Logo

საზოგადოება

2025 წლის სკანდალი, სიურპრიზი, ექსკლუზივი და სხვა...

2025 წლის სკანდალი, სიურპრიზი, ექსკლუზივი და სხვა...

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

2025 წელი მიიწურა... გველის წელი ცხენის წელმა შეცვალა. იყო რთული, სხვადასხვა მოვლენებითა და გამოწვევებით დახუნძლული წელი.

ინტერნეტ გამოცემების სიას ჩვენ შემოვუერთდით - ამუშავდა ვებპორტალი "ზმნა"და სამთვიანი "კარიერის" განმავლობაში, საკმაოდ დიდი აუდიტორია შემოვიკრიბეთ, დაინტერესებული მკითხველი მატარებელში ჩავისვით და ზმნებით დახუნძლული ცხოვრების ლიანდაგზე - დავიმგზავრეთ...

მოდით, გავიხსენოთ და თვალი გადავავლოთ აქ წაკითხულ, მნიშვნელოვან თუ დასამახსოვრებელ თემებსა და ამბებს...

წლის ყველაზე სევდიანი თუ რამ შეიძლება გაიხსენო, ზოია წიკლაურის წასვლაა... 112-ის მანქანაში გარდაიცვალა, ნოემბერში. წავიდა და თან გაიყოლა მინდვრის ყვავილების შლეიფი, რუსთაველის გამზირის გავლით, ღიმილითა და ფერადი "ლუქებით", სალოსური გამჭოლი მზერითა და მარტოობით.

ზოია წიკლაური

წლის ქორწილად მსოფლიო მეგა ვარსკვლავის - სოფი ლორენის ვაჟისა და მისი ქართველი რჩეულის ქართულ-იტალიური ქორწინება უნდა დასახელდეს. მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ ჯვარი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაიწერეს. იტალიელმა სიძემ ქართული ჩოხა მოიხდინა, ნათლობის სახელად გაბრიელი აირჩია - ჯვრის წერის დღე გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეს დაემთხვა; მამა გაბრიელის წმინდა ლუსკუმაც იქვეა დაბრძანებული, ჯვარიც მამა გაბრიელმა დაწერათ... ამდენად, ამ სახელის ასარჩევად, საკმარისი მიზეზი ჰქონდა. იტალიელებმა ქორწილში მშვენივრად მოილხინეს. "სუხიშვილების" დაუვიწყარი ცეკვები, გემრიელი კერძები, გულმხურვალე მასპინძლობა - სხვა რა იყო საჭირო, რომ ეს დღე დღესასწაულად ქცეულიყო... კარლოს ძალიან შევუყვარდით...

კარლო პონტი

სიურპრიზი ნოდიკო ტატიშვილმა რომ მოგვიწყო, ისეთი უნდა. მომღერლის შვილის დაბადება ყველასთვის მოულოდნელი იყო. კესანეს მამას - გამოუვიდა.

თათია ერქვანიძესთან ურთიერთობის შესახებაც, თითქმის არავინ არაფერი იცოდა. პატარა და ჭორიკანა ერის ამბავის გათვალისწინებით, მომღერალმა ჩუმად იმოქმედა. კესანე ლელა წურწუმიამ და ლაშა უჩავამ მონათლეს. ნოდიკო რომ გასაოცარი მამა იქნებოდა, ეს მას ეტყობოდა. ზის და შვილის სუნთქვას დარაჯობს, თურმე. ქალიშვილმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ნოდიკო ტატიშვილი

სასულერო პირებს შორის, წელს თუკი ვინმე გაგახსენდება, ეს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილია. მღვდელმოქმედება შეუჩერეს, თუმცა ქადაგებს სადაც უნდა და როცა უნდა. ბერობას ვერ წამართმევენო, ამბობს. სახლში 90 წლის დედა ჰყავს, მონაზონი ეფემია. დედა ეფემია ავადაა. თუმცა ის ახლა შვილზე დარდობს.

"მას ჩემ გამო ეშინია, ღელავს. მე ვუთხარი, შენ თუ შეშინებული იქნები, მე წავაგებ-მეთქი. არ მეშინია, მე ღვთისმშობელს ჩაგაბარეო, მიპასუხა" - "ზმნასთან" ჰყვება მამა დოროთე.

მამა დოროთე

24 აგვისტოს, თავის დაბადების დღეზე გაასვენეს მამუკა ჩარკვიანი. ეს ხომ ჩვეულებრივი დამთხვევა არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ან რა ხდება ცის ქვეშეთში შემთხვევით ან დამთხვევით? არც არფერი. ყველაფერი სცენარს მიჰყვება, იმ დიდი დრამატურგიის სცენარს, სამყაროს შემოქმედი რომ ქმნის.

"მე იშვიათად მინახავს ისეთი სიყვარული, რასაც მამუკას წასვლით მე ხალხში ვხედავდი. ეს წრფელი სიყვარული იყო. თვითონ იყო წრფელი და მართალი ტიპი" - თაკო ჩარკვიანის "ზმნასთვის" მიცემული ინტერვიუს ამონარიდი.

