Logo

საზოგადოება

"ახლობლის ტაძრიდან გასვენება მგლოვიარეს ტანჯვას უმსუბუქებს" - დედა სიდონია

"ახლობლის ტაძრიდან გასვენება მგლოვიარეს ტანჯვას უმსუბუქებს" - დედა სიდონია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრის, ზაალ ლატარიასათვის, გარდაცვლილი ქალიშვილის ტაძრიდან გამოსვენებაზე უარის თქმას, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
26 წლის ლანა ლატარია, რამდენიმე დღის წინ, სეფსისით გარდაიცვალა. მას 2 შვილი დარჩა. გარდაცვლილის მამა საქართველოში ორი დღის წინ დაბრუნდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ლანას ტაძარში დასვენებაზე უარი განაცხადეს, თავად მგლოვიარე მამამ გაავრცელა.


გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დედა სიდონია გამოეხმაურა.

"ახლობლის ტაძრიდან გასვენება მგლოვიარეს ტანჯვას უმსუბუქებს. მას სჯერა, რომ ტაძარში აღვლენილი ლოცვა შესმენილი იქნება, უფალი შესვენებულს ცოდვებს შეუნდობს და თავის წიაღში დაუმკვიდრებს. ამიტომ, როდესაც საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მართებულად მიგვაჩნია, რომ ადამიანის გასვენება ტაძრიდან არ მოხდეს, ეს მგლოვიარეს ისეთი თანალმობით, სიყვარულითა და გულისტკივილით უნდა ავუხსნათ, რომ მან ჩვენი ზრუნვა იგრძნოს და მის გულში შფოთვა არ დაიბადოს.

ვფიქრობ, უარსაც უფრო მშვიდად მიიღებდნენ, თანადგომა, სიყვარული და გულწრფელი წუხილი რომ ეგრძნოთ.არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა მოხდა, მაგრამ, რადგან მგლოვიარემ ასეთი წყენა და შფოთი გამოხატა, არაა გვიანი, მისი გულის ტკივილი სიყვარულით შევამსუბუქოთ.ბოლომდე უნდა ვეცადოთ, ვიზრუნოთ ადამიანის სულზე და არ დავტოვოთ იგი შფოთვასა და ტკივილში.

ზოგჯერ ყველაზე დიდი მსახურება სწორედ ის არის, რომ ადამიანის გულს მივუახლოვდეთ სიყვარულითა და თანაგრძნობით.ამაღლებულია არა ის, ვინც მხოლოდ წინააღმდეგობას უწევს, არამედ ის, ვინც სიყვარულით ეძებს გზას მეორე ადამიანის ნუგეშისა და გადარჩენისთვის. წესმა ადამიანის გული არ უნდა დაჩრდილოს!„შაბათი კაცისათვის შეიქმნა და არა კაცი შაბათისათვის“ (მარკ. 2:27). ეს არ ნიშნავს წესის გაუქმებას; ნიშნავს, რომ ღვთის მცნებებსა და საეკლესიო წესებს საბოლოო მიზნად ადამიანის ღმერთთან მიახლოება აქვს.

თუ წესის დაცვა ადამიანს ტკივილს აყენებს, ამის ახსნა უნდა მოხდეს სიყვარულით, სიფრთხილით და თანაგრძნობით.ახლა, იმ გოგონას სულს სიმშვიდე და ლოცვა სჭირდება" - წერს დედა სიდონია.

ასევე დაგაინტერესებთ:

ზაალ ლატარიას ეკლესიაში შვილის დასვენებაზე უარი უთხრეს

ავტორი: ზმნა

08/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024