სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
აქ მოგიყვებით ამბებზე, რომლებიც ფეხბურთის ისტორიაში წყევლების სახელით არის შესული და ზოგიერთ გულშემატკივარს შესაძლოა ზებუნებრივი ძალების არსებობაც დააჯეროს...
ავსტრალიის ნაკრების წყევლა 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე
ავსტრალია ზიმბაბვეს ხვდებოდა. მატჩი მოზამბიკში გაიმარტა. არავინ იცის, ვის მოუვიდა აზრად, მაგრამ, ავსტრალიელებმა თავი დაიზღვიეს და ადგილობრივ შამანს მიადგნენ, მეტოქეს ჯადო გაუკეთეო. შამანი დათანხმდა. ავსტრალიამ ის მატჩი 3:1 მოიგო. შამანმა სამუშაოს სანაცვლოდ გასამრჯელო მოითხოვა - 1000 ფუნტი, რაზეც ავსტრალიელებს უთქვამთ, ბევრიაო და არ გადაუხდიათ. ცხადია, შამანმა ახლა ავსტრალიელები დაწყევლა. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში ისრელთან, ავსტრალელებს ერთბაშად 3 ფეხბურთელი ავად გაუხდათ, დამარცხდნენ და მუნდიალს მიღმა დარჩნენ.
მას მერე ავსტრალიელებს საქმე შავად წაუვიდათ, 1974 წლიდან მოყოლებული 32 წელი ვერ ახერხებდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლად. 2004 წელს ავსტრალიელი ტელეჟურნალისტი ჯონ საფრანი მოზამბიკში გაემგზავრა იმ შამანის მოსაძებნად და ბოდიშის მოსახდელად. თუმცა ის უკვე კარგა ხნის მკვდარი დახვდა. მაგრამ ჟურნალისტი არ დაიბნა და პატიება გარდაცვლილის სულს სთხოვა. მას მერე ავსტრალია აგერ უკვე 6-ჯერ ზედიზედ გავიდა მსოფლიოზე.
ბელა გუტმანის წყევლა
ეს ყველაზე ცნობილი საფეხბურთო წყევლაა.
1962 წელს „ბენფიკას“ უნგრელმა მწვრთნელმა ბელა გუტმანმა, რომელმაც სამ სეზონში გუნდს ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა თასი, კლუბის უფროსობას ხელფასის მომატება სთხოვა. გუტმანი უარით გაისტუმრეს. მწვრთნელმა თავი დამცირებულად იგრძნო და კლუბიდან წავიდა.
ლეგენდის თანახმად, ბელა გუტმანმა წასვლისას „ბენფიკა“ დაწყევლა და თქვა, რომ მომდევნო 100 წლის განმავლობაში ლისაბონელები ვერც ერთ ევროპულ თასს ვეღარ მოიგებდნენ. მას მერე „ბენფიკა“ ხუთჯერ გავიდა ევროთასების ფინალში და ხუთივეჯერ დამარცხდა. 1990 წელს ლეგენდარული ეუსებიო ბელა გუტმანის საფლავზეც კი მივიდა და პატიება ითხოვა, მაგრამ როგორც ჩანს, გუტმანის სულს წყენა არ განელებია...
ბირმინგემის წყევლა
ლეგენდა გვამცნობს, რომ 1906 წელს, როდესაც „ბირმინგემი“ ახალ სტადიონზე, „სენტ ენდრიუსზე“ გადავიდა, იქ დაბანაკებული რუმინელ ბოშათა ბანაკი გაყარა. ამბობენ, რომ სწორედ მაშინ დაადეს ბოშებმა სტადიონს 100-წლიანი წყევლა.
კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა წყევლა, ახლა უკვე აღარავის ახსოვს, მაგრამ წლები და ათწლეულები გადიოდა, გუნდი კი ვერაფერს იგებდა და ის ძველი წყევლად გაიხსენეს.
