სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საზოგადოებაში (განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში) ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი თუ ის სუფთა ღვინის სახით იქნება მიღებული ჯანმრთელობისათვის საშიში არაა, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მითს უწოდებს და ამბობს, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რა სახით მივიღებთ ალკოჰოლს.
„ ალკოჰოლს რომელი სახით მივიღებთ, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი სასმელში არსებული ეთილის სპირტის რაოდენობაა.

მაგალითად, 100 მლ ღვინოში საშუალოდ 10 გრამი სპირტია, ხოლო, მაგალითად, 100 მლ ვისკიში - დაახლოებით 40 გრამი.
შესაბამისად, 400 მლ ღვინით და 100 მლ ვისკით ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობით ალკოჰოლს მივიღებთ და დამაზიანებელი გავლენაც ზუსტად ერთნაირი ექნება.
როდესაც პაციენტს ვეუბნები, რომ ალკოჰოლი არ მიიღოს, არაერთს უკითხავს გაოცებულს, ჩემი ხელით დაწურულმა სუფთა ღვინომ რა უნდა დამიშავოსო. განსაკუთრებით ხშირად ამას ჩემი თანამემამულე კახელები მეკითხებიან.

ღვინო ვისი ხელითაა დაწურული (ზოგჯერ ფეხითაც), არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მასში მაინც იგივე რაოდენობითაა სპირტი.
ცხადია, ცალკე პრობლემაა ფალსიფიცირებული სასმელები და მათი მავნებლობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამაზე არ ვლაპარაკობ, არამედ თუნდაც "სუფთა" ღვინოში არსებული ალკოჰოლის რაოდენობაზე.
ზოგიერთ ქართულ სუფრაზე მიღებული ღვინის ლიტრების რაოდენობაზე და მერე ამით ტრაბახზე საერთოდ კომენტარი ზედმეტია,” წერს ინფექციონისტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
11/27/2025