ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ცოტა ხნის წინ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ძალზედ აქტუალურ თემაზე დადგმული სპექტაკლის პრემიერა გათამაშდა.
ეს უბრალოდ პრემიერა არ ყოფილა. ეს იყო მსახიობის ბენეფისი, რომელიც 37 წელია სცენაზე დგას, თამაშობს, იცვლის გრიმებს, ხასიათებს, გმირებს, ემოციებს. უჩუმრად, უხმაუროდ, პოპულიზმის ნატამალის გარეშე.
ეს ქეთევან ქიტიაშვილია, რომელიც თეატრის დირექტორმა, დიმიტრი ხვთისიაშვილმა დაბადების დღეზე საჩუქრად საბენეფისე სპექტაკლში ათამაშა.


"არ დამიძახოთ ბებია!" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მეორე თვეა გადის და ბავშვების დიდ მოწონებას იმსახურებს. გაჯეტებსა და ტიკ-ტოკზე დამოკიდებული თაობა ჭიდილშია ბებიასთან, რომელიც თავის მხრივ, მათ წიგნის შეყვარებით უპირისპირდება. ის, რაც ღირებულია, არც ერთ დროში არ კარგავს აქტუალობას. 21-ე საუკუნის "ციფრული თაობა" ხვდება, რომ წიგნის გარეშე, სულიერებას ვერ ეზიარებიან. თავის მხრივ, ბავშვები ბებიაზეც ახდენენ გავლენას. ის რწმუნდება, რომ ინტერნეტი მხოლოდ "დროის ქურდი" და მაზომბირებელი რამ არ არის, რომ მასაც მოაქვს სარგებელი.
ბავშვებს ამ სპექტაკლში მოსწონთ მათი ფრაზებით მოსაუბრე თანატოლები და იგივე სათქმელი, რასაც ყოველდღიურობაში უშუალოდ ეხებიან...


ქეთევან ქიტიაშვილი "ზმნასთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საბენეფისე როლმა მღელვარება მოუტანა, თუმცა პროფესიონალი კოლეგების მიერ გაკეთებულმა შეფასებებმა სიამოვნება მიანიჭეს.
ქეთევან ქიტიაშვილი: სრულიად არაჩვეულებრივი და აქტუალური პიესაა. ავტორები ქეთევან და მაკა ხარშილაძეები გახლავთ. ამ პიესამ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალზე გაიმარჯვა. შემდეგ კი, ის ქეთევან ხარშილაძემ და კახა გაბელაიამ დადგეს.
ჩემთვის, ბენეფისის თამაში, დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. ეს ხომ მსახიობისთვის ხშირად არ ხდება? უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იუბილე. შემოქმედებითი შეჯამება ხდება, ბევრ რამეზე ფიქრდები. გინდა ისე იყოს, როგორც ჩაიფიქრეს.

დაუვიწყარი საჩუქარი მივიღე თეატრისგან, რეჟისორებისგან, პიესის ავტორისგან. დადგმის პროცესი რთული იყო მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე და ძალიან აქტუალური პიესაა. საბენეფისო სპექტაკლი სხვა პასუხისმგებლობაა. თანამედროვე თემის თამაში რთულია, რადგან ძალიან ნამდვილი უნდა იყოს, მე ასე მგონია. თუ ასე არ არის, ეჭვის თვალით გიყურებენ.

სპექტაკლი მოსწონთ. ბებიები შვილიშვილებთან ერთად მოდიან. ბავშვები გაფაციცებულები უყურებენ.
აქ თაობებს შორის ჭიდილია ნაჩვენები. ყველა დროში სხვადასხვა თემა აქვს ჭიდილს. ახლა ეს ჭიდილია - გაჯეტი და წიგნი. ბებიაც და ბავშვებიც იღებენ იმ მოცემულობას, რომელიც უკვდავი და შეუცვლელია - წიგნს არაფერი შეცვლის.
მომწონს ის, რომ ეს პრობლემები იუმორშია მოწოდებული. თუმცა თავიდან შევშინდი, პატარა მონაკვეთში უნდა მეჩვენებინა მშობლის, ბებიის პოზიცია. მეც ზუსტად ამ ტექსტებით და სათქმელით ვიყავი საკუთარ შვილთან. ეს პროცესი გამოვიარე, მაგრამ მიუხედავად გამოცდილებისა, ამის თამაში იოლი მაინც არ ყოფილა. იქ ხომ ქეთი არ უნდა იდგეს, იქ დრამატურგების მიერ გამოძერწილი პერსონაჟი დგას. საკმაოდ საინტერესოდ გამოძერწილი, რომელსაც შრეს მეც ვამატებ. ეს არის შემოქმედება.
ახლანდელ ბებიებს თავიანთი საქმე და მისწრაფებები აქვთ. ისინიც განსხვავდებიან წინა თაობების ბებიებისგან.

