საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
12 მაისი წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა. ის ქრისტეს თორმეტი მოწაფეთაგან ერთ-ერთია. წარმოშობით ბეთსაიდიდან იყო. ძმასთან, პეტრესთან ერთად ცხოვრობდა კაპერნაუმში. ძმები მებადურები იყვნენ. იოანეს სახარების მიხედვით, ანდრია პირველწოდებული იყო იოანე ნათლისმცემლის მოწაფეთაგანი, რომელიც შემდეგ, პირველი დაემოწაფა ქრისტეს. მოციქულებზე სულიწმინდის მოფენის შემდეგ ისევე, როგორც სხვა მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა დაიწყო ქრისტეს მოძღვრების ქადაგება და გაემგზავრა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნებში.
ქართული ისტორიისა და საეკლესიო ტრადიციით, ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში იწყება პირველ საუკუნეში, მოციქულების ხანაში და დაკავშირებულია მოციქულების – ანდრიას, სიმონ კანანელის, მატათას, ბართლომესა და თადეოზის – სამისიონერო მოღვაწეობასთან. ამაღლების შემდეგ, მოციქულებმა წილი ყარეს. საქართველო ღვთისმშობელს შეხვდა საქადაგებლად. მაგრამ მას უფალი გამოეცხადა და მოახლოებული მიძინების შესახებ ამცნო და უთხრა, რომ მის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა საქადაგებლად. "და თანა-წარატანე ხატი შენი ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა“. ღვთისმშბელმა პირი დაიბადა, ფიცარი მიიდო სახეზე მასზე და მისი გამოსახულება გადავიდა. სწორედ ამ ხელთუქმნელი ხატით შემოვიდა აჭარის მიწაზე ანდრია პირველწოდებული. „..რათა შენ წარხჳდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპრა და შევეწიო მათ, და არავინ მტერთაგანი მძლე ექმნეს მათ."

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდაჭარაში, თარანგელოს სერზე, იმ ადგილას, სადაც 2 ათასი წლის წინ, უფლის მოციქულმა - ანდრია პირველწოდებულმა ქრისტიანობის საქადაგებლად ფეხი დადგა, დღეს ტაძარი შენდება. ცხადია მისი სახელობის.
ეთერ დეკანაძე ხულოს რაიონში ყველას უყვარს და პატივს სცემს. 76 წლის ფილოლოგი და პედაგოგი, "ზმნას" მკითხველს, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლასა და იმ სასწაულებზე უყვება, რაც უფლის მოციქულმა, ჩვენი ქვეყნის მიწაზე აღასრულა. ეს არის მიწა, სადაც ქრისტეს მოწაფეებმა ფეხი დადგეს, უფლის სიტყვის თესვა დაიწყეს და ქადაგებდნენ.

საქართველოს საპატრიარქოს, ხულოს წმინდა მამათა და დედათა, აჭარაში ქრისტესათვის წამებულთა სახელობის სკოლის ქართული ენის მასწავლებელი გვიყვება ფაქტებზე, თუ როგორ შეძლებს აჭარლებმა ჩვენი სარწმუნოების შენახვა.
ეთერ დეკანაძე: ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, "მოციქული ანდრია მოვიდა ქვეყანასა ტრაპიზონთასა, არ შეიწყნარეს მოციქულის სიტყვა, ჭოროხის ხეობით ამიოვიდა ქვეყანასა ქართლისასა, რომელსაც დიდაჭარა ეწოდების. აქ დაასვენა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. უწყლო სოფელში მეყსეულად აღმოცენდა წყარო საამო და გემრიელი. მოციქულის სიტყვა დიდაჭარლებმა შეიწყანარეს. გადმოცემის მიხედვით, მიწიერ სამყაროში, პირველი ღვთის სახლი, ეკლესია ააგო მთარანგელოს სერზე."

