Logo

78 წლის დავით გოგია ცოლზე - ხათუნა კოტრიკაძეზე პირველად საუბრობს

78 წლის დავით გოგია ცოლზე - ხათუნა კოტრიკაძეზე პირველად საუბრობს

09/15/2026

ტექსტის ზომა

ორ წელზე მეტია, რაც ხათუნა კოტრიკაძე ჩვენს შორის აღარ არის. ბოლოს იავადმყოფა. მამის მსგავსად, მსახიობიც ყელის სიმსივნეს შეეწირა.

70-იანი წლების ქართულ კინოს განსხვავებული, ევროპული გარეგნობის ჟღალი გოგონა ალამაზებდა; თვალებში ჭინკებით, თბილ-ანცად მომღიმარი ხათუნა, „მამის მკვლელი“ ეკას და მოტაცებული თამარ ქალის სახით რომ ჩარჩა ჩვენს მეხსიერებაში. თუმცა პირველი როლი 15 წლის ასაკში ითამაშა; საინტერესო გარეგნობის მოზარდი სოსო ჩხაიძემ „მეთხუთმეტე გაზაფხულში“ გადაიღო.

ხათუნა კოტრიკაძეხათუნა კოტრიკაძე

მისი თაობის ახალგაზრდების მომხიბვლელი კუმირი, ორიოდ ფილმის შემდეგ, მოულოდნელად ეკრანიდან გაუჩინარდა. ხათუნა კოტრიკაძე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელის, მეკარე დავით გოგიას მეუღლე გახდა. მაშინ 17 წლის იყო, უკვე უზომოდ პოპულარული. ქუჩაში მისი გამოჩენა დიდ ყურადღებას იქცევდა და როგორც ამბობენ, ეს ქმარს არ სიამოვნებდა.

თბილისში ბევრ რამეს ამბობდნენ, კინოს და ამომავალი ვარსკვლავის კარიერას, ეს ნიჭიერი გოგო ქმარმა ჩამოაშორაო.

ხათუნა კოტრიკაძე

მოგვიანებით სიდედრი სიძის მისამართით პრესასთან იტყვის, რომ ხათუნას კინოზე ქმარმა ათქმევინა უარი და რომ პოპულარული ცოლის მიმართ გამოჩენილი საზოგადოების ყურადღება, გოგიას არ სიამოვნებდა...

ხათუნა პროფესიით ბიოლოგი იყო, ცხოველებს ოპერაციასაც უკეთებდა, თუმცა არც სამედიცინო სფეროში დარჩენილა...

მოკლედ, ხათუნა აღარსად გამოჩენილა, არც ეკრანზე, არც ბომონდურ შეკრებებზე. თუმცა ძალზე პოპულარული მსახიობი მაყურებელს მუდმივად ახსოვდა და მისით ინტერესდებოდა. პრესის ინტერვიუებზე უარს ამბობდა, ვერც ტელე შოუების პროდიუსერებმა დაიყოლიეს ეკრანზე გამოსაჩენად, ცივი უარით ისტუმრებდა ყველას...

ხათუნა კოტრიკაძე

„ასეთი საფერებელი და გასანებივრებელი ქალი, უბრალო დიასახლისად არ უნდა ქცეულიყოო“ - ფეისბუქზე, ხათუნას ფოტოს ქვეშ დააკომენტარა ვიღაცამ. ასეა... მას კიდევ უნდა გაებრწყინა, „ასაკშიც“ და თანაც, არა ერთხელ...

ადრეც წავიდა, 68 წლის ასაკში...

ახლახან დავით გოგიამ სარბიელის პოდკატს ინტერვიუ მისცა. ვეტერანი ფეხბურთელი ჰყვება, რომ შექმნილი მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ხათუნას მსახიობობა დაუშალა და მთელი ცხოვრება სახლში გამოკეტა, სიცრუეა. როგორც 78 წლის გოგია ჰყვება, ხათუნა არავის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა, მით უფრო, მეუღლის და რომ მან თავად გადაწყვიტა ასე ეცხოვრა, იზოლირებულად, საჯაროობისგან შორს, მხოლოდ ოჯახურ გარემოში.

ხათუნა კოტრიკაძე

მაშ ასე, ვეტერანი ფეხბურთელი, თავის მეუღლეზე - ხათუნა კოტრიკაძეზე საჯაროდ პირველად საუბრობს.

დავით გოგია: მეუღლის დაღუპვის შემდეგ სულ სახლში ვარ, არსად გავდივარ. თანაც ფეხებზე ნაოპერაციები ვარ, ხერხემალი დაზიანებული მაქვს. ვცდილობ, არ გამოვიდე. მხოლოდ ინტერნეტი, ტელევიზორი, ფეხბურთების ყურება...

არ გამოვდივარ არც ტელევიზიით, არც ინტერვიუების მიცემა მიყვარს. მეუღლეც ასეთი მყავდა, არ უყვარდა მედიით გამოჩენა.

დავით გოგია

17 წლის იყო "მხიარულ რომანში" გადაღების დროს და მერე მე გამომყვა ცოლად. თავისი ნებით დაამთავრა სასწავლებელი.

