საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როგორ მივიდა 20 წლის ბაჩანა რაზიკაშვილის მიერ ნაპოვნი ქართული ხალხური ზღაპარი ფრანგულ და ინგლისურ ენოვან მკითხველამდე. ვინც 1932 წელს, უკვდავების მაძიებელი ობოლი ბიჭის ლეგენდა, საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მხარდასაჭერ ტექსტად აქცია.
94 წლის წინ, ერთ-ერთი ქართული ხალხური ზღაპარი, ინგლისურად ითარგმნა და გამოიცა. ზოგი ეგზემპლარი მდიდრულად იყო გაფორმებული, ხეზე ამოჭრილი ნახატებით შემკული. მთარგმნელი ამერიკელი ბელ კოლბი კარრინგტონი გახლდათ.
თავის წინასიტყვაობაში მან განმარტა, რომ ულამაზეს ქართულ ლეგენდას ფრანგული ტექსტის საშუალებით გაეცნო, სათაურით - „მშვენიერება.“ სინამდვილეში ზღაპარს ქვია „როსტომელა“ ან „მიწა თავისას მოითხოვს.“ მთავარი გმირი მზეთუნახავი კი არა, ობლობაში გაზრდილი ბიჭია.

ბიჭი ერთ დღეს, დედისგან, სიკვდილის შესახებ შეიტყობს და უკვდავების საძიებლად გაეშურება. მოივლის ხმელეთს და ბოლოს, ზღვის პირა ბრწყინვალე სასახლეში ნახავს ულამაზეს ქალს. ქალი ბიჭს აუხსნის, რომ მხოლოდ მასთან დარჩენით ეზიარება უკვდავებას, თან აფრთხილებს - დიდხანს ვერ შეიფერებ უკვდავებას, რადგან მიწა ძლიერია და თავისას მოითხოვსო. ასეც ხდება: 1000 წელი უცებ გავლის, ბიჭს დედა მოენატრება, მაგრამ სადღა ნახავს? მაინც ბრუნდება იქ, სადაც მიწა თავისას მოითხოვს.
„მე ვიმედოვნებ მკითხველი ისევე იგრძნობს ამ ზღაპრის ეშხს, როგორც მე ვიგრძენი და გამოიჩენენ ინტერესს სასახელო ისტორიის მქონე უბედური ქვეყნისადმი, რომლის ჯვაროსანთ ჰქონდათ უფლება გაშლილი დროშებით შესულიყვნენ იერუსალიმში.“ – დაუწერია ამერიკელ მთარგმნელს თარგმანის წინასიტყვაობაში. სამწუხაროდ, მასზე მწირი ცნობებია შემორჩენილი. მათ შორის, მნიშვნელოვანია პარიზში, ქართველი პატრიოტების ერთ გამოცემაში დაბეჭდილი ტექსტი:

„უკეთეს ნიმუშს უცხოელთათვის ქართული სულის გადასაშლელად ვერავინ იპოვიდა. ქალბატონმა კარრინგტონმა როსტომელას თითო ცალი ეგზემპლარი გაუგზავნა სხვა და სხვა ქვეყნის მეთაურებს, დედოფლებს, პრემიერებს და სხვა წარჩინებულ პირთ. ჩვენც სხვა არა დაგვრჩენია შევუერთდეთ იმ გრძნობით მადლობას ქართველი ერის სახელით, რომელიც მას მისწერა ჩვენმა თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ: დადგება დრო, როცა ჩვენს ერს მიეცემა საშუალება მიიღოს თავის ბაღნარში ეს ახალი მეგობარი უდიდეს დემოკრატიის ასული ბელ კოლბი კარრინგტონი.“

გაზეთი „დამოუკიდებელი საქართველო,“ პარიზი, 1932 წ.
ზღაპარი, რომელზეც ამ წერილში გიყვებით, 20 წლის თედო რაზიკაშვილმა მოისმინა გორის მაზრელი სოლომონ გულაშვილისგან, ჩაწერა და მერე რუსულ ენაზე გამოაქვეყნა სათაურით „მიწა თავისას მოითხოვს.“ სავარაუდოდ, ეს ვერსია დაედო საფუძვლად 1897 წელს გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნებულ ზღაპარს სათაურით „მიწისა მიწას,“ მინაწერით - „ქართული ზღაპარი.“ ბაჩანა რაზიკაშვილის აღმოჩენამ აქ მიიპყრო ფართო ყურადღება. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა ფრანგმა ეთნოგრაფმა და ქართული კულტურის მოყვარულმა ჟოზეფ დე ბაიმ, სათაურით „მშვენიერება.“
საინტერესოა, დე ბაიმ რატომ შეუცვალა ქართულ ზღაპარს სათაური? თედო რაზიკაშვილის ვერსია აქცენტს აკეთებს მიწაზე, რომელიც უკვდავების იდეაზე ძლიერია, მკაცრი კანონები აქვს და ყველას ავალდებულებს დაუბრუნდეს მას. ფრანგულ ვერსიაში „მიწა“ და მისი მოთხოვნა გაქრა და ყურადღება სილამაზეში განსხეულებულმა უკვდავებამ დაიკავა, ალბათ ფრანგი აუდიტორიის გემოვნების გათვალისწინებით.

ბარონი ჟოზეფ დე ბაი 19-ე საუკუნის ბოლოს რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს, დაუმეგობრდა ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს და სხვა წარჩინებულ ქართველებს. საფრანგეთში დაბრუნებულმა წაიკითხა მრავალი ლექცია საქართველოზე, გამოსცა კრებულები, მათ შორის, ქართული ზღაპარი „მშვენიერება“ ანუ „მიწა თავისას მოითხოვს.“ სწორედ საქართველოს ამ ფრანგი მეგობრის დამსახურებით გაეცნო მშვენიერ ქართულ ხალხურ ზღაპარს ამერიკელი მთარგმნელი ბელ კოლბი კარრინგტონი და ის ინგლისურენოვან მკითხველს შესთავაზა „ქართული სულის გადასაშლელად.“
01/23/2026