Logo

ინტერვიუ

4 წლის ვუნდერკინდის ისტორია - თეოდორე და მათემატიკა

4 წლის ვუნდერკინდის ისტორია - თეოდორე და მათემატიკა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

4 წლის ვუნდერკინდი - თეოდორე ჩოქური სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა. ბავშვი ფენომენალურ მათემატიკურ ნიჭს ავლენს და წილადები და ფესვები, წამებში გამოჰყავს. აქ დიდი როლი გენეტიკამ ითამაშა. თუმცა ოჯახის წევრებისგან გამოყოლილ მათემატიკურ ნიჭს, ხელი დედამაც "წააშველა". როგორც ვუნდერკინდის დედა, სოფიო ალელიშვილი "ზმნას" უყვება, მუცლადმყოფ ვაჟს, განათლებით ავსებდა და ავითარებდა...

დედებო, უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ თუ 4 წლის თეოდორეს ინტერესის საგანი წიგნებია და არავითარ შემთხვევაში - გაჯეტი და ტელეფონი, ეს დედის დამსახურებაა.

თეოდორე

სოფიო ალელიშვილი: სულ შვილზე ვოცნებობდი. ბიჭი განსაკუთრებით მინდოდა.

ორსულობის დროს, სამმა სხვადასხვა ექოსკოპისტმა მითხრა, ეს ბავშვი ასაკობრივ განვითარებას უსწრებსო. ვერ ვხვდებოდი, ამას როგორ იგებდნენ, მაგრამ ეს ფრაზა კარგად მახსოვს.

მგონია, რომ შვილზე ზრუნვა ორსულობის პერიოდიდან უნდა დაიწყოთ. ეს მნიშვნელოვანია.

ორსულობისას მაქსიმალურად ჯანსაღ საკვებს ვიღებდი, ფეხით დავდიოდი, ბევრს ვმეცადინეობდი. ინგლისური ენის სწავლა იმ დროს დავიწყე. წიგნებს ხმამაღლა ვკითხულობდი. დროს შემეცნებას ვუთმობდი. ფსიქოლოგიური ნაშრომების კითხვა დავიწყე. სამართალზე ვსწავლობდი. სტუდენტი ვიყავი და ბევრი მქონდა სასწავლი. სულ ხმამაღლა ვმეცადინეობდი.

ორ წლამდე ჩემზე იყო მოწებებული. არსად მიშვებდა. უჩემოდ ვერ ჩერდებოდა. ხელიდანაც კი არ ჩამოდიოდა. ამის გამო, ხელზე ფიბრომაც კი გამომივიდა.

თეოდორე

- სახელიც მასავით იშვიათი შეგირჩევიათ...

- სწორად შენიშნეთ. სახელი თეოდორე - ბერძნულად ღვთის საჩუქარს ნიშნავს. ცხრა თვე ვფიქრობდით, რა დაგვერქვა. მეუღლე პაპამისის სახელის, თედოს დარქმევას ფიქრობდა. თედო არ მომწონს და თეოდორე დავარქვათ-მეთქი, ბოლოს ვუთხარი. თანაც მამა თეოდორე გიგნაძე გვიყვარს ძალიან. ასე დაერქვა თეოდორე. მას თავისი სახელი ძალიან მოსწონს. თუ სხვანაირად დაუძახებენ ან თედოთი მიმართავენ, უსწორებს, აბა, თეოდორე გაიმეორეო.

- რა ასაკიდან შენიშნეთ, რომ განსაკუთრებულ ნიჭს ფლობდა?

- მახსოვს, ორი წლისამ, სულ ხუთიოდე სიტყვა რომ იცოდა, მაღაზიაზე დამარცვლით წაიკითხა, "დაზოგე ფასები". გავოგნდი. რაოდენ გასაოცრად არ უნდა ჟღერდეს, კითხვა თავისით ისწავლა. მე მისთვის მხოლოდ წიგნებსა და განმავითარებელ გასართობ საშუალებებს ვიძენდი. პატარაობიდან რაზეც თამაშობენ, ის უფრო აინტერესებთ. ამიტომ ფერადი და ხმოვანი წიგნები მოვუტანე. ორი წლისას წიგნი უფრო ახარებდა, ვიდრე შოკოლადი.

