კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ეს ისტორია შესაძლოა ახლა პირველად შეიტყოთ. როდესაც ამირან არაბული ეთერ თათარაიძის ხელის სათხოვნელად სასიმამროსთან ზამთრის საძოვრებზე გაეშურა, თან ტარიელ ხარხელაური ახლდა, ახლო მეგობარი და მესაიდუმლე.
"ზმნა" თავის მკითხველს ფოლკლორისტების ოჯახის შექმნის ამბავს სთავაზობს.
ამბავს პოეტი იხსენებს.
ტარიელ ხარხელაური: მე და ამირან არაბული, როგორც ხევსური ხევსურთან, ისე ვმეგობრობთ... ეს მეგობრობა გასულის საუკუნის 70-იანი წლებიდან მოდის.
ეთეროს ხელის სათხოვნელად მამამისთან მე, ამირანი და ლელა ვიყავით ჩასული სამუხში, ცხვარში, ზამთრის საძოვარზე. ექვსი საათი ვიარეთ. თუ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვთ, აქ რა მოგარბენინებდათო, გვითხრა და იქვე პატარა გორაზე სუფრა გაგვიშალა, ცხვრის ხორცი და ყველი ჰქონდა... და უზარმაზარი თუშის გულით დაგვხვდა. სასიამოვნო ოჯახი აქვთ თათარაიძეებს... და ჩემს ამირანს. ეთეროს ოჯახისნაირი ოჯახების სიმრავლეს ვუსურვებ საქართველოს.
ამ ამბავს ეთერ თათარაიძე ასე გვიყვება:
ეთერ თათარაიძე: მე ხუმრობა მეგონა, როცა ტარიელმა მითხრა, მე და ამირანი მამაშენთან მივდივართ შენი ხელის სათხოვნელადო. მე კი ვხვდებოდი, რომ ამირანს მოვწონდი, მაგრამ არც ისე იყო საქმე, რომ ხელის სათხოვნელად მისულიყო მამაჩემთან.
წავიდნენ და ორ დღეში უკან მობრუნდნენ, ამბავი მომიტანეს. მამას შირაქში ჩააკითხეს, ცხვარში. მამას უკითხავს, ამხელა გზაზე რამ გატარათ, ეთერომ იცისო? ტარიელს უთქვამს, იცისო. მე ჩემს შვილს ვენდობი, თანახმა ვარო. ბიჭებს რაღაც საგზალი ჩაუტანიათ და სად გავშალოთო, უკითხავთ მამაჩემისთვის. იქვე მინდორში ყვავილები ბიბინებდაო, ჰყვებოდნენ. მამა პოეტური კაცი იყო. ნახეთ, რომელი სუფრაც მოგეწონებათ, იქ გაშალეთო, უთქვამს სტეფანეს.
***
ფოლკლორისტების წყვილი ბედნიერად ცხოვრობს და დღემდე ერთად ქმნიან ქართული ფოლკლორის ფასდაუდებელ ისტორიას. ჰყავთ სამი შვილი და შვილიშვილები...
12/14/2025