Logo

საზოგადოება

"ახლა ყველაზე მეტად ჩემს შვილებს ვჭირდები-მეთქი... ეს ახალი ეტაპი უნდა მიგვეღო" - ნეკა სებისკვერაძე ოჯახის მძიმე პერიოდზე

"ახლა ყველაზე მეტად ჩემს შვილებს ვჭირდები-მეთქი... ეს ახალი ეტაპი უნდა მიგვეღო" - ნეკა სებისკვერაძე ოჯახის მძიმე პერიოდზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ნეკა სებისკვერაძე არის მომღერლების იმ კატეგორიიდან, რომლებიც თავიანთ პირად ცხოვრებაზე, საჯაროდ, არაფერს ჰყვებიან. ვერც მის ინტერვიუებს გადაეყრებით. ცხოვრობს მშვიდად, საქმიანობს, შორს არის ყოველგვარი საჭორაო თემისგან, სკანდალზე ლაპარაკიც ზედმეტია.

შვილებსა და სტრესთან გამკლავებაზე ნეკამ "იმედის" დილის გადაცემაში ისაუბრა...

ნეკა სებისკვერაძე: სტიმული ჩემმა შვილებმა მომცეს. მათ უხარიათ, რომ დედა კარგად არის, წარმატებულია.

მე და ჩემი შვილები ვმეგობრობთ. დედა-შვილის ურთიერთობაში ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზია. ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებთ, ვეკითხებით რჩევებს. ყველაფერში თანხვედრა გვაქვს და ერთ ენაზე ვსაუბრობთ.

მუსიკა ძალიან უყვართ, ორივეს არაჩვეულებრივი სმენა აქვს. მელომანები არიან. ხშირად ვსტუმრობთ ჯაზკლუბებს.

რახან სამნი ვართ ოჯახში, პასუხისმგებლობას ბიჭები თვითონაც ინაწილებენ და ცდილობენ რაღაც შემიმსუბუქონ, გამიადვილონ. ერთმანეთს ძალიან ვუფრთხილდებით. მე ჩემი შვილების მადლობელი ვარ.

რაც შვილში ჩადებული ენერგიის უკან დაბრუნებას მოაქვს, ეს სიამაყის განცდა ხშირად მაქვს. ეს ყველაზე დიდი სიხარულია. ჩემი ყველაზე დიდი წარმატება მგონია, რომ ჩემი ბიჭები არიან. ძალიან სავსე ვარ, რომ ისინი ჩემს ცხოვრებაში არიან.

რაც შეეხება სტრესთან გამკლავებას, მგონია, რომ ყველა ადამიანი ჯანსაღი ფსიქიკით უმკლავდება ყველა სტრესს. ყოფილა შემთხვევები, დახმარებაც დამჭირვებია. ყოფილა შემთხვევები, ექიმისთვისაც მიმიმართავს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის ჯანსაღი ფსიქიკა, რომლითაც შენს თავს თვითონ მკურნალობ. გარკვეულ სტრესულ და მძიმე გარემოებებში, ადამიანმა შენს თავზე შემოძახების უნარი და სტიმული არ უნდა დაკარგო.

ნანიკო ხაზარაძე: მე და ნეკა ერთად ვიყავით ხელვაჩაურში, შვილმა რომ დაურეკა და უთხრა ხელი მოვიტეხეო. ბევრი სტრესული სიტყვა გავიგონე, მაგრამ ნეკამ ტელეფონი დაკიდა და მშვიდად განაგრძო საქმე, რომლის პასუხისმგებლობაც ჰქონდა აღებული. ასე როგორ იქცევი?

ნეკა: რთული რამ გამახსენე. როგორ ვინერვიულე. ეს მომენტი მე უნდა ვმართო და საქმეს არ უნდა შეეხოს. ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, ვცდილობ, შვილი არ დავაპანიკო, არ შევაშინო. ჩემს თავს ვეუბნები, ახლა თავი ხელში აიყვანე, დარტმა შენს თავზე აიღე, არ შეაშინო და პოზიტიურად მიაწოდე-მეთქი. ვთვლი, რომ ემოციის მართვა დღეს, ასეთ სტრესულ ყოფაში, უმთავრესი საკითხია. რჩევები მიმიღია პროფესიონალებისგან. მაგრამ მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც არის შინაგანი პოზიტივი - ეს ასე უნდა მომხდარიყო, ეს არის ახალი ეტაპი, ის გამოწვევა, რომელმაც შეიძლება გაგზარდოს-მეთქი, ვეუბნები თავს. ამ შინაგანი პოზიტივით ვხელმძღვანელობ. ესეც ხასიათის ნაწილია, არ ვარ დეპრესიისკენ მიდრეკილი.

ოთხი წლის წინ მძიმე პერიოდი გადავიტანე. პანდემიის დროს, ორი კვირის ინტერვალით, დედ-მამა დავკარგე... ასეთ რთულ მოცემულობაში, აღმოვჩნდი საკითხის წინაშე - ახლა ყველაზე მეტად შვილებს ვჭირდები-მეთქი. ისინი არ უნდა დამძიმებულიყვნენ, რადგან ეს მათთვისაც უდიდესი დანაკლისი იყო... ეს იყო ჩვენი ოჯახისთვის ახალი ცხოვრების ეტაპი, რომელიც უნდა მიგვეღო ისე, როგორც არის და ძალიან ჯანსაღად და ყოჩაღად უნდა გავმკლავებოდით. ახალ გამოწვევებს მყარად დავხვედროდით.

ჩემმა მშობლებმა და ჩვენმა ოჯახებმა, ბავშვებში იმდენი დადებითი ჩადეს, რომ ღმერთს მადლობა, რომ ისინი დღეს ისეთები არიან, რომ მე მათ სრულად ვენდობი...

ავტორი: ზმნა

01/20/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024