საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნუგზარ რუხაძე 84 წლის გახდა. არაჩვეულებრივად, მხნედ გამოიყურება და როგორც ის "ზმნასთან" ამბობს, უკვე 90 წელიც არაფრად მიაჩნია.
ორიოდ დღის წინ კი, სოციალურ ქსელში, ასე დაპოსტა:
"84 - ის გავხდი დღეს, აბააა! ეს რა ყოფილა, მაინც, ხალხო - სანამ ჩემხელა არ გახდები, თურმე, ვერ გაიგებ, რა ხიბლი ახლავს ცხოვრების ამ უმშვენიერეს დროს: გამოვლილიც ბევრი, მიღწეულით ტკბობაც მაგარი და აწი გასაკეთებელზე ფიქრიც მაცოცხლებელი. ამ დილით, ადრიანად წამოვხტი, განთიადს ღიმილით შევეგებე, ღმერთს მადლობა ვუთხარი, ხელფეხი გავანძრიე, ახალი ამბები ავსქროლ-ჩავსქროლე, თაფლის არაყიც ვხუხე, სისხლიც აჩქეფდა და დღეც დავგეგმე. გეფერებით, თქვენ გენაცვალეთ, და რაც მთავარია, ჩემზე დიდხანს იყავით და იბედნიერეთ!"
აბა, მოდით და თქვით, რომ ეს 84 წლის კაცის ფეისბუქპოსტია. ვერ იფიქრებ. საინტერესოა, საიდან აქვს ამგვარი მხნეობა, სიცოცხლის სიყვარული, უშრეტი ენერგია და პოზიტიური განწყობა?
ლეგენდარული ტელეჟურნალისტი "ზმნას" მკითხველს თავისი მხნეობისა და შინაგანი ცეცხლის პატარა საიდუმლოებას უმხელს.

ნუგზარ რუხაძე: განწყობა მაქვს ძალიან მაგარი! ხალისით ვცხოვრობ და ვმუშაობ, რაც შემიძლია. ფრჩხილი არ წამომტკივდებაო, მაგას ვერ ვიტყვი, ხან ის გაწუხებს ადამიანს, ხან - ეს. მაგრამ არ ვეპუები და არ ვნებდები. დაკავებული ვარ და ვაკეთებ ჩემ საქმეს. ვირჩენ თავს და ვარ ასე.
- რას აკეთებთ განსაკუთრებულს, ასაკში რომ ამგვარად მხნედ გრძნობთ თავს?
- არაფერ სასწაულს არ ვაკეთებ. უბრალოდ, მიხარია ცხოვრება; მენანება ადრე წასვლა, რომ ვერ ვისიამოვნო იმით, რაც მაქვს. ვეძალები და ვცხოვრობ. თორემ წამალიც მჭირდება და დიეტაც. მაგრამ ყველაფერი ზომიერად. რაც მთავარია, გულში არასდროს ვიკარებ ბოღმას და შურს. ჩემი გული სიყვარულით სავსეა. სიძულვილს ახლოსაც არ ვიკარებ. სიძულვილი ძალას მართმევს. სიყვარულია მასაზრდოვებელი. ადამიანები მიყვარს, მათთან ურთიერთობა მიყვარს. ახალგაზრდებთან ურთიერთობა მახალისებს. ბავშვებს ჩემს გამოცდილებას რომ ცოდნას რომ ვუზიარებ, ვგიჟდები. ისინი აღფრთოვანებული მზერით რომ მიყურებენ და ამ ყველაფერს რომ იწოვენ, ეს არის ინგლისური, ჟურნალისტიკა თუ სხვა რამ. ეს სიცოცხლეს მიგრძელებს. ასე მგონია, ამას რომ თავი დავანებო, სწორი არ ვიქნები. ესეც მაძლევს ძალას. ეს ცხოვრების ელექსირია.

