Logo

სპორტი

8 გამორჩეული ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიიდან

8 გამორჩეული ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიიდან

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი ყოველთვის არ არის ხოლმე სანახაობრივი. შეცდომის ფასი მეტისმეტად მაღალია და შესაბამისად, გუნდები ფრთხილობენ და გულშემატკივარსაც მხოლოდ ნერვიულობის ამარა ტოვებენ. მაგრამ ისტორიას არა ერთი ისეთი ფინალიც ახსოვს, რომელთა გახსენებაც მუდმივად გვინდება...

1930. ურუგვაი 4:2 არგენტინა

პირველი ფინალი ტონის მიმცემი აღმოჩნდა შემდეგი ტურნირებისთვის. ურუგვაი და არგენტინა უდავოდ საუკეთესოები იყვნენ იმ დროის მსოფლიოში. ურუგვაელებმა იქამდე ზედიზედ ორჯერ მოიგეს ოლიმპიადა. არგენტინელებმა კი, ასევე ზედიზედ ორჯერ - კოპა ამერიკა. ოფიციალური ოქმით, ფინალს 68 ათასი მაყურებელი დაესწო. თუმცვა ამბობენ, სულ მცირე 90 ათასი ადამიანი იჯდა ტრიბუნებზეო. მატცს სკანდალიც უძღოდა. გუნდები ვერაფრით შეთანხმდნენ, რომელი ბურთით ჩაეტარებინათ ფინალი. ბოლოს კომპრომისზე შეთამხმდნენ: ერთი ტაიმი არგენტინელების ბურთით ითამაშეს, მეორე - ურუგვეალების. მატჩის ბოლო წუთები, როდესაც უკვე ცხადი იყო, ვინც გახდებოდა მსოფლიოს პირველი ჩემპიონი, წინასწარ ზეიმად იქცა, საფინალო სასტვენის მერე კი ურუგვაელებმა მოედანს საპატიო წრე შემოურბინეს.

1954. გერმანია 3:2 უნგრეთი

უნგრეთის ნაკრები იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო გუნდად ითვლებოდა. უნგრელებს მთელი 4 წლის განმავლობაში ერთი თამაშიც კი არ ჰქონდათ წაგებული. მათ შორის, თვით ინგლისიც გაანადგურეს „უემბლიზე“ ლეგენდარულ მატჩში, რომელიც 6:3 მოიგეს. გერმანიის ნაკრებს კი ზურგს ფაქტობრივად არაფერი უმაგრებდა. რადენიმე ამხანაგური მატჩი და და მოკლე საკვალიფიკაციო ეტაპი. ეს იყო დასავლეთ გერმანელების მთელი გამოცდილება. გერმანია და უნგრეთი ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ ერთმანეთს და უნგრელებმა მუშებისგან დაკომპლექტებულ ბუნდესნაკრებს გადაურა - 8:3. ფინალში უნგრელები უკვე მე-8 წუთზე 2 ბურთით იგებდნენ, მაგრამ სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად ის, რასაც შემდგომში გულშემატკივარი გერმანულ სულს უწოდებს.

1966. ინგლისი 4:2 გერმანია

ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ფეხბურთის სამშობლოში გაიმართა და ერთადერთი, რომელიც ინგლისმა მოიგო. 99 ათასი გულშემატკივარი უემბლიზე და 32 მილიონი ტელემაყურებელი მხოლოდ ინგლისში.

1966

ეს მატჩი დღემდე, 60 წლის მერეც, ყველაზე ყურებადი ტელეგადაცემაა ინგლისური ტელევიზიის ისტორიაში. მთავარი ამბავი დამატებით დროში მოხდა, როდესაც ჯეფრი ჰერსტმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ასხლეტილი ბურთი კი... დღემდე კამათობენ, კარის ხაზს მიღმა დაეცა თუ ხაზს გარეთ. აზერბაიჯანელმა თანამსაჯმა ტოფიკ ბახრამოვმა ისეთი დარწუნებით დაუქნია თავი მთავარ არბიტრს, რომ მანაც გოლი ჩათვალა და კამათი უკვე ვეღარაფერს შეცვლის. ჯეფრი ჰერსტი კი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჰეთ თრიკი შეასრულა.

1978. არგენტინა 3:1 ნიდერლანდები

ტრიბუნები ქუხდა, მოედანზე ფერად ლენტების ისროდნენ, დაწინაურებული არგენტინა ისტორიაში პირველი ტიტულის საზეიმოდ ემზადებოდა, მაგრამ ნიდერლანდებმა, რომელსაც იოჰან კრუიფი არ ჰყავდა, 82-ე წუთზე გაათანაბრა. ეს სრულაიდ არგენტინისთვის შოკი იყო. ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი რობ რენსენბრინკი ბურთს ძელს არტყამს... არავინ იცის, რა მოხდებოდა, ის დარტყმა რომ გასულიყო, რამხელა ტრაგედიად აღიქვამდა არგენტინა იმ მატჩს, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა, დამატებით დროში კი არგენტინამ კიდევ ორი გაიტანა და პირველი ჩემპიონობა მოიპოვა. ნიდერლანდებისთვის კი ეს ზედიზედ მეორე წაგებული ფინალი იყო.