თეოდორე

რომ ვნახე, კითხვა და ციფრები აინტერესებს, დიდი რაოდენობით ვყიდულობდი განმავითარებელ სათამაშოებს. ხელფასის ნახევარზე მეტს ამაში ვხარჯავდი. ჩემთვის მომიკლია და სასურველი პიჯაკი არ მიყიდია და თეოდორესთვის მიყიდა განმავითარებელი სათამაშო. თანამშრომლები ხედავდნენ, როგორ მიმქონდა სახლში ნაირ-ნაირი გასართობი. მერე მე და თეოდორე ერთად ვისხედით და ვეცნობოდით ამ შემეცნებით გასართობებს. არანაირი გაჯეტი და ტელეფონი არ მიმიცია მისთვის. არც მე მიჭირავს ტელეფონი. დროს ბავშვთან ვატარებ. რაც მისთვის ვიდეოების გადაღება დავიწყე, მხოლოდ იქიდან დავიწყეთ ტელეფონთან შეხება. თორემ მანამდე არაფერს ვუყურებდით. ვთამაშობდით, ვსწავლობდით, ვერთობოდით... ყველაფერს თამაშს ვეძახით - მოდი, თეოდორე, მათემატიკა ვითამაშოთ. მოდი, სოფო, მე მასწავლებელი ვარ და უნდა გასწავლოო.

ვიდეო

- დაუჯერებელია კითხვა რომ მხოლოდ თავისით ისწავლა...

- საოცარია. ნამდვილად არ ვიცი, კითხვა როგორ ისწავლა. არასდროს შეშლია ერთმანეთში შ და წ, ძ და ხ.

რახან ბავშვი სახლიდან არ მიშვებდა, ბანკის "ქოლში" სახლიდან ვმუშაობდი. ის კომპიუტერში ციფრებს და ასოებს უყურებდა. მე რომ მომხმარებელს რიცხვებზე ვესაუბრებოდი, თეოდორე ისმენდა. პროცენტები, კვადრატული ფესვები როგორ ისწავლა, მართლა არ ვიცი.

თეოდორე

ახლახან სოფელში ვიყავით. დედაჩემი დაწყებითი კლასის პედაგოგია. ბავშვების რვეულები ჰქონდა სახლში მოტანილი. განტოლება რომ დაინახა, მოეწონა, და მთხოვა, სოფო იქსი დამიწერეო. შევუდგინე განტოლება, შეხედა, მოეწონა და დაახლოებით 13 შეადგინა თვითონ და შემდეგ ამოხსნა. შოკირებულები ვიყავით. დედაჩემი ამბობს, მეხუთე კლასში ვასწავლით ამას და 4 წლისამ როგორ გაართვა თავიო. ვფიქრობ, შემეცნებითმა, განმავითარებელმა სათამაშოებმა შეუწყო ხელი. ტელეფონი რომ მიმეცა, მასში ეს ნიჭი შეიძლება ჩახშულიყო. თან არ მინდოდა ტელეფონზე დამოკიდებული ყოფილიყო. წიგნს რომ ვკითხულობ, მოდის და მეუბნება, ხმამაღლა წაიკითხე რომ მეც გავიგონოო.

- მათემატიკის გარდა რაში ავლენს ნიჭს?

- სწავლობს გეოგრაფიას, რუკა, გლობუსი აინტერესებს. მრავალფეროვანი ინტერესი გააჩნია. ყველაფერი აინტერესებს და მარტივად სწავლობს. გადასარევი სმენა აქვს. რამდენიმე ნოტით სიმღერას ცნობს. ყველაფრის ნიჭი აქვს. ადრე ექიმობა უნდოდა. ახლა ბიზნესმენობა გადაწყვიტა. ჰარვარდში მინდა ვისწავლოო, თქვა. ყური მოკრა და მკითხა ამ უნივერსიტეტზე. მერე გადაწყვიტა, რომ იქ სწავლა უნდა.

- თანატოლებთან როგორ კონტაქტობს? ასეთი გამორჩეული ნიჭის ბავშვები, ზოგჯერ ჩაკეტილები არიან და არ უყვართ საჯაროობა, სხვებთან კომუნიკაცია...

- მე და ჩემი მეუღლე კომუნიკაბელური ადამიანები ვართ. ჩვენთან სულ სტუმრიანობაა. ალბათ, ამიტომაც თეოდორე მარტივად ამყარებს კომუნიკაციას ყველასთან. დიდი იქნება თუ პატარა, მნიშვნელობა არ აქვს, ყველასთან კონტაქტობს. ეზოში რომ დაინახავს, სამი წლის ბავშვი იქნება თუ ჩემი მეუღლის მეგობარი, ყველას ეკონტაქტება. ბავშვებსაც თეოდორეს სახელი აკერიათ პირზე. ეს ბავშვი თავისი ცოდნებით, ინტერესის ობიექტია. თან ბურთს თამაშობენ, თან ეკითხებიან: თეოდორე, აბა, ორასს მივუმატოთ ორასი, ესეც პასუხობს და თამაშს აგრძელებს.

