სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მეხსიერების დაქვეითება, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების რიტმს არღვევს, შესაძლოა ალცჰაიმერის ან სხვა ტიპის დემენციის ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყოს.
არსებობს 10 ძირითადი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც მიგანიშნებთ,რომ საქმე ასაკთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ცვლილებებთან კი არა, უფრო სერიოზულ საფრთხესთან გაქვთ და დროა ექიმს მიმართოთ.
1. გულმავიწყობა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს ალცჰაიმერის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომია ახლახან მიღებული ინფორმაციის დავიწყება. ასეთ დროს ადამიანს შეიძლება დაავიწყდეს მნიშვნელოვანი თარიღები ან მოვლენები, ხშირად იმეორებდეს ერთსა და იმავე კითხვებს და სულ უფრო მეტად ეყრდნობოდეს ოჯახის წევრებს ან ჩანაწერებს იმ საქმეებში, რომლებსაც ადრე დამოუკიდებლად უმკლავდებოდა.
ასაკთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ცვლილება:
ზოგჯერ სახელების ან შეხვედრების დავიწყება, თუმცა მოგვიანებით გახსენება.
2. სირთულეები დაგეგმვასა და პრობლემების გადაჭრაში ალცჰაიმერის მქონე ადამიანებს შესაძლოა გაუჭირდეთ გეგმების შედგენა, რიცხვებთან მუშაობა ან უკვე ნაცნობი პროცესების მართვა. მაგალითად, უჭირთ რეცეპტის შესრულება ან გადასახადების კონტროლი. ხშირად უჭირთ კონცენტრაცია და ჩვეული საქმის შესრულებისას გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ.
ასაკთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ცვლილება:
დროდადრო შეცდომების დაშვება ფინანსური საკითხების მართვისას.
3. ნაცნობი საქმეების შესრულების გაძნელება
დემენციის შემთხვევაში ადამიანებს ხშირად უჭირთ ყოველდღიური საქმიანობა — მაგალითად, ნაცნობ ადგილზე მისვლა, საყიდლების სიის შედგენა ან საყვარელი თამაშის წესების გახსენება.
ასაკთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ცვლილება:
ხანდახან დახმარების საჭიროება ტექნიკასთან ურთიერთობაში, მაგალითად, მიკროტალღური ღუმლის ან ტელევიზორის პულტის გამოყენებისას.

4. დროისა და ადგილის აღრევა
ალცჰაიმერის მქონე ადამიანები შეიძლება დაიბნენ თარიღებში, სეზონებსა და დროის მსვლელობაში. ზოგჯერ ვერ ხვდებიან, სად არიან ან როგორ აღმოჩნდნენ კონკრეტულ ადგილას.
ასაკთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ცვლილება:
კვირის დღის აღრევა, თუმცა მოგვიანებით გარკვევა.
5. ვიზუალური აღქმისა და სივრცითი ურთიერთობების გაგების პრობლემა
ზოგიერთ ადამიანს უჩნდება მხედველობის ცვლილებები, რაც გავლენას ახდენს წონასწორობაზე, კითხვის უნარსა და მანძილის შეფასებაზე. ეს განსაკუთრებით სახიფათოა ავტომობილის მართვისას.
ასაკთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ცვლილება:
მხედველობის გაუარესება, მაგალითად, კატარაქტის გამო.
6. საუბარსა და წერაში სიტყვების პოვნის სირთულე
ალცჰაიმერის დროს ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს საუბრის გაგრძელება, ხშირად შეჩერდეს შუა წინადადებაში, გაიმეოროს ნათქვამი ან შეცდომით დაარქვას საგნებს სხვა სახელები.
ასაკთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ცვლილება:
ხანდახან შესაბამისი სიტყვის ვერ გახსენება.
7. ნივთების დაკარგვა
დემენციის მქონე ადამიანები ხშირად დებენ ნივთებს უჩვეულო ადგილებში, კარგავენ მათ და ვეღარ იხსენებენ, სად დატოვეს. დაავადების პროგრესირებისას შესაძლოა სხვებს ქურდობაშიც ადანაშაულებდნენ. ასაკთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ცვლილება:
დროდადრო ნივთების დაკარგვა და მათი მოძებნა განვლილი ნაბიჯების გახსენებით.

8. განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების გაუარესება ალცჰაიმერის მქონე ადამიანებს შეიძლება დაუქვეითდეთ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების უნარი ან ნაკლებად მიაქციონ ყურადღება პირად ჰიგიენასა და გარეგნობას.
ასაკთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ცვლილება:
ერთჯერადი ცუდი გადაწყვეტილება, მაგალითად, ავტომობილის ტექნიკური მომსახურების გადადება.
9. სოციალური ცხოვრებიდან და საქმიანობიდან ჩამოშორება ადამიანი შეიძლება თანდათან ჩამოშორდეს სამუშაოს, ჰობებსა და სოციალურ აქტივობებს, რადგან უჭირს კონცენტრაცია ან ინტერესის შენარჩუნება.
ასაკთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ცვლილება: ხანდახან სოციალური ვალდებულებებისადმი ინტერესის დაქვეითება.
10. განწყობისა და ხასიათის ცვლილებები
ალცჰაიმერის მქონე ადამიანებში ხშირია განწყობის მკვეთრი ცვლილებები — შფოთვა, ეჭვიანობა, დეპრესია, შიში ან გაღიზიანება. ისინი შეიძლება ადვილად გაღიზიანდნენ ნაცნობ გარემოშიც კი.
ასაკთან დაკავშირებული ჩვეულებრივი ცვლილება: ჩვევების მიმართ მეტი სიჯიუტე და გაღიზიანება, როდესაც რუტინა ირღვევა.

თუ საკუთარ თავში ან ახლობელ ადამიანში ამ ნიშნებიდან ერთს ან რამდენიმეს ამჩნევთ, ნუ შეშფოთდებით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დროული შეფასება და სპეციალისტთან კონსულტაცია უმნიშვნელოვანესია.
დაავადების ადრეული აღმოჩენა მკურნალობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
12/16/2025