ბევრი ლაპარაკობს, რომ მე ვიყავი მისი მსახიობობის წინააღმდეგი. არავითარ შემთხვევაში. ჰოროსკოპით ლომი იყო, დედით გურული. არავის, არც დედის არც მამის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა და ჩემს გავლენის ქვეშ როგორ მოექცეოდა? მას არ უნდოდა. საჯაროობა არ უყვარდა. მოდიოდნენ კორესპონდენტები, მაგრამ არ უყვარდა ინტერვიუები.

"მხიარული რომანის" დახურულ ჩვენებაზე, კინოსტუდიაში, მივედით მე, დედამისი, მამამისი და ხათუნა. იმის მერე მას არც დიდ ეკრანზე არც ტელევიზით აღარ უნახავს თავისი ფილმები.

ხათუნა კოტრიკაძე

კაცი ვერ ინატრებს, იმდენი დადებითი თვისება ჰქონდა.

ჩემი ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ ვარ ჯიუტიო, ამბობდა. დაბადებული იყო ოჯახისთვის. როგორ დაესუფთავებინა, საჭმელები მოემზადებინა, მოევლო შვილისთვის, შემდეგ - შვილიშვილებისთვის.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- გორში რომ წავედი სათამაშოდ, იქ მწვრთნელს, ალიოშა კოტრიკაძეს (ხათუნას მამას) საზაფხულო არდადეგებზე დაჰყავდა თავისი ბავშვები. ხათუნა 11 წლის იყო, მისი ძმა 9 წლის. 1967 წელს ასე გავიცანი პატარა გოგო. შემდეგ 1972 წელს თბილისში გადმომიყვანეს, ერთი წლის შემდეგ თბილისის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად ალიაოშა მოიყვანეს.

იმ დროს ახალი გამოყვანილი მყავდა ჟიგული 02, ფურგონიანი. მანქანის ტარებას ვერ მასწავლიო, ხათუნამ მთხოვა. ორთაჭალაში ცხოვრობდნენ, ბაგრატიონის ძეგლის წინ, გორგასლის 39 ნომერში. მივაკითხავდი, ხათუნა ჩამოვიდოდა, დავსვამდი საჭესთან და ტარებას ვასწავლიდი. აზრად არასდროს მომსვლია ბავშვისთვის სხვანაირი თვალით შემეხადა, თანაც ჩემი მთავარი მწვრთნელის გოგოსთვის, გინდა მომწონებოდა. არა, ვარიანტი არ იყო! მაგრამ ასე მანქანის ტარებაში და ლაპარაკში ერთმანეთი შეგვიყვარდა და 1973 წელს ცოლად მოვიყვანე.

ხათუნა კოტრიკაძე

მოდელებს რომ ვუყურებ, ზოგს სახე აქვს ანგელოზივით, მაგრამ ფეხები არ უვარგა, ზოგს პირიქით. ზოგს მკერდი არ აქვს და ა.შ... ხათუნას არაფერი აკლდა. ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჰქონდა.

ქსოვა ისწავლა იდეალურად. პროფესიონალი ბრიტანელი მქოველის ნაქსოვს (700 ფუნტი რომ ღირდა) ადარებდა, შეადარე ერთნაირი თუ არა არის ჩვენი ნაქსოვებიო.

1991 წელს, რუსები რომ ტოვებდნენ საქართველოს, სუფრასთან ერთ რუს გენერალს შევხვდი, ექვსი ჰოლანდიური ძროხა მყავს, აქედან სამი მაკეა და ვინმეს ხომ არ უნდა, მივყიდოო. მოვედი სახლში ნაქეიფარი და ხათუნას ვუთხარი ეს ამბავი. მიყიდეო, მითხრა მაშინვე. მამაჩემს ბაგას ავაშენებინებ და იქ შევიყვანოთო. ასე წამოვიყვანე ექვსი ძროხა. პირველმა რომ მოიგო ხბო, დიღომში, მეზობლად მცხოვრებმა ხნიერმა ქალებმა, ხათუნას მოწველა ასწავლეს. ორჯერ მოწველა და ხელები გაუშეშდა. სამტრედიაში დავიბადე და 17 წლამდე იქ ვცხოვრობდი, მაგრამ ძროხა არ გვყოლია. არც მე ვიცოდი მოვლა. დამხმარე ავიყვანეთ. 80 ლიტრას იწველიდა ძროხები. ხათუნა აკეთებდა ხაჭოს, კარაქს, ნადუღს, არაჟანს, მაწონს... და იმ არეულ დროში ახლობლებში ვარიგებდით.

ბოსელში რომ შევიდოდა, ყველა ძროხა ეფერებოდა, თავებს უსვამდნენ.

წავედი თურქეთში, ელექტრო საწველი აპარატის საყიდლად. სტამბულში ძლივს ვიშოვე. ჩამოვიტანე, მაგრამ აქ 1991 წელია, შუქი არ გვაქვს! ავდექი და ამ ელექტრო აპარატისთვის გენერატორიც ვიყიდე.

ჰყავდა ქათმები, განსაკუთრებული ჯიშის, ფეხბუმბულა ქათმები. ინდაურის კვერცხისხელა კვერცხებს დებდნენ. სიმინდს რომ გამოუტანდა, კალთაში უფრინდებოდნენ. კატები გვყავდა. ბოსტანში თავისი ხელით მოყვანილი - მწვანილი, პიტნა, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, მარწყვი, რა არ ჰქონდა. ბევრი ხეხილი.

დავით გოგია

ინტერვიუ სრულად - სარბიელის პოდკასტი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026