თეოდორე

თავმდაბალი ბავშვია. ჩვენ ეკლესიურად ვცხოვრობთ. ამიტომ თავმდაბლობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მის ნიჭიერებას არ ვახვევ თავზე, გამორჩეული ხარ-მეთქი არ ვეუბნები. დილით ადგომა არ უყვარს, მაგრამ კვირაობით აქეთ მაღვიძებს, სოფო, ადექი, წირვაზე არ დაგვაგვიანდესო. ტაძარში მოწიწებით დგას ხოლმე, ჩუმად...

განსაკუთრებით უყვარს თეატრში სიარული. რახან 2 წლამდე მოწებებული მყავდა, საერთოდ ყველგან დამყავდა - ქორწილი, ნათლობა, დაბადები დღე... თავს მშვენივრად ირთობდა.

ვიდეო

- წიგნების გარდა რა უყვარს? რისი კეთება უყვარს?

- ყველაფერში გვეხმარება - სადილის მომზადებაშიც, სუფრის გაშლაში, მამამისს ონკანის შეკეთებაში ეხმარება, იარაღებს მე მოგაწოდებო. უნდა რომ ყველაფერში მიიღოს მონაწილეობა. არაფერს არ ვუშლით. ადრე სხვანაირად ზრდიდნენ შვილებს - ბავშვია რას გაიგებს, ბავშვია რა ესმის და გვაკნინებდნენ. ეს ცუდად ჩამრჩა და ამიტომ თეოდორეს აზრზს სულ ვითვალისწინებ. რას ჩაიცვამ? იქ წავიდეთ? ყველაფერს ვეკითხები და არჩევანს ვაკეთებინებ.

ყველა უყვარს გარშემო და ყველას უყვარს თეოდორე. თბილი ბავშვია.

თეოდორე

- ასეთი ნიჭის მქონე შვილი ღვთის წყალობაა...

- ღმერთის ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც კი მაქვს ცხოვრებაში. "მადლობა, უფალო, ყველაფრისთვის რაც მაქვს-მეთქი, ვამბობ და ეს თეოდორემაც ისწავლა და ხშირად ამბობს თვითონაც. "მამაო ჩვენოს" გარეშე არ დაიძინებს. ღმერთი გვაძლევს ყველაფერსო. მე რომ ასეთი ჭკვიანი ვარ, უფლის ნებააო? კი-მეთქი და უფალო მადლობა ყველაფრისთვისო, ხატებისკენ გაიხედა და ასე თქვა.

მე ცხოვრება ორ ნაწილად გავყავდი, თეოდორემდე და თეოდორეს შემდეგ. ასეთი შეგრძნება მაქვს - თითქოს მანამდე არაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში. ახლა ყოველი დღე - დღესასწაულია ჩემთვის ეს უთბილესი ბავშვი რომ მყავს. დღეში მილიონჯერ მეუბნება, რომ ვუყვარვარ, ლამაზი ვარ, ჩემო სულის წამალო, ჩემო დახატულო... შენზე მეკეტებაო...

- სოფიო, როგორც დედამ, რომელმაც მუცლადმყოფ შვილზე ზრუნვა ასე თავიდან დაიწყო, რა რჩევა შეგიძლიათ მისცეთ მშობლებს?

- მნიშვნელოვანი რჩევა ეს მექნება, თუ დიდ დროს ვერ ატარებთ შვილებთან, ერთი საათი მაინც დაუთმეთ მაქსიმალურად. ბავშვები გულწრფელები არიან და ზუსტად გრძნობენ, გულით ეთამაშები თუ ზერელედ. ინტერესი უნდა გამოხატოთ, წაახალისოთ... დიდი სითბო გამოხატეთ, ხშირად უთხარით, რომ გიყვართ. ბავშვი უფრო მოტივირებული ხდება და უფრო ვითარდება. სიყვარული უმნიშვნელოვანესია. ვაკვირდები, როცა ვეუბნები, რომ მიყვარს, უფროს სხვანაირი ხდება.

არანაირი გაჯეტი! არ მისცეთ მაგალითი, არ დაანახოთ, რომ სულ ტელეფონი გიჭირავთ. ყველაზე დიდ მაგალითს მშობლისგან ვიღებთ. წიგნით რომ მხედავდა, თეოდორეც წიგნით დაინტერესდა. ატარეთ შვილები სპექტაკლებზე. უყიდეთ განმავითარებელი სათამაშოები და წიგნები...

თეოდორე

ვიდეო

ავტორი: თამარ გონგაძე

06/16/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024