სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, პოდკასტში "ყველაფერი ესთეტიკაზე", ადრენალინისა და ადრენალინის კალმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ექიმის განმარტებით, მოსახლეობის მასობრივი აღჭურვა ამ პრეპარატით პრევენციის მიზნით არ ხდება. თუმცა, არსებობს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ადამიანს ეს აღჭურვილობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
როდის არის ადრენალინის კალამი აუცილებელი?
ექიმის თქმით, თუ ადამიანმა ერთხელ მაინც გადაიტანა ანაფილაქსია, მას ეს აღჭურვილობა მუდმივად თან უნდა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატი იყოს ექიმის მიერ გამოწერილი, შესაბამისი დოზირებით და გამოყენების სწორი ფორმით.

"მსოფლიოში ადრენალინის ძირითადად ორი თანამედროვე ფორმა არსებობს: ავტოინექტორი - ისტორიულად დამკვიდრებული ფორმა და ნეფი - ახალი ფორმა, რომელიც ევროპასა და ამერიკაში გამოიყენება. ეს არის ინტრანაზალური სპრეი (ცხვირში შესასხურებელი), რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო ეფექტურსა და მარტივს ხდის.
სამწუხაროდ, საქართველოში ამ ეტაპზე არცერთი ეს ვარიანტი არ არის ხელმისაწვდომი. ქვეყანაში მხოლოდ ამპულირებული ადრენალინია, რომელიც ინექციის სახით, კუნთშიდა გამოყენებისთვისაა განკუთვნილი,"- განმარტავს ექიმი.

ბიძინა კულუმბეგოვმა ხაზი გაუსვა იმ სპეციალისტების პასუხისმგებლობას, რომლებიც სხვადასხვა სამედიცინო თუ ესთეტიკურ პროცედურებს ატარებენ.
"პროფესიონალებს, რომლებიც ატარებენ გარკვეული ტიპის პროცედურებს და იყენებენ გამაყუჩებლებს, ადგილობრივი ანესთეზიის საშუალებებს, ანტისეპტიკებს (ქლორჰექსიდინი, იოდპოვიდონი და სხვა), მზაობა უნდა ჰქონდეთ როგორც ცოდნით, ისე შესაბამისი სამოქმედო გეგმით,"-ამბობს ექიმი.

მან ასევე განმარტა, რომ ხშირად გავრცელებული პრაქტიკა, როდესაც ადრენალინის ნაცვლად სტეროიდს (მაგალითად, დექსამეტაზონს) იყენებენ, მძიმე ანაფილაქსიის დროს (კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი გზების თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებისას) ეფექტური აღარ არის. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ადრენალინს ენიჭება. ამიტომ, სასურველი ყველა დაწესებულებაში, სადაც მსგავსი პროცედურები ტარდება, არსებობდეს ანაფილაქსიის მართვის პატარა ჩანთა, რომელშიც პირველი რიგის არჩევის პრეპარატი ადრენალინი იქნება.
04/16/2026