სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კარგი ფილმის ან სერიალის შერჩევა, მარტივი საქმე არ გახლავთ. სანამ გადავწყვეტთ, რას ვუყუროთ, ზოგჯერ უფრო მეტი დრო გადის, ვიდრე ერთი სერიის ნახვას დასჭირდებოდა.
დღეისათვის კინომოყვარულებში განსაკუთრებული პოპულარობით მინი-სერიალები და დასრულებული მოკლე პროექტები სარგებლობს. ასეთ ფილმებში ისტორია რამდენიმე ეპიზოდში ვითარდება, ფინალამდე მისასვლელად სეზონების ლოდინი არ გვჭირდება და კარგად მოყოლილი ამბავი ზედმეტი გაგრძელებებითაც არ იწელება.
ონლაინ გამოცემა Collider-მა, Netflix-ის რვა ასეთი პროექტი შეარჩია, რომელთა ნახვაც დროის უქმად დაკარგვა არ იქნება. გამოცემის შეფასებით, რვავე პროექტი ხარისხს პირველი ეპიზოდიდან ბოლო წუთამდე ინარჩუნებს.
ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ შეხვდებით ფსიქოლოგიურ დრამას, კრიმინალურ ისტორიას, სამეცნიერო ფანტასტიკას, გოთიკურ ჰორორსა და ბრიტანულ სატირას.
1. „მოზარდობა“ (Adolescence)

თუ მხოლოდ ერთი სერიალის არჩევა გსურთ, Adolescence ალბათ ყველაზე აქტუალური ვარიანტია. ოთხნაწილიანი ბრიტანული დრამა 13 წლის ჯეიმი მილერის ისტორიას გვიყვება, რომელსაც თანაკლასელი გოგონას მკვლელობაში ადანაშაულებენ. დანაშაულის გამოძიებასთან ერთად სერიალი უფრო რთულ კითხვებს სვამს. რა ხდება მოზარდების ცხოვრებაში მაშინ, როდესაც მშობლებისთვის მათი ონლაინსამყარო თითქმის უხილავია და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ინტერნეტში გავრცელებულმა აგრესიამ და მავნე იდეოლოგიებმა.
Adolescence-ის განსაკუთრებული მხარე მისი გადაღების ფორმაცაა: ოთხივე ეპიზოდი ერთი უწყვეტი კადრის პრინციპითაა შექმნილი. ამის გამო მაყურებელს თითქმის არ ეძლევა ემოციური დისტანციის აღების შესაძლებლობა. ის მოვლენებს პერსონაჟებთან ერთად, რეალურ დროში მიჰყვება. სერიალმა 2025 წლის Emmy-ზე რვა ჯილდო მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო მინი ანთოლოგიური სერიალის კატეგორიაში.
2. "ძმები სანები" (The Brothers Sun)

კრიმინალური დრამა, საბრძოლო სცენები, შავი იუმორი და ოჯახური ურთიერთობები ერთ ისტორიაში. The Brothers Sun სწორედ ამ კომბინაციას გვთავაზობს. ამბავი ტაივანურ-ამერიკული ოჯახის გარშემო ვითარდება. როდესაც კრიმინალური სამყაროს გავლენიანი ოჯახის უფროსს თავს ესხმიან, მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი ტაიპეიდან ლოს-ანჯელესში მიემგზავრება, რათა დედა და უმცროსი ძმა დაიცვას. პრობლემა ის არის, რომ უმცროსმა ძმამ ოჯახის ნამდვილ საქმიანობაზე თითქმის არაფერი იცის. ერთ-ერთ მთავარ როლს სერიალში ოსკაროსან მიშელ იეოს თამაშობს. სერიალი კრიმინალურ სამყაროზე მხოლოდ სანახაობრივი ისტორია არ არის. მის ცენტრში ოჯახი, შვილებზე მშობლების გავლენა და საკუთარი ცხოვრების არჩევის სურვილია.
3. „აშერების სახლის დაცემა“ (The Fall of the House of Usher)

ედგარ ალან პოს მოყვარულებისთვის ეს სერიალი განსაკუთრებული აღმოჩენაა. რეჟისორმა მაიკ ფლენეგანმა პოს ცნობილი მოთხრობის სახელწოდება აიღო, თუმცა სერიალში მწერლის არაერთი ნაწარმოების, პერსონაჟისა და მოტივის თანამედროვე ინტერპრეტაცია გააერთიანა.
ისტორიის ცენტრში როდერიკ და მედლინ აშერები არიან - და-ძმა, რომლებმაც ფარმაცევტული იმპერია შექმნეს და უზარმაზარი ძალაუფლება მოიპოვეს. ყველაფერი იცვლება, როდესაც მათი მემკვიდრეები ერთმანეთის მიყოლებით, იდუმალ და სასტიკ გარემოებებში იღუპებიან.
4."კლარკი" (Clark)

