სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ადამიანის ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას ცილებსა და კალციუმზე, სულ ცხრა სუფრის კოვზი ხაჭო აკმაყოფილებს.
ხაჭო აუცილებლად უნდა შედიოდეს მოზრდილი ჯანმრთელი ადამიანის კვებით რაციონში, თუმცა ხაჭოს დიდი რაოდენობით მიღება, სასურველი არ არის.
ხაჭო ძლიერ კონცენტრირებული პროდუქტია და კვირაში 2-3-ჯერზე მეტად მისი მიღება არ არის სასურველი.
ის მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ, რაც მთავარია, არა უმეტეს 2-3 დღისა.
ხაჭო სრულყოფილ, დიეტურ, შედარებით რბილ პროდუქტად არის მიჩნეული. გარდა შესანიშნავი გემოსი, ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფთორსა და სხვა მინერალებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე B2, B6, B12, PP, E ვიტამინები, A პროვიტამინი და ფოლიუმის მჟავა.
მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ამინომჟავების განსაკუთრებული კომბინაციის წყალობით ხაჭო მეტად ღირებული კომპონენტია როგორც ჯანმრთელი ადამიანების რაციონისა, ასევე სამკურნალო დიეტებისაც. კალციუმისა და ამინომჟავების უხვი შემცველობის გამო ხაჭო ფასდაუდებელია ტუბერკულოზური დაავადების, რაქიტის, ძვლების მოტეხილობისა და სისხლის პათოლოგიების დროს. ის ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, ამიტომ რეკომენდებულია ჰიპერტონიული, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების დროსაც.

ხაჭოში შემავალი ცილები და ცხიმები ადვილად ასათვისებელია. ცილა ხაჭოში ბევრად მეტია, ვიდრე რძის სხვა პროდუქტებში. ხაჭოს ცილა სრულფასოვან ცილას წარმოადგენს, რადგან მასში შედის ყველა შეუცვლელი ამინომჟავა, მათ შორის - ყველაზე დეფიციტური ამინომჟავები - მეთიონინი და ტრიპტოფანი, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნერვული სისტემისა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციობისთვის. ადამიანის ორგანიზმი ხაჭოს ცილებს უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე ხორცში, თევზში, თუნდაც რძეში შემავალ ცილებს, ამიტომ ხაჭო რეკომენდებულია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ასაკოვანი ადამიანებისთვისაც.
ხაჭო ამაგრებს ძვლებს, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენა-განახლებას. გულის, ღვიძლის პათოლოგიებისა და ათეროსკლეროზული პროცესების დროს საკმარისია დღეში 100 გრამი ხაჭოს მიღება.
ცხიმი ხაჭოში არცთუ ისე ბევრია, ამიტომ მისი დახმარებით შესაძლებელია წონის დაკლება და, რაც მთავარია, კუნთოვანი მასის გაზრდა. ცილა კაზეინი ხაჭოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის ცხოველურ ცილებს ენაცვლება და დიდი კვებითი ღირებულება აქვს.
ადამიანისთვის. ხაჭოს მარგებლობაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი. საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს ნებადართული პროდუქტების სია არცთუ ისე მრავალფეროვანია. ხაჭოს კი ამ სიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და არ აძლიერებს მჟავიანობას. ოღონდ უმჯობესია გათხევადებული (და არა მარცვლოვანი) უცხიმო ხაჭოს მიღება - ის გაცილებით სწრაფად შეიწოვება.

05/14/2026