ახლა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, ვმუშაობ მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის საკითხებზე. არის ასეთი ახალი საგანი - საუნივერსიტეტო დიპლომატია. საგნის ავტორია პროფესორი ზურაბ ხონელიძე. მე მას სტუდენტებთან ინგლისურ ენაზე ვკითხულობ.
ბევრი სტუდენტი მყავს. ახალგაზრდების შეკრებებზე დავდივარ. სულ ეს არის.
- თვითონ რას იღებთ მათგან?
- სიცოცხლის უშრეტ ენერგიას. მათთან ერთად რომ ვარ, თავი მეც ახალგაზრდა მგონია. მათთან ერთად აზროვნება და მსჯელობა მაახალგაზრდავებს. გონებას აცოცხლებს, პასუხისმგებლობა მაქვს, რომ არაფერი შემეშალოს, მეტი ვიცოდე. უფრო დახვეწილი ვარ. ვმეცადინეობ, რომ მათთან ხელცარიელი არ მივიდე. ეს მოვლენათა ჯაჭვია, რომელსაც უდიდესი დადებითი მუხტი აქვს.
- თქვენ ბევრი რამ გინახავთ. საინტერესოა, რა მოგწონთ და რა - არა 21-ე საუკუნის ახალგაზრდებში?
- ტექნოლოგიურად წინ არიან და ძალიან სხარტად აზროვნებენ. მაგრამ მეორეს მხრივ, მე ისინი მეცოდებიან, რომ ამ ურთულეს დროში უწევთ ალღოს აღება და ორიენტირება, რაც ძალიან ძნელია. ცხოვრება იმდენად მრავალწახნაგოვანი გახდა, რომ არჩევანის გაკეთება ძალიან ძნელია. პროფესიის არჩევა, ზოგადად, მომავლის ყურებაა ძნელი. დიდი ძალისხმევა და ნერვის დაჭიმვა სჭირდება იმისთვის, რომ სწორად მოიქცეს, ალღო აუღოს ამ ყველაფერს და წინ თამამად გაიხედოს. ძნელია წინასწარ ჭვრეტდეს თავის მომავალს. ამიტომ ეს ბავშვები მეცოდებიან და მათ ხშირად ვუდგავარ გვერდში.

- როგორც მეოცე საუკუნის ადამიანს, რაზე გწყდებათ გული?
- ყველაფერი წინ არის წასული და მე ამის მონაწილე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ არ დარჩა არაფერი, რითიც მე არ ვსარგებლობ ამ საუკუნეში, მე მაინც მაქვს ძველი ცხოვრების ნოსტალგიური შეგრძნება. ყველაფერი იზომება ბედნიერების ხარისხით. ვერ გეტყვით, რომ 21-ე საუკუნეში უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე 20-ში ვიყავი. ბედნიერების ხარისხის საზომი ძალზედ საიდუმლოა. მე საკმაოდ კარგად ვგრძნობდი თავს იმ საუკუნეშიც და ახლაც. მაგრამ ეს ნოსტალგია, როგორც ჩანს, იმის ბრალია, რომ მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ცხოვრების ხალისის შეგრძნება მეტად მქონდა.
მიუხედავად იმ ძველი რეჟიმისა, რომელიც არავის მოგვწონდა, ჩემი აზრით, ჰუმანიზმი და ადამიანთა ურთიერთობების ხარისხი მაღალი იყო. მე ამით ვსიამოვნებდი.

- ბატონო ნუგზარ, კვებით თუ უწყობთ ხელს ჯანმრთელობას?
- არც ამ კუთხით, არაფერ განსაკუთრებულს არ ვიცავ. ყველაფერს ვჭამ, ყველაფერს ვსვამ. არაფერს ვერიდები. არ ვდიეტობ. თუ ავად გავხდი და დამჭირდა, რა თქმა უნდა, დავიცავ.
დილით 7-ის ნახევარზე ვდგები. ვსვამ თაფლის არაყს. რბილი და სასიამოვნო არაყია. 50 გრამს გადავკრავ. მსიამოვნებს. მაგრამ კანონად კი არ მაქვს. ხან საუზმეს ვაყოლებ, ხან - ისე... სადილზე ერთ ჭიქა თეთრ ღვინოს გეახლებით. წარმოუდგენელია, რომ ერთი ჭიქა ღვინის გარეშე ვისადილო. ხან ვისკის დავლევ, ხან - არაყს. საღამოს 7-ის შემდეგ აღარ ვჭამ. არც მშივდება...

