სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სპორტსმენების მრავალმილიონიანი ხელფასები თუ სარეკლამო კონტრაქტები დიდი ხანია აღარავის უკვირს, თუმცა მილიარდერი სპორტსმენები მაინც თითებზე ჩამოსათვლელები არიან. ჰოდა, მოდი, ჩვენც ჩამოვთვალოთ.
მაიკლ ჯორდანი
ქონება: 4,3 მილიარდი დოლარი
ასაკი: 63 წლის
მოქალაქეობა: შეერთებული შტატები
ჯორდანი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი სპორტსმენია. მისი ქონების უდიდესი ნაწილი ეს არის ნაიკთან თანამშრომლობით და ასევე „შარლოტის“ გაყიდვით მიღებული შემოსავალი. 2010 წელს ჯორდანმა იმ დროისთვის NBA-ს ყველაზე იაფი გუნდი 275 მილიონ დოლარად იყიდა, 13 წლის მერე კი ის 3 მილიარდად გაყიდა. ნაიკთან თანამშრომლობით კი ჯორდანი წელიწადში დაახლოებით 150 მილიონს შოულობს.
იონ ცირიაკი
ქონება: 2,3 მილიარდი დოლარი
ასაკი: 87 წლის
მოქალაქეობა: რუმინეთი
ამ კაცის სახელი ალბათ არც გსმენიათ, რაკი ის არასდროს ყოფილა დიდი სპორტსმენი. ცირიაკი ჩოგბურთელი იყო და მისი უმაღლესი მიღწევა, რეიტინგში 55-ე ადგილია. ბევრად წარმატებული მწვრთნელობაში იყო. მისი აღზრდილია, მაგალითად ბორის ბეკერი. და რით იშოვა დიდი ფული? ცირიაკი პროფესიონალური საჩოგბურთო ტურნირების ლიცენზიებს ყიდულობდა და მერე სარფიანად ყიდდა. ასე მაგალითად, სწორედ მან მიჰყიდა ATP-ს ტურნირების ჩატარების ლიცენზიები ჰანოვერს, შტუტგარტს და მადრიდს. ტურნირების ლიცენზიებს გაყიდვით ნაშოვნი ფულით კი უამრავი სხვა ბიზნესი წამოიწყო. 2007 წელს ის ფორბსის სიაში შეყვანილი პირველი მილიარდერი გახდა და ამ დრომდე რჩება ქვეყნის უმდიდრეს ადამიანად.
მეჯიკ ჯონსონი
ქონება: 1,6 მილიარდი დოლარი
ასაკი: 66 წლის
მოქალაქეობა: შეერთებული შტატები
მეჯიკმა კალათბურთის თამაშით მხოლოდ 40 მილიონი იშოვა და იმავე პერიოდში მისი სასპონსორო შემოსავლები 4 მილიონს არ აღემატებოდა. აი, კარიერის დასრულების მერე კი მართლა ძალიან დიდი ფული გამოიმუშავა. ჯერ ლეიკერსის აქციების 4% იყიდა 10 მილიონად და მოგვიანებით 29 მილიონად გაყიდა. ამის მერე სტარბაქსის ასზე მეტი ობიექტი გახსნა მეტწილად შავკანიანთა რაიონებში და მოგვიანებით ესეც 75 მილიონად გაყიდა. აქ ნაშოვნი ფულით წავიდა და ლოს ანჯელესის ბეისბოლის გუნდი იყიდა, ამას მოგვიანებით ვაშინგტონის ამერიკული ფეხბურთის გუნდი და ლოს ანჯელესის ქალთა კალათბურთის გუნდები მიამატა. ჰოდა, გახდა მილიარდერი.
ტაიგერ ვუდსი
ქონება: 1,5 მილიარდი დოლარი
ასაკი: 50 წლის
მოქალაქეობა: შეერთებული შტატები
მილიარდიან ზღვარს პლანეტის, ალბათ, ყველაზე ცნობილმა გოლფისტმა 2022 წელს მიაღწია, პირველ რიგში სარეკლამო კონტრაქტების წყალობით და შემდეგ ამ ფულის ბიზნესში ჩადებით. დააარსა გოლფის საკუთარი ლიგა, მერე გოლფის სათამაშო ტანსაცმლის დიზაინერობა დაიწყო. ღონისძიებების ორგანიზების კომპანიაც გახსნა და რესტორანიც დაამატა. ცხადია, ყველა კომპანიას საკუთარი სახელი დაარქვა. როლექსის და ნაიკის რელკამებითაც უზარმაზარი ფული აქვს ნაშოვნი.