რამდენიმე ეპიზოდში მოთხრობილი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კრიმინალური ბიოგრაფია Clark შვედი დამნაშავის, კლარკ ოლოფსონის ცხოვრებაზეა დაფუძნებული.
ოლოფსონი 1970-იან წლებში შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრიმინალად იქცა. მის სახელს უკავშირდება 1973 წლის სტოკჰოლმის ბანკის გახმაურებული ძარცვაც, რომლის შემდეგაც პოპულარული გახდა ტერმინი „სტოკჰოლმის სინდრომი“.
მთავარ როლს ბილ სკარსგარდი ასრულებს და სერიალის მთავარი ღირსებაც სწორედ ისაა, რომ გმირის ქარიზმით მაყურებელს განზრახ აცდუნებს, შემდეგ კი გვახსენებს, რამდენად საშიში შეიძლება იყოს კრიმინალის რომანტიზება.
5. „ქანქი დედამიწაზე“ (Cunk on Earth)

ამ ჩამონათვალში ყველაზე უჩვეულო არჩევანი Cunk on Earth არის. ესაა ფსევდოდოკუმენტური კომედია მათთვის, ვისაც მშრალი ბრიტანული იუმორი უყვარს.
დაიან მორგანი გამოგონილ ტელეწამყვანს, ფილომენა ქანქს განასახიერებს, რომელიც კაცობრიობის ისტორიას გვაცნობს პრეისტორიული პერიოდიდან თანამედროვე სამყარომდე.
ის ნამდვილ ისტორიკოსებს, მეცნიერებსა და ექსპერტებს სრულიად აბსურდულ კითხვებს უსვამს, ისინი კი მაქსიმალური სერიოზულობით ცდილობენ პასუხის გაცემას.
შედეგად ვიღებთ ხუთეპიზოდიან სერიალს, რომელიც ისტორიულ დოკუმენტურ ფილმს ჰგავს, სინამდვილეში კი ისტორიის, ტელევიზიისა და ზოგჯერ თვით კაცობრიობის ძალიან ჭკვიანური პაროდიაა.
6. „ბლაი მანორის მოჩვენებები“ (The Haunting of Bly Manor)

ერთი შეხედვით ეს მოჩვენებებზე გადაღებული კლასიკური საშინელებათა ისტორიაა, თუმცა The Haunting of Bly Manor თანდათან სიყვარულის, დანაკარგის, მეხსიერებისა და გლოვის შესახებ გაცილებით ემოციურ დრამად იქცევა.
ახალგაზრდა ამერიკელი დანი კლეიტონი ინგლისის ძველ მამულში ორ დაობლებულ ბავშვთან ძიძად იწყებს მუშაობას. მალე ირკვევა, რომ სახლში წარსული მხოლოდ მოგონებების სახით არ ბრუნდება.
7. "გვამები" (Bodies)

ერთი გვამი. ერთი და იგივე ადგილი. ოთხი განსხვავებული ეპოქა. Bodies-ის დასაწყისი სწორედ ასეთ თავსატეხს გვთავაზობს: ლონდონის ერთსა და იმავე ქუჩაზე ერთი და იგივე უცნობი მამაკაცის ცხედარს ოთხი დეტექტივი პოულობს — 1890, 1941, 2023 და 2053 წლებში.
თავიდან ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გამოძიებები ნელ-ნელა ერთ დიდ ისტორიად ერთიანდება და მკვლელობის საიდუმლო შეთქმულებამდე მიდის, რომელსაც შესაძლოა არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ მთელი ქალაქის მომავალი შეცვალოს. სერიალი ერთდროულად დეტექტივი, სამეცნიერო ფანტასტიკა, ისტორიული დრამა და თრილერია.
8. "რიპლი" (Ripley)

"რიპლი" ამ რვა სერიალს შორის ვიზუალურად ალბათ ყველაზე გამორჩეულია.
პატრიცია ჰაისმითის 1955 წლის რომანის "ნიჭიერი მისტერ რიპლის" ახალი ეკრანიზაცია მთლიანად შავ-თეთრ გამოსახულებაშია გადაღებული და 1960-იანი წლების იტალიაში ვითარდება.
ენდრიუ სკოტის ტომ რიპლი წვრილმანი თაღლითია, რომელსაც მდიდარი ამერიკელი იტალიაში აგზავნის, რომ მისი ვაჟი სახლში დააბრუნოს.
თუმცა როდესაც რიპლი შეძლებული ახალგაზრდის ცხოვრებას ახლოდან ხედავს, სხვისი სამყაროსადმი ინტერესი თანდათან შურად, აკვიატებად და საკუთარი იდენტობის შეცვლის სურვილად გარდაიქმნება.
სტივენ ზეილიანის რვაეპიზოდიანი სერიალი ჩქარ ტემპზე არ არის აგებული. ის მაყურებელს ნელა ითრევს რიპლის სამყაროში, სადაც სილამაზე, სიცრუე და დანაშაული ერთმანეთისგან სულ უფრო ძნელად გასარჩევი ხდება.
08/31/2026