Logo

საზოგადოება

"აკაკის განადგურებული გოგო უნახავს საფლავზე და..." - რა ტრაგიკული ისტორია იმალება "სულიკოს" მიღმა

"აკაკის განადგურებული გოგო უნახავს საფლავზე და..." - რა ტრაგიკული ისტორია იმალება "სულიკოს" მიღმა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ცოტამ თუ იცის, რა ტრაგიკული ისტორია იმალება აკაკი წერეთლის ლექსის "სულიკოს" მიღმა. მაინც რა გახდა მგოსნისთვის ამ ლექსის ინსპირაციის წყარო.

ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე თავისი ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრების გზაზე უამრავ ექსპედიციაშია ნამყოფი და აღმოჩენებიც ბევრი გაუკეთებია. ერთ-ერთ გამორჩეულ და ძალზედ საინტერესო აღმოჩენად კი, ფოლკლორისტი, "სულიკოს" საცხოვრებელი სოფლის აღმოჩენას მიიჩნევს.

"საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო", – ამ ფრაზის მიღმა ტრაგიკული ისტორია იმალება.

ეთერ თათარაიძე: – ჩემი ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ პატარა თონეთში, იგივე დვალთაში მუშაობისას, ერთმა მოხუცმა, შემთხვევით მკითხა: ეს ხომ იცით, რომელი სოფელია? სიმღერა “სულიკო” ხომ იციო? “სულიკო” მთელმა მსოფლიომ იცის-მეთქი. და იცით, რომ ის სულიკო ამ სოფლიდან იყოო?

ქართლელები არტისტულად არაფერს ამატებენ. რაც გაუგიათ, პირდაპირ გიყვებიან. ძალიან დამაინტერესა, გამოვკითხე და ძალიან მტკივნეული ისტორიაც აღმოჩნდა.

ამ სოფლის მამაკაცებს, ურმებით თბილისში გასაყიდად ნახშირი ჩამოჰქონდათ. (1960 წელში 90 წელს გადაცილებული მამაკაცების ნაამბობს მოგვიანებით მივაკვლიე) მათ შორის იყო 30 წლის ზალიკო სამადალაშვილი. ეს ზალიკო თბილისში გაეცნო აკაკი წერეთელს და მისთვის, ნახშირთან ერთად, სხვა პროდუქტებიც ჩამოჰქონდა. ზალიკოს ჰყავდა უმცროსი ძმა, სულიკო სამადალაშვილი, რომელსაც მისსავე სოფლელი გოგო შეუყვარდა.

წყვილი დაინიშნება. გვიანი შემოდგომა იყო და ქორწილისთვის ემზადებოდნენ. სულიკო წავიდა ქალაქისკენ, საქორწილო ტანსაცმლის საყიდლად. გავიდა ორი დღე, სულიკო არსად ჩანდა. დაიკარგა ეს ახალგაზრდა კაცი. დანიშნულიც ელოდება. ატყდა განგაში. მოიკითხეს ქალაქშიც, მიმდებარე სოფლებშიც, მაგრამ გზა-კვალი არსად ჩანდა. ეს საცოლეც დადის ტირილით და ეძებს თავის საქმროს. რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, ხალხური ნარატივის თანახმად, მანგლისის ტყეში იპოვიან ძვლებს, ქამარ-ხანჯალს და სამოსის ნაფლეთებს. ბალთით და სამოსით იცნობენ, რომ სულიკოს ნეშტია.

გაზაფხულზე ჩავიდა ისევ ზალიკო ქალაქში და მივიდა აკაკისთან. აკაკის გამხდარი მოეჩვენა და შეცბუნებულმა ჰკითხა – რა გჭირს, სად დამეკარგე, არც ვიცოდი, როგორ უნდა მეპოვე. მშვიდობა გაქვსო? არ მაქვს მშვიდობაო, უპასუხია ზალიკოს და უამბია თავისი ძმის ამბავი…

აკაკიზე ამ ისტორიას ძალიან უმოქმედია და მეორე ჩასვლაზე ზალიკოსთვის მისი უკვე საქვეყნოდ ცნობილი "სულიკოს" ლექსი დაუხვედრებია. ოღონდ ასე იწყებოდა – "ჩემი ძმის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო…" თან უთქვამს, ჩვენ იმდენი ხნის ნაცნობობა გვაქვს, მე ვერ გავძლებ და შენს ოჯახში ამოვალ სამძიმრის სათქმელადო.

არსებობს მოხუცის ნაამბობი, რომელიც ჰყვებოდა: 12 წლის ვიყავი, როდესაც აკაკი წერეთელი დვალთაში ეტლით შემოვიდაო. სოფელმა პატივით მიიღო მგოსანი. აკაკის სულიკოს საფლავზე მისვლა უთხოვია. იქ მისულს, მომტირალი საცოლე უნახავს. ეს გაუბედურებული და განადგურებული გოგო რომ უნახავს, მერე გადაუკეთებია აკაკის თავისი ლექსი, "საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო." ისე კი ლექსის პირვანდელი ვერსია, იქვე წაუკითხავს მგოსანს.

ვარინკა წერეთელი

მერე უკვე ვარინკა წერეთელმა ამ ლექსზე დაწერა სიმღერა, რომელმაც მსოფლიოში პოპულარული გახადა ის და "საყვარლის საფლავის" მძებნელი ადამიანის სევდიანი ამბავზე ბევრიც აღიღინა.

ლექსი "სულიკო" პირველად 1895 წლის 9 ივლისს ჟურნალ “კვალში” დაიბეჭდა. 1900 წელს კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა “სულიკოს” მელოდია ნოტებზე გადაიტანა, ფორტეპიანოზე შესასრულებლად. 1905 წელს “სულიკო” პირველად შესრულდა ქუთაისის სახალხო თეატრში, 1937 წელს კი მოსკოვში ჩატარდა საქართველოს კულტურის დღეები, რომელსაც დიდი ბელადი დაესწრო. "სულიკო" ქალთა ანსამბლმა შეასრულა, რომელიც ხალხურ სიმღერად გამოცხადდა. მას შემდეგ სიმღერას ყველა ხალხურად ასაღებდა. ამ აღმაშფოთებელ ფაქტს თავად ვარინკა წერეთელმა მიხედა, ხელისუფლებას მოსთხოვა საავტორო უფლებების აღდგენა და დასტურიც მიიღო. 1938 წელს "სულიკოს" მელოდიის ავტორად ვარინკა წერეთელი დადგინდა.

1848 წელს ვარინკა "სულიკოს" ჰანგების თანხლებით დაუკრძალავთ.

ავტორი: თამარ გონგაძე

03/13/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024