გაქრობას.
დაინიშნა ზეიმი. მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდნენ მაღალი რანგის სტუმრები, მათი მასპინძელი მდივანი ედუარდ შევარდნაძე და ადგილობრივი კომპარტიის სხვა მოწინავე პირები იყვნენ. ზეიმის დღე საინტერესოდ აღწერა მწერალმა რევაზ ჭეიშვილმა:

„რესპუბლიკის მოედანი. მოდიოდნენ დემონსტრაციის მონაწილენი მუსიკით, ყვავილებით, ტრანსპარანტებით, პეპლის საჭერ მოწყობილობაზე დამაგრებული პოლიტბიუროს წევრთა სიფრიფანა სურათებით.

სამთავრობო ტრიბუნაზე მოსკოვიდან ჩამოსული სტუმრები და მასპინძლები იდგნენ და ირხეოდნენ უზარმაზარი სურათები: ანდროპოვი, ალიევი, კუნაევი, უსტინოვი, უსტინოვიჩი, გრომიკო...სასტუმრო „ივერიის“ ოცდაორსართულიანი შენობა მთლიანად ტრაქტატის გადიდებულ სიგელშია გახვეული. ხელმარცხნივ საცხოვრებელი სახლის ფასადი, მთელი სამი სართული ლენინის მკვრივი ელექტრონული თავითაა დაფარული. ტრაქტატს ზეიმობდნენ, ტრაქტატის მონაწილე მხარეები კი არ ჩანდნენ, ისინი არ ახსოვდათ.“

რევაზ ჭეიშვილი აქ ეკატერინე მეორესა და ჩვენს სახელოვან ერეკლე მეფეს გულისხმობდა და დასძენდა: „გამოგვეტანა იმ ბედუკუღმართი მეფის პორტრეტი და თუ ცალკე არა, ამოგვედო ალიევის, კუნაევის, კაპიტონოვის და სხვათა შვიდმეტრიანი პორტრეტების ჩრდილშიო. მართლაც შთამბეჭდავი აღწერაა თეატრალიზებული სიყალბის, რითაც თბილისში საქართველოს 200-წლიანი უბედურება ზარ-ზეიმით აღნიშნეს. ისტორიული სიმართლე სრულიად სხვა რამეს ამბობდა, მაგრამ 1983 -ში ისტორიული სიმართლე აკრძალული იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწერა ივანე ჯავახიშვილმა მონოგრაფიაში „რუსეთი და საქართველო“ ეს სიტყვები: „1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებელი არაფერი მოუტანია, ზიანი კი აუარებელი.“
1983 წ. გაზეთი „კომუნისტი“.
კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის სიტყვა საზეიმო ღონისძიებაზე:
„ყველაფერი, რაც რუსი ხალხისთვისაა დამახასიათებელი, ჩვენთვის ყოველმხრივ ძვირფასი და მიმზიდველია. ეს არის მისი თავისუფლებისმოყვარეობა, სიძულვილი დამმონებლებისადმი და თანაგრძნობა დამონებულებისადმი.“
ასეთი იყო საბჭოთა კავშირი. მოსკოვიდან მართული პროპაგანდა ათწლეულების მანძილზე ჩაგვჩიჩინებდა, რომ ოკუპაცია — განთავისუფლება იყო, ტერორი, ათასების დახვრეტა, ათიათასების გადასახლება, რუსეთის ომში ასიათასების გაშვება კი — მშვიდობა, რუსეთი დამპყრობელი კი არა, „უფროსი ძმა.“
შევარდნაძე გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის ორას წლისთავს გამორჩევით ულოცავდა საბჭოთა არმიის მეომრებს: „საქართველოს მშრომელთა მოხმობით რომ მოვიდა აჯანყებულთა დასახმარებლად, რომელიც 1921 წელს აღსდგა საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად.“ასე გაიმეორა რუსულ-ბოლშევიკური დეზინფორმაცია, რასაც საბჭოთა ხელისუფლება საქართველოს ოკუპაციის პირველ წლებში აქტიურად ავრცელებდა საბჭოთა კავშირის გარეთაც: ვითომ რუსეთი კი არ დაესხა თავს დამოუკიდებელ საქართველოს, არამედ ქართველმა მშრომელებმა მოაწყვეს რევოლუცია და დაუძახეს წითელ არმიას. ეს საშინელი ტყუილი საბჭოთა პროპაგანდას მასების მეხსიერებაში სიმართლედ ჰქონდა გაფორმებული. მოგვიანებით ზვიად გამსახურდიამ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენელ საქართველოში მასებმა არ იცოდნენ, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ტვინების გამორეცხვამ ისე იმუშავა, დამპყრობლის ენას „მეგობრობის შემდუღაბებელ რუსეთის ენად“ წარმოგვიდგენდნენ სახელოვანი ქართველი მწერლები.

1983 -ის საშემოდგომო ზეიმზე, შევარდნაძის გარდა, მათაც უთხრეს „რუსეთ -საქართველოს ორმხრივ სიყვარულსა და მეგობრობაზე“ მგზნებარე სიტყვა მოსკოვიდან ჩამოსულ ხელმძღვანელებს. ესაა ჩვენი არც თუ შორეული წარსული და ალბათ ამიტომაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის მერეც, როგორც კი საზრდო მიეცა, ძველი დიდი ტყუილი გაცოცხლა.
ტყუილი იმის შესახებ, რომ რუსეთთან შეერთებამ საქართველო დაამშვიდა და გაამთლიანა, ახლიდანაა დასანგრევი.
07/24/2026