Logo

საზოგადოება

"აღდგომა არ არის მხოლოდ რელიგიური მოვლენა" - ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

"აღდგომა არ არის მხოლოდ რელიგიური მოვლენა" - ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

აღდგომა, მხოლოდ კალენდარული დღესასწაული არ არის. ამ დიდ საიდუმლოს, არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ფსიქოლოგიური და ადამიანური კუთხითაც უნდა შევხედოთ. ბევრისთვის ეს დღე, რწმენის, იმედისა და განახლების დასაწყისია, რომელიც ადამიანს ყველაზე ღრმა გრძნობებთან და შეკითხვებთან აბრუნებს.
ახალგაზრდა ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე ამ დღესასწაულთან დაკავშირებულ ემოციურ განწყობას გვიზიარებს და აღდგომას, ტკივილის სინათლედ გარდაქმნის, სულიერი განახლებისა და ადამიანის შინაგანი ტრიუმფის სიმბოლოდ წარმოაჩენს.


ნინი დგებუაძე:

"აღდგომის საიდუმლოება ჩემში, უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს.
ეს არ არის მხოლოდ რელიგიური მოვლენა.
ეს არის ადამიანის სულის უდიდესი ტრიუმფი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენში არსებული ძალა ყოველგვარ ბიოლოგიურ თუ ფსიქიკურ დეტერმინიზმზე მაღლა დგას.

როგორც ფსიქოლოგი, მე ვხედავ ამაში იმ უნიკალურ პოტენციალს, რასაც ქრისტე მოგვიწოდებს: „იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა“. ეს არის მოწოდება, რომ ადამიანი იქცეს ხატად და მსგავსად არა როგორც სტატიკური მოცემულობა, არამედ როგორც მუდმივი, დინამიკური პროცესი საკუთარი თავის ხელახლა დაბადებისა.

აღდგომის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს აქვს უნარი, თავისი ტკივილი, ტრავმა და თავად სიკვდილიც კი გარდაქმნას სინათლისა და სიყვარულის წყაროდ. ეს არის უმაღლესი ფსიქოლოგიური და სულიერი „ალქიმია“.

თეოლოგიური კუთხით, ადამიანი შექმნილია „ხატად და მსგავსად“.
თუ „ხატი“ ჩვენში ჩადებული ღვთაებრივი პოტენციალია, მსგავსება არის ის, რასაც ჩვენი თავისუფალი ნებით უნდა მივაღწიოთ. აღდგომა არის ამ მსგავსების კულმინაცია. ქრისტეს სიტყვები „რა მე მგავდეთო“ არ არის მხოლოდ მორალური დარიგება, ეს არის ეგზისტენციალური მიზანი.

ფსიქოლოგიურად, ეს ნიშნავს ადამიანის უნარს, გასცდეს თავის ეგოს, შიშებსა და ინსტინქტებს და დაუკავშირდეს საკუთარ შინაგან „თვითობას“ (Self), რომელიც უცვლელი და მარადიულია.

აღდგომის პროცესი გვასწავლის, რომ არ არსებობს აღორძინება მსხვერპლშეწირვის გარეშე.

ჩვენ უნდა „მოვკლათ“ საკუთარ თავში მსხვერპლის როლი. სანამ ადამიანი საკუთარ ტკივილს გარემოებებს ან სხვებს აბრალებს, ის „საფლავშია“. ქრისტეს მსგავსება ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ჯვარზე.

ეს არის თეოზისი (განღმრთობა)- პროცესი, სადაც ადამიანი თავისი ბუნებით უახლოვდება ღვთაებრივს. როდესაც ჩვენ ვპატიობთ, როდესაც უანგაროდ გვიყვარს, როდესაც სხვის ტკივილს საკუთარივით ვგრძნობთ, ჩვენ სწორედ მაშინ „ვგავართ“ მას.

აღდგომა არ ნიშნავს, რომ სიბნელე აღარ არსებობს. ის ნიშნავს, რომ სიბნელემ დაკარგა თავისი ძალაუფლება ჩვენზე.

როგორც ფსიქოლოგიაში ვამბობთ, „ის, რაც გაცნობიერებულია, აღარ გმართავს“. აღდგომა არის ცნობიერების სრული გაფართოება.

მსგავსად ხატისა, უნდა ჩავიდეთ ჩვენს არაცნობიერში, ჩვენს „ჯოჯოხეთში“ და იქიდან ამოვიყვანოთ ჩვენი მივიწყებული, დათრგუნული ნაწილები. ეს არის ფსიქიკური მთლიანობის აღდგენა.

აღდგომის დღესასწაული გვიტოვებს უმთავრეს გაკვეთილს, რომ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე შენი ისტორია.

არცერთი მარცხი არ არის საბოლოო. ადამიანის სულს აქვს რეგენერაციის საოცარი უნარი. თუ თქვენს ცხოვრებაში ახლა „პარასკევია“ და ყველაფერი ინგრევა, გახსოვდეთ, რომ კვირა, აღდგომის დღე გარდაუვალია მათთვის, ვინც გზას აგრძელებს.

როდესაც ადამიანს უყურებთ, ეცადეთ დაინახოთ მასში „ხატი“ და არა მისი შეცდომები. ეს არის ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური თერაპია დაინახო ადამიანში ის სიდიადე, რომელიც მას თავად დაავიწყდა.

თქვენს გარემოცვაში ყოველთვის არის ვინმე, ვინც „საფლავშია“ (დეპრესიაში, იმედგაცრუებაში). იყავით ის ანგელოზი, რომელიც ლოდს გადააგორებს. თქვენი ერთი კეთილი სიტყვა შეიძლება გახდეს სხვისი აღდგომის დასაწყისი.

გაბედეთ სიკვდილი, რათა იცოცხლოთ !

ნუ გეშინიათ ძველი ჩვევების, ძველი იდენტობისა და იმ ილუზიების დათმობის, რომლებიც წინსვლაში გიშლით ხელს. სიკვდილი მხოლოდ ძველს სჭირდება, რათა ახალმა იფეთქოს.

უდიდესი პატივისცემით მინდა მოვიხარო ქედი ყოველი თქვენგანის წინაშე, ვინც ყოველდღიურად გადის თავის გოლგოთას და მაინც პოულობს ძალას, რომ უყვარდეს. თქვენი უნარი იყოთ „მსგავსნი“ ქრისტესი თქვენს მოთმინებაში, მიტევებასა და შემოქმედებაში არის ის, რაც ამ სამყაროს აცოცხლებს.

აღდგომა არის დასტური იმისა, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მანქანა. ის არის სულიერი პროექტი, რომელიც მარადისობისკენ მიისწრაფვის.

გისურვებთ, რომ თქვენი ცხოვრება იყოს არა მხოლოდ აღდგომის მოლოდინი, არამედ თავად აღდგომის პროცესი - ნათელი, ძლიერი და სიყვარულით სავსე."

ავტორი: ზმნა

04/10/2026

აღდგომადღესასწაულინინი დგებუაძეფსიქოლოგია
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024