სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ ნარკოდამოკიდებულების დამარცხებისათვის, ადამიანს ძლიერი ნებისყოფა და გარკვეული წესების დაცვა სჭირდება. არსებობს წესები, რომელთა დარღვევაც დაუშვებელია.
"პირველი წესი:
არავითარ შემთხვევაში არ დაიტოვო ნივთიერება, არც შენახული, არც გადანახული.
შეიძლება გეგონოს, რომ მცირე დოზის შენახვა სიმშვიდეს მოგიტანს, მაგრამ ამით მხოლოდ საკუთარ თავს უგებ ხაფანგს.
ნივთიერება შენს ნებისყოფაზე გაცილებით ძლიერი შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ არ შეინახო დოზა, მათ შორის არც მეგობართან ან სხვა ადგილზე.
გონებამ უნდა იცოდეს, რომ ნარკოტიკი არსად გეგულება და რადიკალური შეგუების რეჟიმში ჩადგეს.
მეორე წესი:
დაივიწყე ძველი კონტაქტები. აუცილებელია, რომ სრულად გაწყვიტო კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებიც ნარკოდამოკიდებულებაში რჩებიან.
ხანდახან ყველაზე რთული ნაბიჯი სწორედ ადამიანებისგან დისტანცირებაა, მაგრამ ეს აუცილებელია, რომ ნარკოდამოკიდებულების წრეს თავი დააღწიო.
მესამე წესი:
არ გაეკარო ძველ ადგილებს, არ შეხვიდე იმ სივრცეებში, სადაც მოიხმარდი. ტრიგერები მუშაობს მაშინაც კი, როცა გგონია, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ გაქვს.
მოერიდე ყველა გარემოს, ხმას, სუნს, სიტუაციას, რამაც შეიძლება უკან დაგაბრუნოს.
ყოველი ახალი დღე უნდა დაიწყო ერთი მარტივი გადაწყვეტილებით: "დღეს არ მოვიხმარ". არა მთელი ცხოვრება, არა ერთი წელი, არამედ მხოლოდ დღეს.
ყოველი ახალი დღე არის ახალი ცხოვრების დასაწყისი — ბევრად უფრო მშვიდი, თავისუფალი და საინტერესო," - გვირჩევს ნარკოლოგი.
03/16/2026