ლებრონ ჯეიმსი
ქონება: 1,4 მილიარდი დოლარი
ასაკი: 41 წლის
მოქალაქეობა: შეერთებული შტატები
ლებრონი პირველი კალათბურთელია, რომელმაც კარიერის დასრულებამდე შეაბიჯა მილიარდერთა კლუბში. მას აქვს სამუდამო კონტრაქტი ნაიკთან, ასევე თანამშრომლობს პეპსისთან და არაერთ სხვა კომპანიასთან. მხოლოდ ხელფასის სახით ლებრონს ნახევარი მილიარდი დოლარი აქვს მიღებული.
კრიშტიანუ რონალდუ
ქონება: 1,2 მილიარდი დოლარი
ასაკი: 41 წლის
მოქალაქეობა: პორტუგალია
ისტორიაში არასდროს არავის უშოვია მხოლოდ სპორტული კარიერით იმდენი, რამდენიც კრიშტიანუმ. ის 10 წელია ლიდერობს პლანეტის ყველაზე მაღალხელფასიან სპორტსმენთა სიას. პორტუგალიელი აბსოლუტური რეკორდსმენია პოპულარობითაც, რაკი სოციალურ ქსელებში მილიარდი გამომწერი ჰყავს. ეს ფაქტი კი მას არნახულ სარეკლამო მიმზიდველობას აძლევს. მხოლოდ საუდური კლუბი მას წელიწადში 200 მილიონს უხდის, ასევე თანამშრომლობს არა ერთ კომპანიასთან და საკუთარ ბრენდსაც ავითარებს. 2 წლის წინ ფულის ჩადება ჯანდაცვის და ფიტნესის ტექნოლოგიებში გადაწყვიტა და ამაშიც დიდი ფული იშოვა.
როჯერ ფედერერი
ქონება: 1,1 მილიარდი დოლარი
ასაკი: 44 წლის
მოქლაქეობა: შვეიცარია
ორი ათწლეულის განმავლობაში როჯერი საოცრებებს აკეთებდა კორტზე, კარიერის დასრულებიდან 3 წლის მერე კი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელიც ფორბსმა მილიარდერთა სიაში შეიყვანა. ფედერერი სპორტული სამოსის შვეიცარიული კომპანია On-ის 3%-ის მფლობელია. როჯერი ისტორიაში შესულია ერთ ერთი ყველაზე წარმატებული სარეკლამო თანამშრომლობითაც - წელიწადში 100 მილიონი დოლარი მერსედესთან და როლექსთან პარტნიორობით.
ლიონელ მესი
ქონება: 1,1 მილიარდი დოლარი
ასაკი: 39 წლის
მოქალაქეობა: არგენტინა
მხოლოდ წინა სეზონში, „ინტერ მაიმიში“ ლეომ 140 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხის ნახევარი ხელფასზე მოდის, მეორე ნახევარი კი სპონსორობაზე და სხვა ბიზნეს პროექტებზე. მესის პორტფოლიოში ახლა ათზე მეტი სარეკლამო შეკვეთაა. მათ შორის მასტერკარდთან და ლეი’სთან. მილიარდერი კი მესი მხოლოდ წელს გახდა.
დევიდ ბექემი
ქონება: 1 მილიარდი დოლარი
ასაკი: 51 წლის
მოქალაქეობა: დიდი ბრიტანეთი
დევიდი პირველი მილიარდერი სპორტსმენია ბრიტანეთიდან. მას და ვიქტორიას ჯამური სიმდიდრით სპორტის სფეროში დასაქმებული ერთადერთი ადამიანი უსწრებს ბრიტანეთის კუნძულებზე - ფორმულა 1-ს ყოფილი ხელმძღვანელი ბერნი ეკლსტოუნი. დევიდის და ვიქტორიას ჯამური ქონება 1,6 მილიარდია. ბექემი ასევე არის ადიდასის და ჰუგო ბოსის ამბასადორი. ცალკეა ინტერ მაიამი, რომელც ამერიკულ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებულ ფრანშიზად ითვლება. 2003 წელს კი, ფეხბურთელობისას, ის მსოფიოს ყველაზე მაღალხელფასიანი მოთამაშეც იყო. 2022 წელს კატარელებმა მათ ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპინატის ელჩობაში ბექემს 166 მილიონი გადაუხადეს.
07/10/2026