Logo

საზოგადოება

1991 წლის რაჭის მიწისძვრა - სტიქია, რომელმაც საქართველო გააერთიანა

1991 წლის რაჭის მიწისძვრა - სტიქია, რომელმაც საქართველო გააერთიანა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1991 წლის 29 აპრილს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისი მაგნიტუდა 6.9 იყო, ხოლო ეპიცენტრში ინტენსივობამ 9 ბალს მიაღწია. ყველაზე მეტად რაჭისა და იმერეთის მაღალმთიანი სოფლები დაზარალდა.

სტიქიამ 46 000-ზე მეტი შენობა დააზიანა, ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს მიაღწია. მას შემდეგ აღარ არსებობს საჩხერის რაიონის სოფელი ხახიეთი - ოცკომლიანი დასახლება მეწყერმა მთლიანად წაიღო. დაიღუპა თითქმის ყველა, ვინც იმ დროს სახლში იმყოფებოდა.

მიწისძვრა

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები მრავალ სოფელს მისწვდა. ადამიანური დანაკარგი აუნაზღაურებელი იყო, ნგრევით გამოწვეულმა ზარალმა კი იმდროინდელი შეფასებით 100 მილიონ მანეთს გადააჭარბა.

საინტერესოა გავიხსენოთ, როგორ მოქმედებდნენ ამ დიდი უბედურების დროს მთავრობა, საზოგადოება და ყველა ის ადამიანი, ვისაც დაზარალებულთა დახმარება შეეძლო. ეს ყველაფერი განსაკუთრებით რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ხდებოდა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა ახალი გამოცხადებული იყო, საბჭოთა კავშირი დაშლის პროცესში იმყოფებოდა, ხოლო კომუნისტური პარტია უკვე ოპოზიციაში იყო გადასული.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება და სტიქიური უბედურება

პირველი სამაშველო ჯგუფი, რომელიც სტიქიის ზონაში ოპერატიულად ჩავიდა, ქუთაისის სანიტარული ავიაციის თანამშრომლებისგან შედგებოდა. მათ ადგილზე შეაფასეს ვითარება, დაშავებულებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და მძიმე მდგომარეობაში მყოფები ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის მაშველთა რაზმი „სინათლე“ ასევე ჩაერთო სამაშველო სამუშაოებში. ექიმები და მაშველები შვეულმფრენებით გადაადგილდებოდნენ და დახმარებას უწევდნენ ყველაზე დაზარალებულ სოფლებს.

თბილისიდან ვერტმფრენებით სისტემატურად იგზავნებოდა მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, კარვები და სხვა აუცილებელი ნივთები. მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციოდ შეიქმნა სამთავრობო კომისია და დაზარალებულთა დახმარების ფონდი.

ზვიად გამსახურდია

უსახლკაროდ დარჩენილები საქართველოს სხვადასხვა კურორტსა და სანატორიუმში დააბინავეს.

საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია არაერთხელ ჩავიდა სტიქიის ზონაში. მან ფეხით მოიარა დანგრეული სოფლები, შეხვდა მოსახლეობას, პირადად გაესაუბრა დაზარალებულებს, დაათვალიერა მიწისძვრით დაზიანებული ისტორიული ძეგლებიც. ადგილობრივები ანუგეშა, „ნუ გეშინიათ, ყველაფერს გავაკეთებთ, დანგრეულს აგიშენებთ,“ - მიმართავდათ დაზარალებულებს.

მთავრობამ უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისთვის ხის კოტეჯების მშენებლობის პროგრამის წამოწყება გადაწყვიტა. ამ მიზნით მოლაპარაკებები გამართა ლიეტუვის რესპუბლიკასთან. შეთანხმების თანახმად, საქართველოდან ლიეტუვას მიაწოდებდნენ ხე-ტყის მასალას, ხოლო სანაცვლოდ ლიეტუვის საწარმოები საქართველოში დაახლოებით 1000 ასაწყობ ხის სახლს გამოგზავნიდნენ.

იმდროინდელი პრესის თანახმად, მძიმე განსაცდელში საქართველოს დახმარების ხელი გამოუწოდეს: აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდოვამ. ევროპის ქვეყნებიდან გამოგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება — მშრალი რძე, კონსერვები, მედიკამენტები და პირველადი საჭიროების სხვა ნივთები. აშშ-ს ჯორჯიის შტატში დაუწყიათ ფულის შეგროვება საქართველოს მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად.

მაშინდელ მიმართვაში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია აღნიშნავდა:

„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა კატასტროფის ზონაში გატარდეს მაქსიმალურად ეფექტური ღონისძიებები, როგორც საკუთარი ძალებით, ისე მსოფლიოს ქვეყნების ჰუმანიტარული დახმარების მეშვეობით. გვწამს, რომ ამ მძიმე ჟამს ქართველი ერი შეინარჩუნებს სულის სიმტკიცეს, გვერდში ამოუდგება მთავრობას და ჩვეული შეუპოვრობით დასძლევს დიდ განსაცდელს.“

ზვიად გამსახურდია

როდესაც ქვეყანა ერთიანდება

რაჭაში დაზარალებულთა დასახმარებლად სტუდენტური ჯგუფები, მოხალისეები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩავიდნენ. ტრაგედიამ ქვეყანა კიდევ ერთხელ გააერთიანა. დაღუპულთა ოჯახებზე და უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებზე ზრუნვა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების საქმე აღარ იყო — ეს ეროვნული თანადგომის გამოხატულებად იქცა. არსებული მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს რესურსების მაქსიმალური მობილიზება მოხდა დაზარალებული რაიონებისა და მოსახლეობის დასახმარებლად.

ამავე პერიოდში პრესაში აქტიურად იბეჭდებოდა წამყვანი მეცნიერების განმარტებები კავკასიაში მიმდინარე სეისმური პროცესების შესახებ. გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი ელეონორა ჯიბლაძე სტიქიით შეშინებულ საზოგადოებას უხსნიდა, რომ დიდი მიწისძვრების განმეორება დედამიწის წიაღში მიმდინარე ხანგრძლივ ციკლებს უკავშირდება.

გაზეთი

ძლიერი მიწისძვრის დროს დაგროვილი ენერგია ერთბაშად თავისუფლდება. ამის შემდეგ ქერქის რღვევის ზონები ახალ მდგომარეობაში ფიქსირდება, თუმცა ტექტონიკური ფილების მოძრაობა არ ჩერდება. დროთა განმავლობაში ქანებში კვლავ გროვდება დაძაბულობა, რომელიც საბოლოოდ ახალ რღვევასა და მიწისძვრას იწვევს. კავკასიონის ქედის ფერდობებზე 1991 წლის რაჭის მიწისძვრის მასშტაბის კატასტროფისთვის საჭირო ენერგიის ხელახლა დაგროვებას საშუალოდ დაახლოებით ათასი წელი სჭირდება.

ზვიად გამსახურდია

რაჭის 1991 წლის მიწისძვრა მხოლოდ ბუნებრივი კატასტროფა არ ყოფილა. ის იყო გამოცდა ურთულესი გარდამავალი პერიოდის საზოგადოებისთვის. ტრაგედიამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ოჯახი დააზარალა, მაგრამ საზოგადოების ერთიანობის, თანადგომისა და ურთიერთდახმარების უნარი გამოავლინა. რა სამწუხაროა, რომ ეს ერთიანობა და ურთიერთთანადგომა მაშინ ასეთი ხანმოკლე აღმოჩნდა.

მიწისძვრა

ავტორი: ელენე ლომთაძე

06/10/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024