რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მარნეულიდან 50 კილომეტრში, სომხეთის საზღვართან, მდინარე შულავერის ხეობაში არის სოფელი ოფრეთი. სოფელში პატარა ტაძარია - ზიარის ანუ ნათლისმცემლის სახელობის. ამასთან დაკავშირებით ორი ვერსიაა: ერთით ის იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა, ხოლო მეორე ვერსიით - ღვთისმშობლის.


ტაძრის შესასვლელი კარის თავზე ქრისტეს ნათლობის ფრაგმენტის რელიეფურ გამოსახულებას ნახავთ. ალბათ, ამიტომაც არის სცნობილი, რომ ეს პატარა ტაძარი ნათლისმცემლის სახელობისაა.

თუმცა ტაძრის შუაში, სადაც იმ ხატს ათავსებენ, ვისი სახელობისაც არის ის კონკრეტული სალოცავი, ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული, რომელზეც გამოსახული ღვთისმშობლის ემბაზიდან წყარო იღვრება, ცხოველმყოფელი, მაკურნებელი წყალი. ქრისტეს სიტყვები გაგახსენდებათ, სამარიტელ დედაკაცს რომ ეუბნება - ამ წყალს რომ დალევ, აღარ მოგწყურდება. ცხადია, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სახარებაზე ეუბნება, თუმცა წყლის მაგალითით, რახან ჭასთან იმყოფებოდნენ.
სოფელში, გადმოცემის თანახმად, ბერძნებს უცხოვრიათ. ტაძარიც ბერძნული ხუროთმოძღვრების ნიმუშად ითვლება. რამდენიმესაუკუნოვან ქრისტიანულ სალოცავს, დაახლოებით მე-19-მე-20 საუკუნეში, ბერძნები პატრონობდნენ.




რითია ეს ტაძარი გამორჩეული და უნიკალური?
ტაძარში საკურთხევლიდან მოედინება ანკარა ცივი წყალი და პატარა არხით გარეთ გამოედინება.

წყალი მეორე მხარესაც, სპეციალურად გაკეთებულ საცავში გუბდება.

ტაძრის საძირკველიდან მომდინარე წყლით, როგორც გავიგე, სოფელი მარაგდება.
ცნობილია, რომ ეს გემრიელი, ანკარა წყალი მაკურნებელი თვისებით გამორჩევა. მორწმუნეებმა ვიცით, რომ რწმენით მიღებული ყლუპი წყალიც კი გვკურნავს.

ტაძარში შედიხართ ფეხშიშველი და მთელი სხეულით შეიგრძნობთ ამ ცივ წყალს, რომელიც საკურთხევლიდან მოჩუხჩუხებს. ტაძარში მდგომს გაქვს შეგრძნება, რომ მას იქიდან, შეუცნობელი, დაფარული ადგილიდან ამბები ჩუხჩუხით გამოაქვს, თან მადლი მოჰყვება და შენ ის უნდა "დაიჭირო". როგორც უფლის სიტყვა, რომელიც გულში უნდა აღმოგვიცენდეს...
უცხო შეგრძნება გეუფლებათ, ფეხშიშველი დგახართ ძველ ტაძარში, ხატების გარემოცვაში, ყინულივით ცივ წყალში და ლოცვას უშვებთ სამყაროს შემოქმედთან...
ეს უნდა განიცადოთ...
განა იმიტომ, არიქა, მაკურნებელი წყალია და აბა, ვნახოთ, თუ განმკურნავსო. "არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი" - მათეს სახარებიდან ვიცით. უბრალოდ, სულ სხვა ემოცია დაგეუფლებათ, სხვაგვარად მოგინდებათ უფალთან კონტაქტი, განსხავვებული ემოციური კუთხით.
ტაძარში მისვლისას თან მიიყოლეთ სანთლები და ბოთლი ამ წყლის წამოსაღებად...
ოფრეთში, ამ ტაძართან ახლოს შალვა ახალციხელის სახელობის დედათა მონასტერიც მდებარეობს, მაგრამ ის დღეს აღარ ფუნქციონირებს.
07/23/2026