Logo

საზოგადოება

ამბროსი ხელაია - საბჭოთა რეჟიმის მიერ, "მშვიდობის" სახელით ნაწამები პატრიარქი

ამბროსი ხელაია - საბჭოთა რეჟიმის მიერ, "მშვიდობის" სახელით ნაწამები პატრიარქი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის სამშვიდობო კონფერენციას, რითაც საქართველოს შელახული უფლებების აღდგენა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანა მოითხოვა. გენუის კონფერენციისდამი პატრიარქ ამბროსი ხელაიას მემორანდუმს ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, ამან საბჭოთა ხელისუფლება უკიდურესად გააღიზიანა და კათოლიკოს-პატრიარქის სასტიკი დევნაც დაიწყო.

მემორანდუმი

პატრიარქი იძულებით გაასახლეს საპატრიარქო რეზიდენციიდან, შემდეგ დააპატიმრეს, დაკითხეს, გაათავისუფლეს და მოგვიანებით კვლავ დააპატიმრეს საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად. მოდი, მაშინდელ პრესაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით გავიხსენოთ, საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის უკიდურესი ბოროტება.

გაზეთი „კომუნისტი,“ 1924 წლის 15 მარტი:

„საბრალდებო სკამზედ სხედან არა მარტო „ღვთის მონა ამბროსი“ და ძმანი მისნი, არამედ მთელი დანარჩენი კონტრრევოლუციური ხროვა.“

ამ პათოსით კომუნისტური პრესა ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებდა სამარცხვინო პროცესს.

გაზეთიგაზეთიგაზეთი

„მუშათა კლასის მთავრობა თავისი სასამართლოს ხელით საჯაროდ ამხელს, სამარცხვინო ბოძზე აკრავს მშრომელი ხალხის მტრებს.“

„სხდომა იხსნება. ბრალდებულთა შემოყვანის დროს დარბაზში გაისმის: ძირს ამბროსი! ძირს დამცველები! ძირს მღვდლები! ძირს ნინიძე!“

(იგულისხმება იმ ე.წ. სასამართლოზე ამბროსი ხელაიას უფლებების დამცველი, ადვოკატი კირილე ნინიძე, რომელიც მოგვიანებით დახვრიტეს).

კირილე ნინიძე

საინტერესოა, რომ გენუის კონფერენციისთვის გაგზავნილ მემორანდუმში პატრიარქის მიერ აღწერილი რეალობის ასახსნელად, ადვოკატ ნინიძეს „სასამართლოს“ წინაშე ივანე ჯავახიშვილისა და პავლე ინგოროყვას ექსპერტების სახით გამოკითხვა მოუთხოვია. ამის წინააღმდეგ გამოსულა სახელმწიფო ბრალმდებელი მაჭავარიანი, მოსამართლე ჩხეიძესაც უარი უთქვამს. სამაგიეროდ, ამავე მოსამართლემ დარბაზში შემოიყვანა „სასამართლოს“ ეზოში ჩეკას მიერ მობილიზებული მუშათა წარმომადგენლები (თანამედროვე გაგებით — რეჟიმის მოსამსახურე ზონდერ-ტროლ-ბოტების წინაპრები) და მათ სიტყვაც ათქმევინათ.

სხდომა

ვინმე თოდრია, ტრანსპორტის მუშაკთა სახელით:

„როცა ჩვენ წელში ვწყდებოდით სამოქალაქო ომით (ასე ახსენა რუსეთ–საქართველოს ომი და ოკუპაციას) და დანგრეულის აღდგენაზე ვმუშაობდით, სამღვდელოება საქართველოში იმპერიალისტური ჯარების მოწვევას ცდილობდა და ამით საქართველოს მშრომელი ხალხის სისხლის მორევში ჩახშობა უნდოდა.“

ვინმე ფარნიევი ამბობდა:

„კირილე ნინიძე აგერ გაკვირვებით რომ შემომცქერის, აბა, გამოვიდეს და გარეთ მუშებთან დაიცვას სამღვდელოება.“

თავმჯდომარე ჩხეიძე კი აცხადებდა:

„ბრალდებულთა გასამართლებისას ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი სასამართლო კლასიკურია. თუ დამტკიცდება, რომ ისინი მუშათა კლასის წინააღმდეგ მუშაობდნენ, სასამართლო მათ რევოლუციური კანონის მიხედვით დასჯის.“

სახელმწიფო ბრალმდებელი მაჭავარიანი ამტკიცებდა:

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ მემორანდუმი მშვიდობიანი მიზნით იყო გაგზავნილი, მაგრამ თუ მის შინაარსს გავითვალისწინებთ, იგი მშვიდობიანი არ ყოფილა. მისი მიზანი კაპიტალისტური ქვეყნების ჩარევა იყო ჩვენს საშინაო საქმეებში.“

ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმი და მისი ბრალმდებლები ამბროსი ხელაიას ომის სურვილს აბრალებდნენ. აქვე მოვიყვან მისი კიდევ ერთი ბრალმდებლის — ოკუჯავას — სიტყვებს:

„ბრალდებებში ცენტრალური ადგილი უჭირავს მემორანდუმს, რომელიც საეკლესიო საბჭომ ანტანტას გაუგზავნა. მისი მიზანი მშრომელი ხალხის ცეცხლის ალში გახვევა იყო. მას უნდოდა უბედურება დაეტეხა თავზე ქართველ მშრომელ ხალხს.“

ამბროსი ხელაია

„ჩემგან ეროვნული ინტერესების დასაცავად ამაღლებული ხმა და მსჯავრი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სამსჯავრო, მონახავენ თავის ადგილს ყოველი ქართველის გულში — იმ ქართველის გულში, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სარწმუნოება და სამშობლოს სიყვარული,“ — ამ სიტყვებს, რომლებიც პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ პატიმრობის მისჯის წინ წარმოთქვა, ათწლეულები დასჭირდა ყოველი პატრიოტი ქართველის გულამდე მისასვლელად.

წარსულის სიბნელე კვლავ გვაწვება და ცდილობს გულებიდან ამოგვიშალოს დიდი წინაპრის ეს სიტყვები. ამიტომ უფრო ხშირად უნდა გავიხსენოთ - პატრიარქ ამბროსი ხელაიას - ბრძოლა საქართველოსა და ჩვენი თავისუფლებისთვის.

ავტორი: ელენე ლომთაძე

01/27/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024