მამუკა ჩარკვიანი

წლის ბომონდური სკანდალი "ზმნამ" "გახეთქა". ციცინო შურღაიას და ია ფარულავას დაპირისპირება, პლასტიკური ქირურგის ჩვენთვის მოცემული ინტერვიუთი გახმაურდა. ორად გაყოფილ ერს, განსახილველ თემად, შურღაია-ფარულავას სკანდალი, კარგა ხანს ეყო; ნაწილი იას ამართლებდა, მეორე ნაწილი ციცინოს უჭერდა მხარს. ბინებთან დაკავშირებული დავა ახლა იმით გრძელდება, რომ ია ციცინოსგან ნაყიდ ბინას ყიდის, აქ პრინციპულად აღარ ვიცხოვრებო. ციცინო პოსტს აქვეყნებს, არასდროს იყიდოთ სახლი, სადაც ცხოველები ცხოვრობდაო. გახსოვთ, ალბათ, იასგან ნაყიდ ბინაში, კატების მიერ დატოვებულ კვალს როგორ უჩიოდა...

ციცინო შურღაია

ყველაზე პოზიტიური, რაც წელს მოხდა, თამუნა ამონაშვილის ტყუპების მოვლინებაა... იონა და მელანია პირველ სექტემბერს გაჩნდნენ. თამუნა და რეზი ისეთი ბედნიერები არიან, რომ ალბათ, ეს ნანატრი - მშობლის ამპლუა, ვერასდროს დაღლით. შვილებს თავს დასტრიალებენ.

"ძალიან მაძლიერებს ბავშვების ენერგია. ხუთი წუთი რომ დავჯდე, მიღწევაა. სულ ვტრიალებ და რუტინაში ვარ. მართლა მიკვირს, საიდან მაქვს ამდენი ენერგია. მერე ვხვდები, რომ ეს უფლის მონიჭებული დიდი ძალაა" - ბედნიერებას გვიზიარებს თამუნა.

თამუნა ამონაშვილი

ამ პრემიერაზეც უნდა ითქვას. ლეგენდარული "ვორნერ ბრაზერსის" ყურადღება, საქართველოში, სამშობიაროდან მოპარული და გაშვილებული ბავშვების კოლოსარულმა რაოდენობამ მიიპყრო. გადამღები ჯგუფი ორი წლის მანძილზე იღებდა დოკუმენტურ ფილმს. ფილმი გამომძიებელი ჟურნალისტის, თამუნა მუსერიძის (არასამთავრობო ორგანიზაცია - "ვეძებ") მიერ ჩატარებულ კვლევებსა და მის მიერ ნაპოვნ რეალურ გმირებს ეფუძნება. დოკუმენტურ ფილმს პოლონელი რეჟისორები ჰყავს - Martyna Wojciechowska და Jowita Baraniechk-ი.

"მოპარული ბავშვების" მსოფლიო პრემიერა კი HBO-ზე დეკემბერში შედგა.

დარბაზი ტიროდა და ამ ამბის მთავარ გმირს, თამუნა მუსერიძეს გამარჯვებას ულოცავდა...

მუსერიძე

"ზმნამ" იპოლიტე ხვიჩიას პირველი ქორწინების აქამდე უცნობი ისტორია გააცოცხლა.

"იმერულ ესკიზებში" ოლია მათხოვრის როლში ვინ თამაშობდა, ესეც კი არ იცოდა მაყურებელმა. აღმოჩნდა, რომ თამარა ჯობაძე, რომელიც ამ როლზე ნანა მჭედლიძემ ძლივს დაიყოლია, იპოლიტეს პირველი ცოლი იყო. წყვილის თანაცხოვრებამ შვიდ წელს გასტანა. პოპულარობის აღმართზე ამავალი ხვიჩია, იმ დროს, ქალბატონების ყურადღებით განებივრებული ყოფილა. ეს ადვილი ასატანი არ იყო ცოლისთვის.

ვისაც ეს ინტერვიუ არ წაუკითხავს, ამ ბმულზე შეუძლია გადავიდეს...

იპოლიტე ხვიჩია

წლის ბოლოს მარადისობას შეუერთდა ეპოქალური მოძღვარი, მეტეხის ტაძრის წინამძღვარი - მამა აკაკი მელიქიძე. მისი ლოცვის ძალა და მადლი ბევრმა გამოსცადა. სხვადასხვა ცხოვრებისეულ პრობლემებთან ბრძოლაში დასახმარებლად, ოთხშაბათობით, სპეციალურად ჩატარებულ კვეთებულ ლოცვებზე მიმართავდნენ. ძლიერი სასულიერო პირის კვეთებულ ლოცვას, ავი ძალისგან უხსნია ადამიანები...

მამა აკაკიმ, უკანასკნელი განსასვენებელი, მეტეხის ეზოში დაიდო... ამ ფაქტმა მრევლს ნუგეში მოჰგვარა.

მამა აკაკი

ავტორი: ზმნა

12/31/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024