საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დეკანოზი სერაფიმე დანელია მრევლს შობას ულოცავს და ფეისბუქის პოსტში ის იხსენებს 23 წლის წინანდელ შობის დღესასწაულს... მტკივნეულად ემოციურს და ღვთიურად განსაკუთრებულს...
დეკანოზი სერაფიმე დანელია: ქრისტეშობის ღამე დგება.
სულ რამდენიმე საათი დარჩა სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე და როგორც ყოველთვის, რაღაც მომენტში მარტო ვრჩები და ვხვდები რომ ვღელავ... თითქოს ჩვეულებრივი საღამოა, ტაძრის ეზოში სიჩუმეა, ჯერ არავინ მოსულა, მაგრამ მოლოდინის განცდა მოსვენებას მიკარგავს. მინდა მალე მოვიდეს, სული მიმდის, თუმცა ირგვლივ გამეფებული სიჩუმე ლოდივით მაწვება გულზე და ფიქრებით ისევ 23 წლის წინ იმ შობის ღამისკენ გადავყავარ, როცა გარეთ საზეიმო ზარების რეკვა, თოფების სროლა და ფეერვერკების ხმები გაისმოდა, ჩვენ კი დამწვრობის ცენტრში, პალატაში შევდიოდით, რათა ჩვენი ვარსკვლავბიჭუნასთვის საშობაო საჩუქარი შეგვეტანა...
მაშინ 9 წლის იოანემ, მთელი სხეულით შებინტულმა, თვალებით თავისთან მომიხმო და დედას რომ არ გაეგონა, ყურში ისე ჩამჩურჩულა:
"მამა, მე უფალთან მივდივარ, ცოტა ხანი კიდევ ვიქნები და მერე ჩემს ამ სათამაშოებს, ველოსიპედს, ყველაფერს გიორგის დავუტოვებ და... მე უფალთან უნდა წავიდე"
- ყურებს არ დავუჯერე, ნუთუ ეს მართლა მესმის? - გავიფიქრე;
"- რას ამბობ მამა, აი ნახავ..."
მან კი მშვიდად შემაწყვეტინა და დაბეჯითებით გაიმეორა:
"- მე უფალთან მივდივარ"

***
ქრისტეშობა შემოდის...
ქრისტეს შობას კი ყოველთვის იმედი და სიხარული მოაქვს!
სიხარული იმისა, რომ ღმერთი ჩვენს შორის იშვა, ხოლო იმედი იმისა, რომ ჩვენც მკვდრეთით აღვდგებით, როგორც თვითონ აღსდგა!
სიცოცხლე საჩუქრია, ყოველი დღე ძვირფასია, ყველა ჩვენთაგანი უნიკალურია, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ამ დღეებს, ამ წუთებს, ერთმანეთს, ერთმანეთთან ურთიერთობებს...
საოცარია ცხოვრება... ის, რაც დღეს ჩვეულებრივად და უმნიშვნელოდ მიგვაჩნია, ხვალ შეიძლება სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინოს და დროთა გამავლობაში განუმეორებელ ძვირფას მოგონებად იქცეს.
ზოგჯერ ადამიანს ვიღაცის უბრალოდ თბილი მზერა შეიძლება მთელი ცხოვრება გაჰყვეს, ხოლო ერთი დაუფიქრებელად ნათქვამი სიტყვა, მთელი ცხოვრება ტკიოდეს.
ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობებს, სიტყვებს, ქცევებს და მხოლოდ სიყვარულით და მშვიდობის სულით ვიმოქმედოთ; დავუთმოთ, მივუტევოთ, მოვუთმინოთ, მშვიდობა ვეძიოთ, ღმერთის იმედი ვიქონიოთ...
გავა დრო და ეს ყოველივე არა მხოლოდ კეთილმოსაგონრად გადაიქცევა, არამედ იმ ნეტარების მიღწევის ერთადერთ საშუალებადაც, რომელიც ღმერთმა
მშვიდობისმყოფელებს განუკუთვნა!
უკვე დროც მოსულა, ხალხიც ნელ-ნელა იკრიბება, ტაძარი ბრწყინავს, ღამითევის სამზადისიც დაიწყო...
ქრისტეშობა შემოდის!
დალოცვილი მისი მობრძანება!
01/07/2026