Logo

ბიზნეს ამბები

ახალი რეგულაცია პლასტმასის ბოთლებზე - ბიზნესის მხრიდან დანახული სიმართლე

ახალი რეგულაცია პლასტმასის ბოთლებზე -  ბიზნესის მხრიდან დანახული სიმართლე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საქართველოში, პლასტმასის ბოთლებში სასმელების მიწოდებისა და წარმოების ეტაპობრივი აკრძალვა იგეგმება. გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების განცხადებით, გარემოს დაცვას ისახავს მიზნად, ბიზნესის ნაწილში სერიოზულ კითხვებს აჩენს.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2026 წლის 1 ივლისიდან, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებში მიწოდება აეკრძალებათ, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება, იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსებაც დაუშვებელი გახდება.

პლასტიკატის ბოთლი

დადგენილება გარკვეულ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელებზე.

მთავრობის განმარტებით, რეგულაციის მიზანი, პლასტმასის ნარჩენების შემცირება და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შეჩერებაა. თუმცა ბიზნესმენების ნაწილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების გამომწვევი მიზეზი გახდეს.

Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ რეგულაცია ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული და მისმა გავლენამ შესაძლოა ბიზნესის დიდი ნაწილი დააზიანოს და არა ერთი კონკრეტული სექტორი.

თემურ ჭყონია

ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ სასმელების მწარმოებლებზე, არამედ იმ კომპანიებზეც, რომლებიც ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ მიწოდების ჯაჭვში მუშაობენ, მათ შორის პლასტმასის შეფუთვის, საცობების, ეტიკეტებისა და სხვა კომპონენტების მწარმოებლებზე.

„ამ გადაწყვეტილების შედეგად, უამრავი მცირე მეწარმე დაზარალდება. გაკოტრდებიან პეტის მწარმოებლები, საცობის, ეტიკეტის მწარმოებლები...

სიტყვა გადაწყობა ამ შემთხვევაში უადგილო და სასაცილოა. პროცესი მთლიანად უნდა გააჩეროთ.

მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენი ჩამოსასხმელი ხაზი 10 მილიონი ევრო ღირს. გადაწყობა ნიშნავს, რომ ეს 10 მილიონ ნახევრიანი ხაზი ამოიღო და სხვა 10 მილიონიანი დადო.

გადაწყობა პეტის ჩამოსხმიდან ბოთლზე შეუძლებელია.

მთელი ჩვენი უბედურება ის არის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს მართავენ საკითხებში ვერ ერკვევიან - ვერც ფასებში, ვერც ტექნიკაში, ვერც ბაზრის მოთხოვნაში," - აღნიშნა თემურ ჭყონიამ „ზმნასთან“ საუბარში.

რეციკლირება

ბიზნესის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ სექტორი უკვე წლებია საუბრობს ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების სისტემის განვითარებაზე, რაც ბევრ ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევა.

თემურ ჭყონიას განცხადებით, მსგავსი მექანიზმები საშუალებას იძლევა პლასტმასის ნარჩენები გადამუშავდეს და კვლავ ეკონომიკურ რესურსად გადაიქცეს.

„რატომ არ ხდება სეპარაცია და შეგროვება? იმიტომ რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება მიღებული არ არის.

ამბობენ, რომ ნარჩენი სიბინძურეა. ნარჩენი არის პროდუქტი, რომლის ხელმეორედ გამოყენებით შეიძლება მეორე პროდუქტი მიიღო და ეს ფასეული ნარჩენია, რომლის გადამუშავებას, რეციკლირებას, შეგროვებას 10 წელიწადია ვითხოვთ,“- ამბობს ბიზნესმენი.

ექსპერტები, მთელს მსოფლიოში, მიიჩნევენ, რომ გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა, როგორც რეგულაციების, ისე ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების საშუალებითაა შესაძლებელი. ამ პროცესში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობას ენიჭება. მსგავსი მოდელები უკვე არაერთ ქვეყანაში გამოიყენება და ისინი საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობით რეგულირდება.

ავტორი: ზმნა

03/15/2026

აკრძალვათემურ ჭყონიაკოკა-კოლაპლასტიკატის ბოთლები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024