1986. არგენტინა 3:2 გერმანია

ეს მარადონას ჩემპიონატი იყო. ეს მან გაუტანა ორო გოლი ინგლისს, მან გაანადგურა ნახევარფინალში ბელგია და ფაქტობრივად მარტომ გაიყვანა არგენტინა ფინალში.

1986

გერმანელებს ეს მშვენივრად ესმოდათ და ამიტომაც ლოთარ მათეუსმა პერსონალურად ჩაიბარა დიეგოს მეურვეობა. მაგრამ დიეგოს საქმე მისმა თანაგუნდელებმა გააგრძელეს და ბრაუნის და ვალდანოს გოლებით დაწინაურდნენ. გერმანელემა ერთხელ უკვე შეძლეს ფინალში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და ახლაც იგივე გააკეთეს: ჯერ რუმენიგემ შეამცირა სხვაობა, 81-ე წუთზე კი რუდი ფიოლერმა გაათანაბრა. და როდესაც ბედის ბორბალი გერმანიისკან დატრიალდა, მარადონას გენიამ სწორდ მაშინ იფეთქა. სწორედ მან გაუკეთა იდეალური პასი ბურუჩაგას, რომელსაც ისღა დარჩენოდა, არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გაეხადა.

2006. იტალია 1:1 (5:3პ) საფრანგეთი

მატჩის დაწყებამდე უკვე გაცხადებული იყო, რომ ზინედინ ზინანი ამ ფინალით კარიერას ასრულებდა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, ასე რომ წავიდოდა?! უკვე მე-7 წუთზე ზიდანმა „პანენკა“ დაარტყა. ბურთი ხარიხას მოხვდა, ხაზს მიღმა ჩაეშვა და უკან გადმოვარდა. ეს უაღრესად სარისკო დარტყმა იყო, მაგრამ ზიდანს შეეძლო თავისთვის ამის უფლება მიეცა. მატერაციმ მალევე გაათანაბრა, თუმცა როგორც გაირკვა, ზიდანს და მატერაცის თურმე ყველაფერი წინ ჰქონდათ. იტალიელმა ზიდანს შეურაცხყოფა მიაყენა, ზიდანმა მკერდში თავის ჩარტყმით უპასუხა, წითელი ბარათი მიიღო, თასს ჩაუარა და გვირაბში გაუჩინარდა. პენალტების სერიაში თავისი დარტყმა დავიდ ტრეზეგემ გააფუჭა.


2010. ნიდერლანდები 0:1 ესპანეთი

ნიდერლანდები და ესპანეთი ყოველთვის ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ეს დაპირისპირება სხვანაირი იყო. ნიდერლანდებს აქამდე ორი ფინალი ჰქონდა წაგებული, ესპანეთი ფინალში პირველად გავიდა, თამაში კი რიგ მომენტებში უბრალოდ ბინძური იყო.

2010

არბიტრმა ჰოვარდ ვებმა ფეხბურთელებს 14 ყვითელი ბარათი ამოუღო, მატჩის სიმბოლოდ კი ალბათ ის ეპოზოდი იქცა, როდესაც ნაიჯელ დე იონგმა ხაბი ალონსოს გაშლილი ფეხი ჩასცხო მკერდში და რაღაც ჯადოქრობით აიცილა გაძევება. ერთადერთი გოლი კი იმ დროს გავიდა, როცა ალბათ, ყველანი პენალტების სერიისთვის ვემზადებოდით. ინიესტას გოლმა ნიდერლანდელები მესამედ აქცია დამარცხებულ ფინალისტად, ესპანეთს კი პირველი ტიტული მოუტანა.

2022. არგენტინა 3:3 (4:2პ) საფრანგეთი

მილიონობით ადამიანისთვის ეს ყველა დროის საუკეთესო ფინალია და საერთოდაც: ყველა დროს საუკეთესო საფეხბურთო დაპირისპირება. ფინალის მთავარი პერსონაჟი, ცხადია, ლიონელ მესი იყო.

2022

იმ დროს ის იყო ლეგენდა, რომელსაც უზარმაზარ კოლექციაში მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს თასიღა აკლდა. 79-ე წუთისთვის ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მესის ჩემპიონობისითის ვერაფერს უნდა შეეშალა ხელი. მაგრამ დარჩენილ წუთებში ყველაფერი აირია. კილიან მბაპემ ორწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. არგენტინა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. დამატებით დროში მესიმ ისევ გაიტანა, მბაპემ ისევ უპასუხა. შემდეგ კი ფინალის ყველაზე დრამატული მომენტის დრო მოვიდა: 120+3 წუთზე ემილიანო მატრინესმა მასთან პირისპირ გასულ კოლო მუანის საოცარი ბურთი აუღო. პენალტებში არგენტინამ გაიმარჯვა.

ავტორი: გიორგი დარჯანია

07/16/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024