პოეტი ზურაბ გორგილაძე წერს:
"აქ ქრისტეს რჯულზე პირველი შემდგარან მამა-პაპანი,
მას აქეთ სულში ანთია, მართალი რწმენის ლამპარი"
სამას წლოვანი ბატონობის დროს, თითქოს წაგვართვეს ქრისტეს რჯული, მაგრამ ლაზარეს ენა ჩვენ წინაპრებს ვერ წაართვეს, რომლებმაც შეინარჩუნეს ქართული სული, ტრადიციები და ქრისტეს რჯული. და თუ გადავრჩით და დღემდე მოვედით, იმ მადლით მოვედით რომელიც მოციქულებმა დატოვეს ჩვენთან. ამიტომ ამბობს პოეტი ზურაბ გორგილაძე: "ღვთაებრივი ქრისტეს რჯული, საქართველოს მე პირველმა მივეცი."
- როგორ ხდებოდა ქრისტიანობის შენარჩუნება აჭარაში?
- დიდაჭარის მოხუცებთან შეხვედრისას, მე ისინი მიყვებოდნენ, ხახვის ფურცლებს ვინახავდით, აღდგომის დღეს კვერცხებს ვღებავდით და კაცებისგან მალულად, ავიტანდით მთარანგელოს სერზეო. ძირითადად, ქალებმა შემოინახეს ქრისტიანობა. აგვისტოს არასდროს ამბობდნენ. ამ თვეს სულ ასე მოიხსენიებდნენ - მარიამობის თვე დგება, მარიამობა მოდისო. კიდევ ამბობდნენ ბებიები, დიდ ხუთშაბათს თუ თესლს ჩათესავ, ხვავი და ბარაქა გვექნებაო.
კარგად ქარგავდნენ ჩვენი ქალები, ხელმარჯვე ოსტატები გვყავდნენ. როდესაც რაიკომის მდივნად ვმუშაობდი, მხატვრთა კავშირმა ამ ნაქარგების გამოფენა მოითხოვა. როცა ჩავიტანეთ, გაოცებული უყურებდნენ ნამუშევრებს. მხატვრის თვალს რა გამოეპარებოდა. მათ შენიშნეს, რომ ორნამენტებში სულ ჯვრები იყო ამოქარგული.
თიხისგან კეცებს რომ ამზადებდნენ, მის ძირზე აუცილებლად ჯვარს გამოსახავდნენ. შემდეგ ქალები, ამ კეცებზე მჭადს რომ დააკრავდნენ, ზემოდან ჯვარს სახავდნენ და ისე აცხობდნენ. ბავშვობაში ვკითხულობდი, მიმატებას რატომ აკეთებ ზემოდან-მეთქი. და აი, რას მპასუხობდნენ - თუ მჭადზე ჯვარს არ გამოსახავ, მადლი არ ექნება; ეს ჩვენი საკვებია და თუ ჯვრის ფორმით გამოაცხობ, შეგერგება, ისე მადლი დაიკარგებაო.
ასე ყველა დეტალში ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას, რომ დავიწყებას არ მიცემოდა.
ზაქარია ჭიჭინაძეს რომ კითხულობ, მართლა სისხლი გაგეყინება - რისი გადატანა მოუხდათ და რის ფასად ინარჩუნებდნენ სარწმუნოებას ჩვენი წინაპრები.
ჯავახეთისგან განსხვავებით, აჭარის მთიანეთი უცხოტომელთა იალაღებად რომ არ გადაიქცა, ეს აქაური მოსახლეობის დამსახურებაა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ აჭარაში, უცხოელზე ექორწინათ, როგორც ეს დღეს ხდება და გული გვტკივა. ოჯახი აუცილებლად ქართული უნდა შექმნილიყო. ვფიქრობ, ესეც ამ მიწის მადლის წყალობითაა.
სამასწლოვანი ბატონობის ავ პერიოდს მხოლოდ სხალთის მონატერი გადაურჩა. მართალია, ფრესკები გაანადგურეს, მაგრამ ვერ აღგავეს პირისაგან მიწისა, როგორც სხვა დანარჩენი ტაძრები.

