Logo

6 მცენარე კიბოს წინააღმდეგ

6 მცენარე კიბოს წინააღმდეგ

09/03/2026

ტექსტის ზომა


კიბოსთან ბრძოლა რთული პროცესია, სადაც პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ხშირად ეძებენ გადარჩენის დამატებით გზებსა თუ „სასწაულმოქმედ“ საშუალებებს.

სწორედ ამ ემოციურ ფონზე იბადება მრავალი მითი, რაც ზოგჯერ პაციენტებს ტრადიციულ, სიცოცხლისთვის აუცილებელ მკურნალობაზე უარის თქმისკენ უბიძგებს.

თუმცა თანამედროვე მედიცინა და სამეცნიერო საზოგადოება აქტიურად იკვლევს ბუნებრივი ნაერთების როლს ორგანიზმის მხარდაჭერაში.

მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ გარკვეულ მცენარეულ კომპონენტებს მაგალითად, კურკუმინს, სულფორაფანსა თუ პოლიფენოლებს, მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური და დამცავი თვისებები გააჩნიათ.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან: არცერთი მცენარე ან საკვები დანამატი არ ცვლის ოფიციალურ ონკოლოგიურ მკურნალობას.

ექიმი და ჟურნალისტი მარინე ბერძენაძე იმ ექვს მცენარეულ ნაერთს ასახელებს, რომელთა თვისებებსაც მეცნიერება ყველაზე აქტიურად სწავლობს.

ექიმი განმარტავს თუ რა რეალური დამხმარე როლი შეიძლება ჰქონდეს ჯანსაღ რაციონს ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის გაძლიერებაში.

მარინე ბერძენაძე

"მეცნიერთა ყურადღება დღესდღეობით შეჩერებულია 6 მცენარეზე, როგორც დამხმარე საშუალებებზე კიბოსთან ბრძოლაში.

ეს თემა ჩემთვის ძალიან ახლობელია. ვიცი, რას გრძნობენ სიმსივნით დაავადებული ადამიანები გარკვეულ სტადიებზე, როგორ იმედით უყურებენ ხოლმე, თუ რაიმეს ყურს მოკრავენ, და მით უმეტეს კომპეტენტური ადამიანებისგან. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვუდგები ამ საკითხს, რადგან ზოგჯერ ასეთი ადამიანები ეძებენ სასწაულმოქმედ საშუალებებს და ზოგჯერ უარს ამბობენ ონკოლოგიურ მკურნალობაზე.


მე გეტყვით მხოლოდ იმ მცენარეებზე, რომელთა თვისებებზეც მეცნიერება ინტენსიურად მუშაობს, როგორც დამხმარე საშუალებებზე და არა როგორც კიბოს დამმარცხებელ საშუალებებზე.
არავინ მოგატყუოთ, რომ ერთი რომელიმე მცენარე იქნება სასწაულმოქმედი და დაგამარცხებინებთ ამ ვერაგ დაავადებას. აქტიურად მიმდინარეობს ამ 6 მცენარეზე კვლევა და კითხვაზე რომელი მცენარეული ნაერთებია ყველაზე უკეთ შესწავლილი კიბოსთან ბრძოლაში, ეს ექვსი მცენარე ლიდერობს.

  • კურკუმა
  • ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს ღივები
  • მწვანე ჩაი
  • ნიორი და ხახვი
  • რესვერატროლი (წითელი ყურძნის კანისა და წითელი კენკრის ნაერთი)
  • კენკრა

ინტენსიურად მივადევნე თვალი სამეცნიერო კვლევებს, რომელსაც აწარმოებს შვეიცარია და ინგლისი და ამ კვლევების მიხედვით მოგაწოდებთ ინფორმაციას.

კენკრა

კენკრა: ეს არის პოლიფენოლების წყარო, განსაკუთრებით მოცვი, შავი მაყვალი. ისინი მდიდარია ნაერთებით, რომლებსაც მეცნიერები სწავლობენ ორგანიზმის დამცავ სისტემებთან კავშირის გამო.

რესვერატროლი

რესვერატროლი: ეს არის წითელი ყურძნის კანისა და კენკრის ნაერთი, რომელმაც აჩვენა საინტერესო თვისებები, ანტიოქსიდანტური მოქმედება, ანთების შემცირების პოტენციალი და, ასევე, დიდი გავლენა უჯრედულ პროცესებზე.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი: მისი კატექინები ძლიერი ბიოაქტიური ნაერთებია. ნიორი და ხახვი: მათში გოგირდოვანი ნაერთები მეცნიერთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ და უჯრედების დაცვის მექანიზმებთან შესაძლო კავშირის გამო.

ბროკოლი

ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს ღივები: ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს თესლი (როგორც კი ჩაითესება და პირველი ყლორტები ამოვა, ამ ღივებზე არის საუბარი) შეიცავენ სულფორაფანს და სწორედ სულფორაფანის გამო, უჯრედების დამცავ მექანიზმებში, ანთების შემცირებასა და ორგანიზმის ბუნებრივი დაცვის გაძლიერებაში მეცნიერები ამბობენ, რომ საკმაოდ საინტერესოა.

კურკუმა

კურკუმა: კურკუმაში არსებული კურკუმინი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ შესწავლილი მცენარეული ნივთიერებაა. მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ის გავლენას ახდენს უჯრედულ პროცესებზე.

მცენარეების გარდა, მეცნიერები ინტენსიურად იკვლევენ ნაწლავის მიკრობიომს, კვების გავლენას იმუნურ სისტემაზე და იმას, თუ როგორ შეიძლება საკვებმა ხელი შეუწყოს კიბოს უჯრედების დამარცხებას. ვიმეორებ, ხელი შეუწყოს, თორემ თვითონ კიბოს უჯრედების დამარცხება არცერთ მცენარეში არ გამოვლენილა.

ზოგადად, დაიმახსოვრეთ, რომ ჯანსაღი კვება შეიძლება იყოს კიბოს პრევენციის და კიბოს დამარცხების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ არცერთი მცენარე ან დანამატი არ ცვლის ონკოლოგიურ მკურნალობას. ისინი არიან ბუნებრივი ნივთიერებები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ დამხმარე და დამცავი როლი. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება, თუ ამ მცენარეებს, რომლებიც ჩამოვთვალე, მიიღებთ თქვენს საკვებ რაციონში, მაგრამ ერთ-ერთის გამოყოფა და მასში „მესიის“ ძებნა არ იქნება მართებული," - განმარტავს ექიმი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

6 მცენარედამხმარეექიმიკიბორჩევა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026