ვიღაცეებმა წყევლას გაქარწყლებაც სცადეს. ასე მაგალითად, 80-იან წლებში მწვრთნელმა რონ სანდერსმა ფეხბურთელებს ბუცების ძირების წითლად შეღებვა სთხოვა. ამან არ გაჭრა. კიდევ ერთმა მწვრთნელმა, ბარი ფრეიმ ნაცნობი ნათელმხილველის რჩევით, მოედნის ოთხივე კუთხეში მოშარდა. ერთ ინტერვიუში ფრეიმ თქვა: ამან გაამართლა? იმ პერიოდში რამდენიმე თამაში მოვიგეთ, და ვიფიქრე, რომ წყევლა მოვიშორეთ, მაგრამ მერე საქმე ისევ ცუდად წაგვივიდა. 100-წლიან წყევლას ვადა 2006 წელს გაუვიდა. იმ სეზონში ბირმინგენი პრემიერლიგაში აღზევდა.
დერბის წყევლა
ეს ისტორია ბირმინგემელთა მსგავსია.
„ბეისბოლ გრაუნდის“ მშენებლობისას იმ ტერიტორიაზე დაბანაკებული ბოშათა ბანაკი აყარეს, რის გამოც ბოშებს ფრიად ორიგინალურად დაუწყევლიათ: კლუბი ვერასდროს მოიგებს ინგლისის თასსო. მას მერე „დერბი ქაუნთი“ 3-ჯერ გავიდა თასის ფინალში და 10-ჯერ ნახევარფინალში.
ამაოდ... წყევლის დადებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმის მერე, 1946 წელს, „დერბი“ მორიგ ჯერზე გავიდა თასის ფინალში და ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, ბოშებისთვის პატიება ეთხოვათ. იმ ბოშებს სადღა იპოვიდნენ და რომელიღაც ბანაკს მიადგნენ და წყევლის ახსნა სთხოვეს. ის ფინალი მეტისმეტად უცნაური გამოვიდა.
„დერბიმ“ „ჩარლტონს“ 85-ე წუთზე გაუტანა და თითქოს გამარჯვებაც გაინაღდა, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებლად „ჩარლტონს“ დარჩენილი წუთები მაინც ეყო.
ძირითადი დროის სულ ბოლო წუთზე უცნაური რამ მოხდა. ჯეკი სტამპსის დარტყმული ბურთი, თითქოს კარში რომ უნდა შეფრენილიყო... გასკდა.
თუმცა, მოდი, ყველაფერს ზებუნებრივ ძალებსაც ნუ დავაბრალებთ - იმ ეპოქის ბურთები პერიოდულად სკდებოდნენ ხოლმე, მაგრამ, ქომაგებმა ეს გასკდომა, ცხადია, ბოშების წყევლას დაუკავშირეს. თუმცა დამატებით დროში „დერბიმ“ ის ფინალი მაინც მოიგო და წყევლასაც ასე დააღწია თავი.
ნორვეგიელთა წყევლა
1999 წელს ნორვეგიული „ჰამერფესტი“, რომელიც ახლა მეოთხე დივიზიონში თამაშობს, მაშინ კი მესამე ლიგის გუნდი იყო, მსაჯმა დაწყევლა. წაგებული მატჩის შემდეგ, ჰამერფესტელებმა თქვს, მსაჯმა წაგვაგებინაო, რაზეც არბიტრმა ნილს მიკელ სარიმ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ამათ არ მოიხადეს. ამის მერე მსაჯმა გუნდი დაწყევლა. მეოთხე ლიგაში გავარდებითო. ამათ სასაცილოდ არ ეტყოთ, იმ მომენტისთვის გუნდი ლიდერთა შორის იყო და პირიქით, მეორე ლიგაში გადასვლისთვის იბრძოდა. დარჩენილი 18 მატჩიდან 13 წააგეს და გავარდნენ...
08/24/2026