ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ლამაზი ღიმილი მხოლოდ გენეტიკის დამსახურება არ არის. ხშირად, ბავშვობაში ჩამოყალიბებული, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჩვევები, მომავალში სერიოზულ ორთოდონტიულ პრობლემებად იქცევა ხოლმე.
თუ გაინტერესებთ, რატომ უფუჭდებათ თანკბილვა პატარებს მაშინაც კი, როცა მშობლებს იდეალურად სწორი კბილები აქვთ, გაეცანით ორთოდონტი ქეთევან ბალაძის რეკომენდაციებს.
ექიმი იმ 5 ჩვევაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა დროულად შეჩერებაც აუცილებელია.

"ხშირად მშობლები გვეკითხებიან: „ჩვენს ოჯახში არავის ჰქონია მრუდე კბილები, საიდან გაუჩნდა ბავშვს?"
პასუხი ხშირად ყოველდღიურ ჩვევებშია. აი, 5 ყველაზე გავრცელებული:
1. ცერის (ან თითის) წოვა
3 წლის შემდეგ ეს ჩვევა უკვე რეალურ ზეწოლას ახდენს ზედა ყბაზე. წინა კბილები წინ იწევს და ღია თანკბილვა ყალიბდება.

2. სატყუარას ხანგრძლივი გამოყენება
2 წლის შემდეგ სატყუარა იგივე ეფექტს იძლევა, რასაც ცერის წოვა. რაც უფრო გვიან ეთხოვება ბავშვი საწოვარას, მით მეტია თანკბილვის დარღვევის რისკი.
3. პირით სუნთქვა
თუ ბავშვს მუდმივად ღია აქვს პირი (განსაკუთრებით ძილში), ენა არასწორ პოზიციაშია და ზედა ყბა ვიწროვდება. ხშირად მიზეზი ადენოიდები ან ალერგიაა. ამიტომ ზოგჯერ ლორ-ექიმთანაც გვიწევს თანამშრომლობა.

4. ენის მიბჯენა კბილებზე ყლაპვისას
ე.წ. ინფანტილური ყლაპვა. ენა ყოველ ყლაპვაზე წინა კბილებს აწვება. დღეში ~1500-2000 ყლაპვა = მუდმივი ზეწოლა კბილებზე.
5. ტუჩის კვნეტა და ფრჩხილების კვნეტა
ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა, მაგრამ ქვედა ტუჩის კვნეტა ზედა კბილებს წინ სწევს, ქვედას კი - უკან.

რა ქნას მშობელმა?
დააკვირდით ბავშვს მშვიდ მდგომარეობაში. მას პირი დახურული უნდა ჰქონდეს, სუნთქავდეს ცხვირით. თუ რომელიმე ჩვევას ამჩნევთ, რაც უფრო ადრე მოაგვარებთ პრობლემას, მით უფრო მარტივი, სწრაფი და შესაბამისად, იაფი იქნება მკურნალობა," - გვირჩევს ექიმი.
07/10/2026