Logo

საზოგადოება

1990 წლის მოვლენა, როცა აბიტურიენტებმა და მშობლებმა, პიკეტის გზით, მიზანს მიაღწიეს

1990 წლის მოვლენა, როცა აბიტურიენტებმა და მშობლებმა, პიკეტის გზით, მიზანს მიაღწიეს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1990 წლის აგვისტოს მიწურულს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ კორპუსთან განვითარებული მოვლენები გასცდა სტუდენტური პროტესტის ჩარჩოებს და ეროვნული მასშტაბის სისტემური რღვევის კლასიკურ მანიფესტაციად იქცა. ხელისუფლებაში ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი იყო. გამსვლელი ქულების მიღმა დარჩენილმა აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა საგამოცდო კომისიას კარი გარედან აუჭედეს. ეს ყველაფერი არაა. აბიტურიენტებმა და მათმა მშობლებმა მისაღები კომისიის წევრები მძევლად აიყვანეს. დღეს თითოქოს წარმოუდგენელია, მაგრამ საქართველოში ასეთი ამბები გამოვიარეთ. სსრკ ასე ინგრეოდა.

მისაღები გამოცდების შემდეგ, უნივერსიტეტის შესასვლელთან გაიფიცნენ აბიტურიენტები, რომლებმაც გამსვლელი ქულები ვერ მოაგროვეს და სტუდენტები ვერ გახდნენ. მათ გვერდით იყვნენ მშობლებიც. ეს უცნაური ამბავი გაშუქებულია მაშინდელ პრესაში. გაფიცვაში მშობლები თურმე შვილებზე აქტიურად მონაწილეობდნენ. ისინი შვილებთან ერთად მანამდე წარმოუდგენელი რადიკალური მეთოდებით მოითხოვდნენ უნივერსიტეტში ჩაერიცხათ ყველა, ვისაც შეფასებათა მაშინდელი სისტემით ორიანი არ ჰქონდა მიღებული ანუ „ჩაჭრილი“ არ იყო. მისაღები კომისიის პარალიზებისთვის გამოიყენეს ქვები და ბარიკადები.

90-იანი წლების გაფიცვა

ეს უცნაური საპროტესტო აქცია იმდენად შემაწუხებელი იყო, მიმღები კომისია დათმობაზე წავიდა. კომისიის საგანგებო სხდომა ჩაატარეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს უნივერსიტეტში ჩაერიცხათ გამსვლელზე ცოტა დაბალი ქულების მქონეებიც. კომისიის ამ დათმობამ ვითარება ვერ განმუხტა. მოპიკეტეები ყველას ჩარიცხვას ჯიუტად მოითხოვდნენ, ადგნენ და კომისიას გარედან კარები აუჭედეს. მილიციამ ამაოდ სცადა ალყის მოხსნა, ვერაფერს გახდა. მიმღები კომისიის 2 წევრს გაპარვა და გაქცევა უცდია, უნივერიტეტის „მაღლივ კორპუსთან“ პიკეტირებაში მონაწილე აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ესენი შეუპყრიათ და უკან დაუბრუნებიათ.

90-იანი წლების გაფიცვა

საბჭოთა იმპერიის დაშლის თანმდევმა სოციალურმა ქაოსმა და ინსტიტუციურმა კოლაფსმა, საქართველოში შექმნა გარემო, სადაც პოლიტიკური და საგანმანათლებლო ინსტიტუტები ლეგიტიმურობას კარგავდნენ. 1990 წლის ზაფხულის მოვლენაც აჩვენებს, როგორ ანაცვლებდა „სამართლიანობის“ საბჭოთა გაგებას ჯგუფური ზეწოლის მექანიზმები, თანაც რადიკალური ფორმებით. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კაპიტულაციაზე წავიდა და „მშვიდობის სანაცვლოდ,“ იმ წელს ჩასარიცხთა რაოდენობას 500 ადგილი დაამატა.

90-იანი წლების გაფიცვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ წელს ყველაზე მაღალი კონკურენცია იურიდიულ ფაკულტეტზე ყოფილა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ფაკულტეტზე „კვოტები“ სწორედ იმ ჯგუფმა შეავსო, რომელმაც ცოდნის დემონსტრირების ნაცვლად, აკადემიური პროცესის პარალიზება აირჩია. ამით შეიქმნა საშიში საჯარო პრეცედენტი: სტუდენტის სტატუსის მოპოვება არა ცოდნით, არამედ ძალადობრივ აქტიურობაზე დაყრდნობით. საბჭოთა საქართველოში უკვე გამჯდარ კორუფციულ „ჩაწყობის“ სისტემას, დაემატა ახალი კომპონენტი — კოლექტიური შანტაჟი, რაც ასე ანგრევდა უნივერსიტეტის, როგორც ინტელექტუალური ნავსაყუდლის იდეას.

საინტერესოა, 1990 წელს მისაღები კომისიის წევრების დატყვევების გზით, უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩარიცხულებს შორის რამდენია დღევანდელი მოქმედი მოსამართლე? პროკურორი? ან სახელმწიფო მოხელე?

უნივერსიტეტი

ავტორი: ელენე ლომთაძე

06/18/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024