საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მამა შალვა კეკელიას მონათხრობი ეს რეალური ისტორია, შესაძლოა, იცოდეთ. თუმცა მისი თავიდან წაკითხვა თუ მოსმენა, არადროს არის ზედმეტი, რადგან ჩვენი სარწმუნოების უმთავრეს "მოთხოვნაზე" - პატიებაზეა...
მამა შალვა კეკელია: ერთმა საოცარმა ქალბატონმა ასეთი რამ გამიკეთა: მას ერთადერთი შვილი მოუკლეს. მაშინ მე სიონში ვმსახურობდი, ჯერ სტიქაროსნად, მერე დიაკვნად, მერე - მღვდლად. ეს ქალბატონი სულ საკუთარ შვილს მამსგავსებდა. სულ მეფერებოდა და იმ ერთადერთი შვილის გრძნობას ჩემზე გამოხატავდა.
ერთხელ ასეთ რამეს მეუბნება: ჩემს უახლოს ადამიანს ჯვრისწერა აქვს, ვიცი, რომ ყველა ადამიანს ჯვარს გულით წერ, მაგრამ მინდა მას მთელი გულით დაწერო ჯვარი, მოიყვანო მგალობლები და მისი ჯვრისწერა ლამაზად ჩატარდესო. დატოვა შესაწირი ტაძრისთვის, მგალობლებისთვის. დამიტოვა უძვირფასესი, მეჩვიდმეტე-მეთვრამე საუკუნის ხატი. ეს ხატი ამ ადამიანს გადაეცი, ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენოო, მითხრა. გავოცდი, ამხელა საჩუქარზე როგორ არ გახსენოთ-მეთქი? არა, არ მახსენოო. მე ვერ დავესწრები ჯვრისწერას, სხვაგან მივდივარო.
დავწერე ამ ადამიანს ჯვარი, სიონის ვაჟთა გუნდს დავუძახე, მოვიდნენ ბიჭები, იგალობეს. საოცრად ჩატარდა ჯვრისწერა. ბოლოს წყვილი ავიყვანე ამბიონზე, ვუქადაგე, ვესაუბრე, შემდეგ საკურთხევლიდან გამოვაბრძანე ეს ხატი და გადავეცი. ვერ დავმალე და ვუთხარი ვისგანაც იყო ეს საჩუქარი. ამა და ამ ქალბატონმა ეს ხატი საჩუქარდა დაგიტოვათ-მეთქი. ამ სახელის გაგონებაზე ეს ბიჭი მუხლებში ჩამივარდა! და ატეხა ტირილი კი არა - ღრიალი! რატომ ღმერთო, რატომ ღმერთოო, ასე ყვიროდა. გავგიჟდი, ჯვრისწერაა და რატომ ამბობს ამას-მეთქი.
იცით, ვინ იყო ეს ადამიანი? ამ ქალის შვილის მკვლელი!
მითხრა, იცით მე ვინ ვარ? მე მისი შვილი მოვკალი და ეს როგორ გამიკეთაო?

გავიდა დრო და შევხვდი ამ ქალს და ვკითხე - ეს როგორ გააკეთე, ეს როგორ შეძელი-მეთქი? მე მღვდელი ვარ და მე ამას ვერ გავაკეთებდი-მეთქი. ახლად ნაკურთხი მღვდელი ვიყავი და ამ ქალმა, არ ვიცი, რა გაკვეთილი ჩამიტარა. ხუთი აკადემია რომ დამემთავრებინა და ასი წელი მეცხოვრა ეკლესიაში, ასეთ რამეს ვერავინ მასწავლიდა.
აი, რა პასუხი გამცა: მამაო, რაც შვილი დავკარგე და რაც ეკლესიაში დავიწყე სიარული, პირველი რაც მოხდა, ჩემი შვილი შევიძინე და გავიგე მარადიული სამყოფელის შესახებო. ქრისტეს არ ვიცნობდი და ჩემი შვილის გარდაცვალებამ, ქრისტე გამაცნოო. გამაცნო ის მარადიული წიაღი, რასაც ღმერთის წიაღი ჰქვიაო.
მივხვდი "მამაო ჩვენოს" შინაარს; ეს პატარა ლოცვა ყველაფრის მთქმელია და როცა ვკითხულობდი - "და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევეთ თანამდებთა მათ ჩვენთა", ვატყობდი, რომ შვილის მკვლელს ვერ ვპატიობდი ამ საქციელს, არადა, მე ჩემს მუცელში თვითონ მყავდა შვილები მოკლული ჩემი შვილის გამო, რომელიც ისე მიყვარდა, რომ არ მინდოდა ის სხვა შვილებს შეეწუხებინათო.
ღმერთი მე როგორ მაპატიებმა ჩემი შვილების მოკვლას, თუ მე არ შევძლებდი სხვის პატიებასო? მეც ხომ ასეთივე მკვლელი ვიყავიო?... იმან სხვისი შვილი მოკლა, მე საკუთარ შვილებს ვკლავდი მუცელშიო. ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომლისთვისაც ბევრი წელი დამჭირდა, რომ გულწრფელად გადამედგა. ამ ყველაფერში კი, "მამაო ჩვენო" დამეხმარაო.
მამა შალვა, თუ ღმერთს გაიცნობ, ეს ძალიან ადვილი ყოფილა; თუ ღმერთს ვერ დაუახლოვდები, მაშინ ამას ვერასოდეს შეძლებო.
ის ქალი ღვთის წინაშე წარსდგა, მის შვილთან არის უკვე...
ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ პატიება...
08/03/2026