- ბავშვებზე მინდა გკითხოთ, რომლებიც მართლა ბუნებრივად ასრულებენ როლებს. როგორ მივიდნენ ამ შედეგამდე?
- ტასო როსტომაშვილი და დამიანე ნავაძე ჩვენი სტაჟიანი მსახიობები არიან. ძალიან ნიჭიერები ბავშვებია, როგორი პარტნიორები არიან?! ტასო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობს, ვიოლინოზე უკრავს, დამიანე ნიჭიერთა ათწლედში სწავლობს, ფილმებს ახმოვანებს. უფროსი შვილიშვილის როლის შემსრულებელია ნია ტოგონიძე. ის მსახიობია, მაგრამ ისე ითამაშა, რომ ვერავინ ხვდება, რომ არ არის ბავშვი.


- თავიანთ გმირებთან რა დამოკიდებულება აქვთ?
- ყველაფერში არ ეთანხმებიან თავიანთ გმირებს. მშრომელი, მოტივირებული ბავშვები არიან. ბებიასაც ეთანხმებიან და მის მხარესაც არიან, ვატყობდი. ბებია რომ მართალია, ხვდებიან.
- ქეთი, პრემიერის დღეს იუბილარი იყავით, საბენეფისე როლი გათამაშეს. თინას როლი თქვენ შინაგან განწყობას დაემთხვა?
- პიესა მომეწონა და ეს იყო შემთხვევა, როცა ვიფიქრე, ეს ჩემი სათამაშო როლია-მეთქი. პიესა რეჟისორმა, კახა გაბელაიამ რომ გადმომცა, აღელვებული, აფორიქებული ვიყავი. ბენეფისი საფორიაქო ამბავია... მაგრამ კოლეგებისგან ისეთი გამოხმაურება მივიღე, ბედნიერი ვარ. ეს განსხვავებული ქეთი იყო, ჩვენ ასეთი არ გვინახიხარო - ამ ფრაზამ ძალიან მასიამოვნა. ეს ბევრისგან გავიგე. მსახიობისთვის დიდი კომპლიმენტია. ასე გამოვიდა, ძირითადად, დრამატულ როლებს მთავაზობენ. "ჭორიკანა ქალები" პანდემიის შემდეგ დაიდგა და კომედიაა. ძირითადად კი დრამატული როლები დამიგროვდა.

- რატომ, როგორ ფიქრობთ?
- არ ვიცი, ასე მოხდა. ვილტვოდი რომ კომედია მეთამაშა და აჰა, მივიღე. კომედია რთული ჟანრია. მე თავის გამოცდა მაინტერესებდა. მიყვარს გამოწვევის წინაშე დადგომა, ახალ ტყავში შეძრომა. ნაკლები შრომა არ სჭირდება. საერთოდ გმირის ტრანსფორმაცია მიყვარს. სხვადასხვანაირი რომ არის გმირი...
- "ლევილის დედა" გამახსენდა, რომელიც შარშან ითამაშეთ და სერიოზული ნამუშევარია. თემაც ჩვენთვის მტკივნეული.
- ამას წინათ მის რეჟისორთან - რუსუდან კობიაშვილთან მქონდა საუბარი და მან მითხრა, როგორი სხვადასხვანაირი გამოვიდა "ლევილის დედა" და "საქმე ნომერიო", რომელიც შარშანწინ დაიდგა. პერსონას ვერსად წავუვალ, მე ვთამაშობ, მაგრამ ვცდილობ სხვადასხვა ქალი იყოს და ეს დაიჯეროს მაყურებელმა. როცა ეს გამოდის, დიდი სიამოვნებაა.