- ცოტა ხნის წინ მეუღლეს გამოემშვიდობეთ. ამ სევდის გაქარვება რთული იქნება. თან შვილები უცხოეთში ცხოვრობენ და მარტო ხართ...
- ჯერჯერობით მიმძიმს. ჩემს ირგვლივ ეს სიცარიელე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ უნდა გავუმკლავდე. ვცდილობ, ვაჟკაცურად გავუმკლავდე. ვაღიარებ რა, რეალობას, ვცდილობ ამის გამო წელში არ მოვიღუნო. თავზე შემოძახება ნამდვილად მახასიათებს. ოპტიმიზმის თვით შთანერგვა ნამდვილად ვიცი.
რა თქმა უნდა, ეს მარტოობა მძიმეა. 85-ეში გადამდგარ კაცს ყოველთვის რაღაც ისეთი სჭირდება, რომ ვიღაცამ ხელი შეუწყოს. მაგრამ მე ამით არ ვშინდები. ამ მარტოობაში, რაღაც, თავისებურად მისაღებია. ფიქრებში ხარ, მუშაობ... მე ძალიან დატვირთული ვარ, მარტო არასდროს ვარ. მე ყოველთვის ჩემს საქმესთან ერთად ვარ...

- თქვენს პოსტს, სადაც წერდით, რომ მეუღლის თხოვნით, მისი სხეულის კრემაცია უნდა მოხდეს და ფერფლი უნდა მოვაფრქვიო მის საყვარელ ადგილასო, ფეისბუქზე დიდი განხილვა მოჰყვა...
- მე, როგორც წესიერმა კაცმა, შევასრულე მისი სიტყვა და არაფერს გადავუხვიე. მას ეშინოდა კუბოსი, მიწის, პანაშვიდების... მთხოვა, საყინულეში არ ჩამდოო და ამას როგორ დავამადლიდი, არ გადამრიო. ასეც მოვიქეცი. მამაომ, ვინც მოვიდა, წესი აუგო და გააპატიოსნა, ეს ყველაფერი იცოდა. კრემაცია არავითარ ტრაგედიად არ მიიჩნია და ჩვეულებრივ მიიღო.
ნინას ძალიან უყვარდა მთაწმინდაზე და ფუნიკულიორზე სიარული. იქიდან გადმოიხედავდა, ზამთარი იყო თუ ზაფხული, ყოველთვის სეირნობდა.
- და მაინც მარტო ცხოვრება რთულია თქვენთვის?
- ცხოვრებამ რატომღაც ასე ინება, რომ მე მარტო ვყოფილიყავი. მაგრამ არ ვარ მარტო, საქმე, სტუდენტები, სულ დაკავებული ვარ. ვწუწუნებ, რომ 24 საათი არაფერში მყოფნის-მეთქი. ჩემი ცხოვრების წესით, სულაც არ ვარ მარტო.
- მგონია, რომ ავტობიოგრაფიულ სტილში, წიგნი უნდა დაწეროთ.
- ვინც თავის თავზე წერს, სხედან და თვითონ კითხულობენ თავიანთ წიგნებს. რა ვარ იმისთანა, რომ ჩემ თავზე წიგნი დავწერო და დავტოვო, არ გადამრიო. ჯერჯერობით, ამ ჭკუაზე ვარ.
ბევრი კი მაწვდის ამ იდეას, იციან, ცხოვრება გამოავიარე ძალიან აჭრელებული, შეიძლება ამის კითხვით ადამიანი გაართო, მაგრამ რა ვიცი, რაღაც ვერ გადავწყვიტე, რა...


05/05/2026