საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფორუმი "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება - საქართველოს გულისთვის“ 8 თებერვალს ექსპოჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში შედგა.
ფორუმი განსხვავებული აზრების შეჯერებას და ქვეყნის მომავალზე საერთო ხედვის შემუშავებას ეძღვნება.
მიწვეული სპიკერები მსჯელობენ სახელმწიფოს როლზე, მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ქვეყნის ღირებულებებსა და საქართველოს ადგილზე მსოფლიოში. დამსწრეთ კი აქვთ ჩართულობის - კითხვის დასმის, მსჯელობის საშუალება.
8 თებერვლის ფორუმის ერთი-ერთი სპიკერი ნინო კასრაძე იყო. მსახიობმა, დამსწრე საზოგადოებასთან, კულტურის სფეროში არსებულ მძიმე რეალობაზე ისაუბრა. მან აქცენტი გააკეთა თეატრზე, კინოზე და დამსწრეთ, თავისი უიმედობის შესახებ, ემოციები გაუზიარა.
ნინო კასრაძე: სიმონ ჯანაშიამ დამირეკა და მთხოვა აქ მესაუბრა იმაზე, როგორ ვხედავ ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
დღევანდელი მოცემულობით უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ვარ დათრგუნული, უიმედო, ემოციურ მდგომარებაში...
იმ პირობით, თუ ჩვენ დავუშვით, რომ ეს ხელისუფლება წავა (და ეს ასეც იქნება; რა ფორმით, არ ვიცი, მაგრამ ეს ასე მოხდება), დადგება ის ნანატრი დრო, როდესაც საქართველო დაუბრუნდება განვითერების სწორ გზას, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი უნდა დაიწყოს დღეს. შეიძლებ გუშინაც უნდა დაწყებულიყო.
ჩვენ, ხელოვანი ხალხი, საქართველოს მხოლოდ კულტურასთან ერთად ვხედავთ. მხოლოდ კულტურა უნდა იყოს ქვეყნის ავანგარდი, სხვანაირად შეუძლებელია.
დღეს მძიმე მდგომარეობაა. ბათუმის თეატრმა მოხსნა პრემიერა და დაწერა მიზეზი, რომ "სპექტაკლში რეჟისორი გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას და თეატრი კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას." ეს დასასრულის დასასრულია!
ახლა კულტურა მოიაზრება - "ხო გავარემონტეთ?" ხელფასი ხო მოვუმატეთ?" ეს არაფერს ნიშნავს. განსხვავებული აზრი იდევნება.
სახელმწიფო თეატრები მუშაობენ. მათი ხელმძღვანელობა იტყვის, რა გინდათ, ძმაო, დაგვანებეთ თავი, ვმუშაობთო. მაგრამ განსხვავებული აზრის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს თეატრი და კულტურის დარგები, მით უმეტეს - თეატრი და კინო.
მე შემიძლია ვთქვა, როგორც ჰამლეტმა, "რაღაც დალპა დანიაში", მაგრამ დამთავრდება სპექტაკლი, გადმოვდგამ ნაბიჯს და არ შემიძლია გულზე დავიწერო - "თავისუფლება სინდისის პატიმრებს!" ასეთ კანონებს იღებენ. აქამდე მივედით. ჩვენ ვეღარ მივიღებთ ასეთ პროტესტებს. ის პროტესტები, სადაც ხელოვანებმა თავი აჩვენეს, გასული 30 წლის დამსახურებაა. ავად თუ კარგად, მაგრამ ეს არის დამოუკიდებელ საზოგადოებაში აღზრდილი ხელოვანები. მაგრამ თუ ასეთი კანონებით ვიცხოვრებთ, ხვალ არავინ აღარ გამოვა, რადგან არ არის სცენა სუბიექტური აზრისთვის... და ხელოვნება სუბიექტურია.
კერძო თეატრებს არ აქვთ მხარდაჭერა. განწირულები არიან.

ჩემი ცხოვრება მოზარდმაყურებლთა თეატრიდან დაიწყო, რუსთაველის თეატრში გაგრძელდა. მე ამ თეატრმა გამხადა იმად, რაც ახლა ვარ. უდიდესი წვლილი შეიტანა. მაგრამ ადამიანები იცვლებიან, ვითარება იცვლება და ჩვენ უნდა მოვიქცეთ ჩვენი მრწამსის და სინდისის კარნახით.
რუსთაველის თეატრის მსახიობი 2019 წლიდან აღარ ვარ. ამაზე ხმამაღლა არ მისაუბრია. გავრილოვის ცნობილი მოვლენების შემდეგ, მე ჩავთვალე, რომ ჩემი ყოფნა რუსთაველის თეატრში, შეუძლებელი იქნებოდა.
მინდა კინოს შევეხო. მესამე წელია კინოცენტრი არ ფუნქციონირებს. კინოცენტრი არის ჩვენი მთავარი არტერია. ის "ნაციონალური მოძრაობის" დროს შეიქმნა, "ქართული ოცნების" დროს კვლავ აგრძელებდა მუშაობას. მაგრამ დღეს გაჩერდა, რადგან ხელოვანების 70 პროცენტი, ვინც კინოს წარმოადგენს, ბოიკოტშია. გადავიდა ეს ხალხი რეკლამაში, დროებით სამუშაოში.
ამ კინო ფესტივალზე ბოლო ფილმი იყო და მორჩა. აღარაფერი აღარ დაფინანსდება. თბილისის ფესტივალი ამ შემოდგომაზე დაფინანსების გარეშეა. სულს ღაფავს, ან იქნება და ან - არა. ვინმესთან რომ მივა დასაფინანსებლად, ისიც დაფიქრდება, ჩაეთვლება თუ არა ეს "პოლიტიკურში" და არ დააფინანსებს.
კინო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური პრობლემები, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, ონკოპაციენტებისთვის მკურნალობა, კრიმინალი, სტრატეგიული პარტნიორები. აი, ასე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კინო. იგივე ხდება მხატვრობაში და ლიტერატურაში...
02/08/2026