"ლევილის დედა"-ში ნამეტია ბერძენიშვილის როლი მანდეს. ნამდვილი და ისტორიული პიროვნება იყო, დრამატურგის და რეჟისორის ბებია. ყველაფერი დოკუმენტური იყო და სკურპულოზურად გასაკეთებელი. ახლო ისტორიაა და ისეთი, რომელიც გვტკივა. ლევილი ძალიან ძვირფასია ჩემთვის, როგორც ყველა ქართველისთვის. ჩემთვის ამ ქალბატონის როლის თამაში პატივია.


რუსუდანის მეორე სპექტაკლი "საქმე ნომერი" უზენაეს სამართალზეა. დგება საკითხი - ზნეობრივი სამართალი თუ უზენაესი? რომელია მნიშვნელოვანი? რთული იყო მასზე მუშაობა. საერთოდაც იოლად არაფერს ვუყურებ. მერთულება. ეჭვები მაქვს. საინტერესო პროექტია. ყოფილი პატიმრები თამაშობდნენ. პროექტი რომ მორჩა, სპექტაკლი "შესანახად" დაგვენანა და რეჟისორმა პროფესიონალი მსახიობები შემოიყვანა. მისტიკური დრამა გამოვიდა და ამ მისტიკაში მოგზაურობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.

- ქეთი, თითქმის 40 წელი სცენაზე. აცნობიერებთ ამხელა დროის გასვლას?
- ეს დრო ძალიან მალე გავიდა. ასე მგონია, გუშინ დაიწყო და დღეს ამ ყველაფრის რეზიუმირება ხდება.
- თქვენს ბიოლოგიურ ასაკზე 30 წლით პატარა გმირებსაც თავისუფლად განდობენ რეჟისორები. როგორია მათი შესრულება თქვენთვის?
- ემოციური მეხსიერება ყველას გვაქვს, მსახიობს გამძაფრებულად უნდა ჰქონდეს. ვუხმობ ამ ჩემს ემოციურ მეხსიერებას, მახსენდება, როგორ იყო ეს ყველაფერი. მერე უკვე პერსონაჟიდან გამომდინარე ვმოქმედებ. მე სხვანაირად მომწონდა, იმას სხვანაირად მოსწონს. თუ ფიზიკურ ფორმაში ხარ, შესაძლებელია პატარა გმირების თამაში. მსახიობს ასაკი არ აქვს. მე ასე მგონია. გადადიხარ გმირის ასაკში. თუ შენ არ დაიჯერე, რომ 20-25 წლის ხარ, სხვასაც ვერ დააჯერებ ამას. ყველა ასაკის ქალს ვთამაშობ და ეს ბედნიერება მხვდა წილად.

- ასაკი რა არის?
- შინაგანი მდგომარეობა. მსახიობი შიგნიდან ბავშვი უნდა იყოს. თუ შიგნით ცელქი ბავშვი არ გყავს, არ მგონია გამოვიდეს. ის ბავშვი ბევრ რაღაცას გაკეთებინებს.
მე როლებზე როგორ ვარ, იცით? რომ ვითამაშებ და ის პერიოდი წავა, მერე იმას აღარ ვუბრუნდები. მიკვირს მსახიობების, რომლებიც გამუდმებით ნათამაშებ როლებზე ჰყვებიან. მე ვითამაშე და მორჩა, მასზე აღარ ვსაუბრობ. მერე, წინ ვიყურები. თუ გამიმართლა და მოვეწონები ვინმეს, ჩემთან ურთიერთობა მოუნდება, ძალიან მადლობელი ვიქნები. უკან აღარ ვიყურები.
- ცხოვრებაშიც ასეთი ხართ?
- ასე ვარ. უკან ყურება არ მიყვარს. ვცდილობ, უფრო მეტად კარგი გამახსენდეს. ცუდზე არ ვფიქრობ. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია დრამატული, სენტიმენტალური, არასასიამოვნო მომენტები, მაგრამ ამაზე ფიქრში არ უნდა დახარჯო რესურსი. აწმყოთი უნდა იცხოვრო. ეს ქრისტიანულიც არის და ადამიანურიც. წარსულით ცხოვრება უკან გხევს, არასწორია. ზოგადად ჩვენი, მსახიობების საქმეც აქ და ახლაა. ახლა თამაშობ, აქ, სცენაზე. ითამაშებ და მიდის. ეფემერულია, ორ წამში აღარ ახსოვთ. სულ "ახლაში" უნდა იყო. ასეთი ვერაგია თეატრის მსახიობობა. მაგრამ ძალიან მაგარი სფეროა. მე მგონია, ასეთი სპეციალობა არ არსებობს.
- ასეა და თან თუ წელიწადში ერთი ახალი როლი გაქვთ, გაგიმართლათ და ეგ არის.
- ასე გამოვიდა კი, საწუწუნო არაფერი მაქვს.
- კინოზე გული არ გწყდებათ?
- ყოველთვის რეალიზებული ვიყავი. საწუწუნოდ არ მქონია საქმე. ყველას მადლობა, ვინც მანდო ეს საინტერესო სამუშაო. იმდენ რეჟისორთან ვიმუშავე, რომ ჩამოთლა გამიჭირდება. აი, კინო არც ვიცი. სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ლონდას როლი რომ ვითამაშე, დღემდე ამ როლით მცნობენ.

