
09/24/2026
მღვდელმა გიორგი კირიონ ჯაფარიძე-შევარდნაძემ პოდკასტში TOCAFE საკუთარი ცხოვრების უმძიმესი ეპიზოდი გაიხსენა.
მისი თქმით, 7 წლის იყო, როდესაც დედის მკვლელობის თვითმხილველი გახდა.
ტრაგედია 1993 წლის 6 თებერვალს, დედის 33-ე დაბადების დღეზე მოხდა.
სასულიერო პირი ჰყვება, რომ მომხდარზე აქამდე საჯაროდ არასოდეს უსაუბრია. ის იხსენებს იმ საღამოს დეტალებს, მომენტს, როდესაც ოთახში დაბრუნებულმა დედაზე თავდასხმა საკუთარი თვალით დაინახა და ამბობს, რომ საქმის ოფიციალური ვერსია რეალურად მომხდარს არ ასახავდა.
„დალხენილი ბავშვობა არ მქონია... 1993 წლამდე ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. როგორც ყველა ბავშვს, მიხაროდა, მწყინდა, ვიცინოდი, ვტიროდი... მაგრამ 1993 წელს ჩემს ცხოვრებაში მოხდა უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც ჩემს ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა.
1993 წლის 6 თებერვალს დედაჩემი, ციცინო შევარდნაძე, 33 წლის გახდა. იმ წელს მე 7 წლის ვიყავი. დაბადების დღის სუფრაზე დიდი ტრაგედია მოხდა. დედაჩემის ერთ-ერთმა მეგობარმა დალია, „გააპათოლოგა“ და დედაჩემი ჩემს თვალწინ კი არ მოკლეს, დაკლეს. როგორც ცხვრის დაკვლა გინახავს, ასე, პურის საჭრელი დანით, ჩემგან სამ-ოთხ მეტრში დედაჩემი დაკლეს“, - იხსენებს გიორგი კირიონ ჯაფარიძე-შევარდნაძე.
მისი მონათხრობის მიხედვით, თავდამსხმელი იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. ბავშვი ცოტა ხნით მეზობელთან გაგზავნეს კასეტის მოსატანად, თუმცა კასეტის სახელის დასაზუსტებლად სახლში დაბრუნებულმა თავდასხმის მომენტი საკუთარი თვალით დაინახა.
„მე გამიშვა მეზობელთან, თუშური სიმღერების კასეტის მოსატანად. პატარა ვიყავი და კასეტის სახელი დამავიწყდა. უკან დავბრუნდი და ოთახში შევედი - „მამუკა, რომელი კასეტა გინდა-მეთქი?“ დავინახე, მაგიდასთან ჩაჩოქილ დედაჩემს როგორ ჩაარტყა ზურგში დანა, რომელიც მკერდის მხრიდან გამოვიდა. რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, რაც ხდებოდა, მაგრამ ბავშვი ვიყავი და ვერაფერი ვერ გავაკეთე.
ეს ამბავი არ გახმაურდა, რადგან დამნაშავე შსს-ს თანამშრომელი იყო. ფული გადაიხადეს და არავის პასუხი არ უგია დედაჩემის სიკვდილისთვის. საქმე ისე შეიკერა, რომ თითქოს დედაჩემმა დაჭრა თავისი მეგობარი და მერე საკუთარ დანას წამოეგო. მაგრამ მე ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე...“ - ამბობს სასულიერო პირი.
დედის მკვლელობამ მის ცხოვრებაზე კიდევ ერთი მძიმე კვალი დატოვა. გიორგი კირიონ ჯაფარიძე-შევარდნაძე იხსენებს, რომ წლების განმავლობაში შურისძიების სურვილით ცხოვრობდა და ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო მტკიცედ ფიქრობდა მკვლელის პოვნასა და „სისხლის აღებაზე“.
„სისხლის ყივილი მქონდა, რა თქმა უნდა, თანაც ჯაფარიძე ვარ. მე ვთქვი: „დედაჩემის მკვლელი უნდა გავანადგურო, სისხლი უნდა ავიღო“. ასე ვიზრდებოდი მთელი ბავშვობა. ვეძებდი ამ პიროვნებასაც... არა მარტო იმ პიროვნებას ვეძებდი, არამედ მისი გვარისას ვეძებდი ნებისმიერს, რომ სისხლი ამეღო.
მაგრამ... აი, საოცრება, დღეს მღვდელი ვარ... ქრისტეს მღვდელი ვარ... დიდება უფალს და მადლობა უფალს. ამით, პირველ რიგში, მე გადამარჩინა ღმერთმა და მერე კიდევ ის პიროვნება გადაარჩინა. მე გადამარჩინა, რომ კაცის მკვლელი არ ვარ და ის გადაარჩინა, რომ ჩემი ხელით არ მოიკლა,"
-ამბობს მღვდელი და აღნიშნავს, რომ წლების შემდეგ უკვე სხვა განცდით უყურებს ადამიანს, რომელსაც დედის მკვლელობაში ადანაშაულებს. უფრო მეტიც, სჯერა, რომ დამნაშავე ერთ დღეს შესაძლოა სწორედ მასთან მივიდეს.
„მაგრამ მე მჯერა... იცი, რისი მჯერა? რომ ის პიროვნება დღეს თუ ხვალ ჩემთან მოვა...“ - ამბობს გიორგი-კირიონ ჯაფარიძე-შევარდნაძე.
გააზიარე სტატია