Logo

ტაბლოიდი

"55 წლის გავხდი. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მინდა" - ინგა გრიგოლიას ინტერვიუ

"55 წლის გავხდი. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მინდა" - ინგა გრიგოლიას ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

8 მარტს ბევრი ცნობილი ქართველის დაბადების დღეა, მათ შორის - ინგა გრიგოლიას, მაია დარსმელიძის, ილიკო სუხიშვილის, გოგი გვახარიას... ყველა "პელეა" თავის საქმეში.

"ზმნამ" ერთ-ერთი იუბილარი ამოარჩია. ინგა ამბობს, რომ ახლა ყველაზე ზუსტად იცის, რა უნდა და ძალზედ კომფორტულად გრძნობ თავს ამ ასაკში.

ინგა გრიგოლია: ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ბავშვობიდან მიყვარს. რახან რვა მარტს ვარ დაბადებული, ორმაგად ვდღესასწაულობდი. მე საბჭოთა ბავშვი ვიყავი და რვა მარტს მილოცავდნენ, ამიტომ ეს დღე ყვავილებთან და თაიგულებთან იყო დაკავშირებული. თუმცა ჩემთვის 8 მარტი არა ქალთა საერთაშიროსო დღე, არამედ ჩემი დაბადები დღეა.

სამ დღესასწაულზე ვგიდები: ახალ წელზე, შობაზე და ჩემ დაბადების დღეზე...

ეს დღე მაბედნიერებს. ყველა დაბადების დღე გამორჩეულია. მერე მთელი წელი მახსოვს და მაგით ვცოცხლობ.

- ინგა, ასაკს არასდროს მალავთ.

- 55 წლის გავხდი. დიახ, არიან ადამიანები, ასაკს რომ მალავენ, მე არასდროს დამიმალავს ჩემი ასაკი. ძალიან პატარა ასაკში მეყოლა შვილი, არც ისე ღრმა ასაკში ვიყავი, როდესაც შვილიშვილი გაჩნდა და ყველაფერი კარგად დალაგდა.

და ძალიან მომწონს, ასაკიც, საინტერესო მეჩვენება, 55 სერიოზული ასაკია. ვარ გაზრდილი, ძალიან დაღვინებული, სრულიად კონტროლის ქვეშ მაქვს მთელი ჩემი ცხოვრება. თვითონ როგორც მინდა, ისე ვცხოვრობ. აბსოლუტურად დაწურული ემოციებით, გააზრებული მაქვს ყველა ნაბიჯი, რასაც ვდგამ, ყველა სიტყვა, რასაც ვამბობ.

ასეთი დაწურული ემოციებით რომ განვლილი 55 წელი მეცხოვრა, ყველაფერი მეკონტროლებინა, შეიძლება ცოტა მოსაწყენი ვყოფილიყავი.

ზოგადად, ძალიან ბობოქარი და გადარეული ცხოვრება მქონდა და მიყვარს ჩემი თავგადასავალი, რასაც ჩემი ცხოვრება ჰქვია. ჩემი ისტორიები მიყვარს...

მაგრამ ახლა მომწონს ის, რომ ზუსტად ვიცი რა მინდა, რატომ ვიღვიძებ, რატომ ვიძინებ. არაჩვეულებრივი ასაკია. ისეთი ემოციური მდგომარეობა მაქვს, რომელიც მომწონს.

მარტო ჩემი თავისთვის რომ აღარ ვცხოვრობ, ესეც კარგია. დედობრივი პასუხისმგებლობაც სულ სხვანაირია ამ ასაკშია, ბებიის ამპლუაც - შესანიშნავი.

- ასაკში პრიორიტეტები სხვაგვარად ლაგდება...

- ბოლო წლებში, ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი, ჩემი ოჯახია - შვილი, შვილიშვილი, დედა, და, დისშვილი. ზოგად კლანური ტიპი ვარ და ასაკის მატებასთან ერთად, უფრო ოჯახური ტიპი გავხდი. მზრუნველობის განცდა გაასმაგებული მაქვს. ბავშვმაც შეგვცვალა ყველაფერში.

- მოკლედ, ასაკთან კომფორტში ხართ... დასკვნები გაკეთებულია...

- ბედნიერი ქალი ვარ. ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა. გამოწვევები, რასაც ადრე პრობლემას ვეძახდი, ან სანერვიულოს ვარქმევდი, ყოფით პრობლემაზე ვდარდობდი, დღეს მსგავსი რამ საერთოდ არ მადარდებს. ეგ მასწავლა ჩემმა ცხოვრებამ. ფილოსოფიურად კი არ ვუდგები, მაგრამ ვისწავლე, რომ არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გადალახავ. თუ რაიმე ვერ უნდა გადალახო, იმაზე ნერვიულობა მართლა არ ღირს. იმაშიც დავრწმუნდი, ღმერთს თუ არ უნდა, თავიც რომ გაიგიჟო, მაინც ვერ გააკეთებ იმას, რაც გინდა. რასაც ცხოვრება მაძლევს, ბოლომდე ვირგებ. ვთვლი, რომ ბედნიერად და კარგად ვცხოვრობ - მაქვს საქმე, რომელიც არანორმალურად მიყვარს. ჩემს პროფესიულ ცხოვრებას ახლა უმძიმესი პრობლემები ახლავს, მაგრამ ეგეც ვიცი, გაივლის, გადავლახავ. ისიც ვიცი, რომ სულ აღმართი არასდროს არის, ხანდახან დაღმართია, მძიმე გამოწვევებით, მაგრამ მერე ლაგდება.

- ურთიერთობები?

- ძალიან დავწურე. სახელს მარტივად ვარქმევ ყველაფერს. ადრე მიდებ-მოდებული ვიყავი მილიონ ადამიანთან. ახლა უკვე მენანება მათთან დროის დახარჯვა, ვინც ჩემი ცხოვრებისთვის დიდად მნიშვნელოვნები არ არიან. აღარ ვიწუხებ თავს რაღაც იმიტომ გავაკეთო, რომ სხვას არ ეწყინოს. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მინდა. ეს ძალიან სასიამოვნოა.

მადლობელი ვარ ღმერთის, როგორც მაცხოვრა. ძალიან საინტერესო ცხოვრება იყო, ახლაც საინტერესოდ ვცხოვრობ. მინდა ბევრი წელი იმის შინაგანი რესურსი შემრჩეს, რომ შევიგრძნო - რას ნიშნავს ჩემი პირადი და პროფესიული ბედნიერება, რომელიც აბსოლუტურად ერთმანეთთან არის კავშირში.

ავტორი: თამარ გონგაძე

03/08/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024