იმ პერიოდში გოგა თავაძის არაჩვეულებრივ სპექტაკლს - "ჯუჯა ცხვირს" ვთამაშობდით. ჩემი პერსონაჟი რომ ჩნდებოდა, ბავშვები ლონდას სკანდირებდნენ... სადაც არ შევდივარ, ლონდათი მომმართავენ. კინოზე მაქვს გულის წყვეტა. კარგ ფილმში თამაში მაინტერესებს. ეს სხვა რამეა.

- რა ასაკია ქალისთვის და მსახიობისთვის 60 წელი?
- ამაზე არ ვფიქრობ. ეს მხოლოდ ციფრებია, გულზე ხელს ვიდებ და ისე გეუბნებით. დრამატურგიაში მამაკაცების როლები უფრო მეტია. კლასიკურ პიესებში ასეა. მაგრამ მსახიობს ასაკი არ აქვს, ის დიდხანს თამაშობს სცენაზე. მაგრამ გულისწყვეტაა იმ მხრივ, რომ გამოცდილება გემატება, იცი, როგორ უნდა შექმნა როლი, მაგრამ კონკრეტული როლების თამაშის საშუალებას უკვე ასაკი აღარ გაძლევს, გვერდზე ჩაგიარეს რაღაც კონკრეტულმა როლებმა.
- მსახიობ ქეთიზე როგორ ზრუნავთ?
- 30 წელია საღამოს 6 საათის შემდეგ არ მიჭამია. ვახერხებ ვარჯიშს. თუ ვერ ვივარჯიშე, ყველაფერი მტკივდება. მიმოდრამაში თამაშისას, დღეში სამ საათს ვვარჯიშობდი. ხერხემლის ტრავმის შემდეგ, ამდენი ხანი ვარჯიში აკრძალული მაქვს.
მსახიობს არ გაქვს უფლება, რომ მოშვებული იყო. ჯერ ვიზუალურად ესთეტიკური უნდა იყო და მერე აჩვენო შემოქმედება.

საერთოდ ტკბილი მიყვარს, მაგრამ თავს მაქსიმალურად ვიკავებ. დილას რომ შეშუპებულმა არ გავიღვიძო, სპექტაკლის წინა დღეს არ არსებობს ტკბილეული ვჭამო. მსახიობმა საკუთარ ინტელექტზე უნდა იზრუნო. მე ვატყობ მსახიობს, რამდენი წიგნი აქვს წაკითხული. წიგნიერი მსახიობი გემოვნებიანია. ნიჭიერი შეიძლება იყოს, მაგრამ გემოვნება ღალატობდეს. ბევრ რამეზე უნდა იფიქროს მსახიობმა და სცენაზე მისი ცხოვრება ხანგრძლივი იქნება. მოკლედ, მსახიობობა ძალზედ კომპლექსური სფეროა. ბევრ რამეზე გვიწევს ზრუნვა...


06/23/2026