- ფრესკები საერთოდ წაშლილია?
- სარკმლებთან შეამჩნევთ ფრესკების ნარჩენებს, მაგრამ როცა ტაძარი დაწვეს, ფრესკებს ფხეკდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ კვალი წაეშალათ. ტაძარს სახურავი ჰქონდა დაზიანებული. ძეგლთა დაცვის კომიტეტს, იმხანად ირაკლი ციციშვილი ხელმძღანელობდა. ჩვენ მას წერილები გავუგზავნეთ, რის საფუძველზეც შევძელით, რომ ძველი ტაძარი გადაგვეხურა.
9 აპრილის შემდეგ, 19 აპრილს, სხალთის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა და 23 ადამიანი დაიღუპა. პირველი ჭირისუფალი, რა თქმა უნდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მწყემსთავარი ბრძანდებოდა. როდესაც 29 მაისს, ილია მეორე ჩამობრძანდა, სხალთის ზარების ექო საქართველოს დედო ზარებსაც შეეხმიანა. იმ დღეს ტაძარი იკურთხა.
საყოველთა ნათლობა ხულოდან დაიწყო. იმ დღეს 300 ადგილობრივი მკვიდრი წინაპართა სარწმუნოებას დაუბრუნდა. ხულოს მკვიდრნი პატრიარქის ნათლულები გახდნენ. მახსოვს, ერთ პატარა თვალებბრიალა გოგონას ჰკითხა, რა გქვიაო? ჟანა თავართქილაძე ვარო რომ უპასუხა, დღეის შემდეგ თამარი იქნებიო, უთხრა პატრიარქმა და გულში ჩაიკრა.
პატრიარქი განიცდიდა, საქართველოს პირველი ქრისტიანული კუთხე, ქრიატიანული რელიგიის აღმსარებელი რომ აღარ იყო. მეუფე სპირიდონი გამოგზავნა სხალთის ეპარქიაში. პატრიარქობის კანდიდატი მეუფე იობიც იქ მოღვაწეობდა გარკვეული პერიოდი.
1991 წელს უწმინდესის კურთხევით, ხულოში, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის პირველი სასულიერო სასწავლებელი გაიხსნა. 2 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ სხვადასხვა მიმართულებით მიიღო განათლება: დაწყებითი განათლების, პედაგოგიკის და მეთოდიკის, სანიტარული, ეპიდემიოროლოგიური, მედ დის სპეციალობა, საგუნდო-სადირიჟორო, ბაგა-ბაღის აღმზრდელის... საწავლებელმა 2010 წლამდე იარსება. კურსდამთავრებულები წარმატებულები არიან თავიანთ პროფესიებში.
1998 წელს, ამ სასწავლებლის ეზოში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით, ბაზილიკის ტიპის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარი აიგო.
2013 წელს ხულოს ცენტრში პატრიარქმა აკურთხა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი, რომელიც ტაო-კლარჯეთში დარჩენილი ტაძრების ანალოგია. იმ დღეს საყოველთაო ნათლობა გაიმართა და 1200-მდე ადამიანი წინაპართა სარწმუნოებას დაუბრუნდა, მათ შორის ორი, მუჰაჯირთა შთამომავალი იყო.
- იმ ტაძარზე გვიამბეთ, ანდრია პირველწოდებულის ნაფეხურებზე რომ შენდება...
- გასულ წელს, დიდაჭარაში, იმ ადგილას, სადაც მოციქული ანდრია პირველწოდებული მობრძანდა და გადმოცემის თანახმად ტაძარი ააგო, შენდება დიდი ტაძარი.
მიწიერ სამყაროში ისეთი ტაძარი, როგორიც უფლის მოციქულმა აჭარის მიწაზე ააგო, მანამდე არ მდგარა. კატაკომბები არსებობდა მხოლოდ. და ანდრია პირველწოდებულის ხელდასხმით, პირველი ტაძარი აიგო დიდაჭარაში. მან დაადგინა მღვდელნი, დოაკონნი, დაუდო ტიპიკონი და პირველი ნათლობაც მან ჩაატარა. მის მიერ დატოვებული ტიპიკონით აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. დღემდეა შემორჩენილი ადგილები შემდეგი ტოპონიმებით - ნამონასტრევი, ჯვარედინი, ჯვარი, დიაკონიძები, დიოკნისი, უმალწმინდა... ესეც ადასტურებს, რომ აჭარა ქრისტიანული კუთხე იყო.
ანდრია პირველ წოდებულთან ერთად აქ შემოვიდნენ მოციქულები - სვიმონ კანანელი და შემდეგ მატათა, რომელიც გონიოშია დაკრძალული. იცით, რომ სვიმონ კანანელი როგორი წამებით აღესრულა აფხაზეთის მიწაზე.
და 2 ათასი წლის შემდეგ, იქ ისევ იგება ტაძარი.
"მაცხოვრის ჯვარცმისა და ზეცად ამაღლების შემდეგ,
კაცი მოვიდა დიდებული, თვით უფლის მსგავსი,
მაცხოვრის სიტყვა რომ ჩანერგოს დიდაჭარაში."
მეუფე სპირიდონი ხშირად იქ იმყოფება და საკმაოდ დიდი ტაძარი შენდება.

- როცა იაზრებთ, რომ იქ ცხოვრობთ, იმ მიწაზე, სადაც უფლის მოწაფეები დადიოდნენ და ქადაგებდნენ, ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
- ამ მიწაზე ცხოვრება ერთგვარი სიამაყეც არის და პასუხისმგებლობაც. დაუნდობელი მტერი, ცეცხლითა და მახვილით სპობდა ყველაფერს, მაგრამ ჩვენმა წინაპარმა შეძლო, რომ აქ ქართული სული არ გამქრალიყო და უცხოთა სათარეშო ადგილი არ გამხდარიყო.
და როგორც ზურაბ ხალვაში ამბობს:
"მაჭახელაში მუხის კუნძი, რომელსაც ჩვენი წინაპრების სისხლიანი ლეკერტები დღემდე ახსოვს, ახლაც გვახსენებს, რომ ჩვენ საქართველო გვქვია სახელად და არ გვეპატიება ცუდ ქართველობა."
05/12/2026