საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"აი , ლანას გამო რა წამოვიდეს უყურეთ კარგად," - დაწერა სოციალურ ქსელში მღვდელმა ექვთიმე სარალიძემ.
ექვთიმე (ვალერიანე) სარალიძე ერთადერთი სასულიერო პირი აღმოჩნდა, რომელმაც გარდაცვლილი ლანა ლატარიას ოჯახს, ქალიშვილის ტაძარში დასვენება შესთავაზა და გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც აღავლინა.
"ერთი დაკარგულისთვის ღირს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ამოყვანა ცეცხლის ალისაგან. ვლოცულობ ლანასათვის და არ მივცემ ბოროტ ძალებს ( ბოროტი ძალები არის: ბოროტი სხვადასხვა სახის სულები) რომ არ დაღუპონ მისი სული," - წერს მოძღვარი.
"ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ.
ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ - მღვდელი ექვთიმე სარალიძე," - ექვთიმე სარალიძის ამ წინადადებას საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა.
მრევლში, მოძღვრის მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებს იხსენებენ და მადლობას უძღვნიან.
"მამა ექვთიმე ის მოძღვარია, უფასო პურს რომ არიგებდა ქუთაისში, მათთვის, ვისაც სჭირდებოდა."
"მადლობა მამა ექვთიმე სარალიძეს, რომელიც ნამდვილად და ცხადად ასრულებს იმ საქმეს, რა მისიაც უხსოვარი დროიდან ჰქონდათ სასულიერო პირებს, ასეთ ადამიანებზე იდგა ჩვენი ეკლესია უხსოვარი დროიდან."
თავად სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნუგეში ყველას სჭირდება და ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებლად მიაჩნია.
„გასაჭირის დროს გვერდში დგომა უფრო მნიშვნელოვანია. ქრისტე ყველას ანუგეშებს და ნუგეში ყველას სჭირდება. ძალიან რთული პერიოდია. ყველაფერს ფსიქოლოგიური ფაქტორი განაპირობებს და იმისთვის, რომ ხალხის რწმენა არ დაიკარგოს, საჭიროა მსგავსი ნაბიჯების გადადგმა.
მირჩევნია, ერთი სულიც კი გადავარჩინო, თუნდაც გამაკრიტიკონ. მირჩევნია, ქრისტეს გზას მივყვე“ - უთხრა ს მამა ექვთიმე სარალიძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ჯარისკაცს, უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატარიას, რამდენიმე დღის წინ ქალიშვილი გარდაეცვალა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ, გარდაცვლილის ეკლესიაში დასვენებაზე უარი განაცხადა. ეს ინფორმაცია გარდაცვლილის მამამ თავად გაავრცელა.
08/04/2026