კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე გარდაიცვალა. დამთავრებული ჰქონდა უცხო ენების პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული ენის განხრით. 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1992-2005 წლებში ამავე ინსტიტუტის პრორექტორი იყო. მისი რეჟისორობით აღდგენილია ძველი ქართული ფილმები.
2005 წლიდან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს „ჩოხოსან რაინდთა დასის“ გამგეობის თავმჯდომარე და საზოგადოების ჟურნალის, „რაინდის“ გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

დაიბადა ქუთაისში, პროკურორის ოჯახში. ნაბოლორას სამი უფროსი და ანებივრებდა. გამორჩეული იყო ბავშვპბიდანვე. აღნაგობით, ქცევით, პიროვნული ღირსებით. გატაცებით სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებს. თუმცა ტექნიკური საგნების მასწავლებლები დიდ პატივს სცემდნენ. ყველა გოგოს ეს გამორჩეული ბიჭი უყვარდა. მერე იყო თეატრალური. მისაღებ გამოცდაზე სხვებსაც მიხმარებია თემის წერაში, მათ "ხუთიანი" მიუღიათ, გოგი - "ოთხი". მერე უცხო ენათა ინსტიტუტში გადასულა.
***
"თავის თავზე უზომოდ შეყვარებული, უცებ სხვაზე გაგიჟებით შეყვარებულად გადაიქცა. მისი ტრფობის ობიექტი ულამაზესი მაყვალა მაისურაძე იყო. სატრფოს რაჭველ მშობლებს გულზე არ ეხატებოდა გურული წარმოშობის სასიძო, სამაგიეროდ, მათ ქალიშვილს უზომოდ ხიბლავდა. ჰოდა, მოიტაცა. „ზიმით“ ჩავიდნენ მცხეთამდე, მერე, სოხუმის მატარებელში გადასხდნენ და უმცროს დაიკოს, ცაგუს მიაყენა მოტაცებული ქალი. ცაგუს თავისი მულის ქორწილის სუფრა აულაგებელი ჰქონდა და გაჩაღდა ქორწილი სხვა სიძე-პატარძლით, უფრო ლამაზების და შნოიანების. გაგიჟდნენ სოხუმელები ცაგუს ძმის სილამაზეზე, შეშურდათ და მერე, როგორ შეშურდათ რაჭველი გოგოსი, რა ბედი ჰქონიაო...
გაგიჟდნენ სოხუმელი კაცები ახალი სიძის თამადობით: არც აქამდე და არც ამას შემდეგ, აღარც უნახავთ ასეთი თამადა. ვიღაცამ ეზოში იასამნის ახალგაზრდა ხეზე ჯაყვით ამოჭრა „1958 წელი“... ვისაც მისი თამადობა არ უნახავს, ე.ი. არაფერი სცოდნია თამადობაზეო, ამბობდნენ.
გამორჩეული პიროვნება ჩვენს პატრიარქს როგორ გამორჩებოდა თვალთახედვიდან. წლების წინ მოიხმო თავისთან და სთხოვა, „ჩოხოსან რაინდთა დასისთვის“ ეხელმძღვანელა. უარს როგორ აკადრებდა ერის სულიერ მამას. როგორც ბევრი აღნიშნავს, ნამდვილი ჩოხოსანია. ყველა ღირსებით შემკულ კაცს ჩოხა განსაკუთრებულად ამშვენებს. დღეს თითქმის რვაასამდე ჩოხოსანია სრულიად საქართველოში. ქართულ წეს-ჩვეულებებს, ადათ-წესებს, ტრადიციებს თაყვანს რომ სცემენ. მხოლოდ ღირსეულებს აქვთ ამ დროში ჩოხის ტარების პატივი, მხოლოდ ღირსეულებს აქვთ „ჩოხოსანთა ფიცის“ დადების პატივი, ფიცისა, რომელიც თავად პატრიარქმა შექმნა" - წერს ლელა თოლორდავა.
11/08/2025