Logo

საზოგადოება

ამბავი იმაზე, თუ როგორ ითხოვდნენ ილიას მკვლელების შეწყალებას ოლღა და იაკობ გოგებაშვილი

ამბავი იმაზე, თუ როგორ ითხოვდნენ ილიას მკვლელების შეწყალებას ოლღა და იაკობ გოგებაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1908 წლის ნოემბრის ბოლოს ილია ჭავჭავაძის სამ მკვლელს — თედო ლაბაურს, გიგოლა მოძღვრიშვილს და გიგლა (ლომა) ხიზანაშვილს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ცნობილმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, ნინო ნაკაშიძემ, თავის მოგონებებში აღწერა პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ამბავი იმის შესახებ, თუ რა საუბარი შედგა „ნაკადულის“ რედაქციაში იმ დღეს, როცა სასამართლოს განაჩენი გამოქვეყნდა. ესაა ამბავი იმაზე, როგორ გადაიკვეთა იაკობ გოგებაშვილის და ოლღა გურამიშვილის სურვილი ილიას მკვლელების შეწყალების თაობაზე.

რედაქციაში იაკობ გოგებაშვილი ისეთი განერვიულებული მისულა, როგორიც იშვიათად თუ უნახავს ვინმეს. შეკრებილებისთვის უკითხავს: „ილიას, რომელმაც ისეთი დიდებული სიტყვა წარმოთქვა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ სახელმწიფო საბჭოში, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი იყო — იმის ხსოვნას ოთხი ჩამოხრჩობილი კაცის ხსოვნაც უნდა სდევდეს უკან?“

იაკობ გოგებაშვილი

ნინო ნაკაშიძის მონათხრობით, იაკობის შეკითხვის გარშემო ცხარე მსჯელობა გაიმართა. კამათის მონაწილეებს ილიას მკვლელების მიმართ სიბრალული არ ჰქონდათ; ბევრი ამბობდა, რომ არ ემეტებოდათ სიცოცხლე მათთვის, ვინც ქვეყნის იმედი მოკლა. თუმცა, იაკობ გოგებაშვილი საკითხს სულ სხვა სიმაღლიდან უყურებდა.

დიალოგი იაკობ გოგებაშვილსა და ნინო ნაკაშიძეს შორის ასე წარმართულა:

— აი, ასეა მთელი ქართველი საზოგადოება, — თქვა წყენით იაკობმა, — მაშ, თქვენ არ აფასებთ ილიას მცნებას? პატივს არ სცემთ იმის ანდერძს?

— მე მძულს ილიას მკვლელები!

— არც მე მიყვარს უმეცრები, მაგრამ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ილია და იმისი სიტყვა გვჯეროდეს.

ნინო ნაკაშიძე

თურმე სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, მიემართათ ოლღა გურამიშვილისთვის, რათა მას ეშუამდგომლა მკვლელების შეწყალებაზე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ილიას ქვრივს თავადაც იგივე სურვილი ჰქონდა.

გაზეთი „ისარი“ 1907 წლის 1 სექტემბერი:

„საგურამოს რომ მივუახლოვდით, წინ შემოგვეყარა ეტლი: ტფილისში მოჰყავდათ თოფის კონდახებით ნაცემი და დაბეგვილი მეუღლე ილია ჭავჭავაძისა: მხეცებს მოხუცი დედაკაციც კი არ დაუნდვიათ და პირის სახის ძვლები თოფის კონდახებით დაუმტვრევიათ“.

ოლღა გურამიშვილი

ამ უსაშინელი დღის მერე დამდგარ გლოვაში ოლღა გურამიშვილის მიერ დაწერილი მიმართვა ქართული ჰუმანიზმის მწვერვალად რჩება:

„მე ღრმად მრწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა იმათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი... დღეს კი ჩემი ქმრის თხოვნა საქართველოს ერის სულიერ ცხოვრებაში, იმის მკვლელთა სიკვდილით დასჯით დაიჩრდილება... ნუ დაამტკიცებთ სასამართლოს განაჩენს ამ უბედურთა სიკვდილით დასჯის შესახებ“.

რუსეთის იმპერიის მარწუხებში გამომწყვდეულ საქართველოში, სახელმწიფო მანქანა შეწყალების თხოვნაზე მაღლა სახრჩობელას აყენებდა, მაგრამ ილია ჭავჭავაძის ქვრივის მიმართვა დარჩა ისეთ ჰუმანურ განაცხადად, რომელსაც მუდამ გაიხსენებენ სიკვდილით დასჯის ისტორიის დასრულებაზე საუბრისას.

1918-21 წლების დამოუკიდებელმა საქართველომ ევროპის წამყვან ქვეყნებს დაასწრო სიკვდილით დასჯაზე უარის თქმა. სიმბოლურია, რომ საბჭოთა ოკუპაციით დარღვეული წრე დიდი ხნის მერე, 1997 წლის ნოემბერში, სწორედ მაშინ შეიკრა, როცა საქართველო ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 160 წლისთავს აღნიშნავდა. საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთსულოვნად მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. ეს ევროსაბჭოში გასაწევრიანებლადაც მოხდა და ამდენად, საქართველო ილიას იდეით დაუბრუნდა ევროპისკენ ისტორიულ გზას, რომელსაც საბჭოთა ოკუპაციამ მთელი 70 წლით მოსწყვიტა.

ილია ჭავჭავაძე

ავტორი: ელენე ლომთაძე

05/14/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024