საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პლასტიკური ქირურგის, ციცინო შურღაიას განცხადება, რომელიც შურღაიამ გოგოლა კალანდაძის გადაცემა "სახლში" გააკეთა, საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა.
იმაზე საუბრისას, თუ როგორ ინარჩუნებს ფორმას, ციცინო შურღაიამ, სიმსუქნე და ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები დააკავშირა, რითაც საზოგადოების გულის წყრომა გამოიწვია.
"შენი გარეგნობა მეტყველებს შენს ინტელექტზე… არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, იშვიათი გამონაკლისის გარდა… სიგამხდრე არის ჯანმრთელობა," - თქვა პლასტიკურმა ქირურგმა.
ციცინო შურღაიას განცხადებას კრიტიკულად გამოეხმაურნენ ექიმები. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს,რომ ექიმი,რომელიც ასე საუბრობს, საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს.
,,სერიოზულად ჩავფიქრდი ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე… ამას რომ ექიმი პირიდან ამოუშვებს, იმას როგორ უნდა ენდო საერთოდ,” - დაწერა ბუწაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ინფექციონისტის პოსტის კომენტარებში, ციცინო შურღაიას სიტყვებს "ბოდი შეიმინგად" და ექიმისთვის შეუფერებელ დამოკიდებულებად აფასებენ სხვა ექიმებიც.
"ღმერთო ჩემო, ნეტა ამის მთქმელი შეიძლება იყოს ინტელექტუალი?"- ინგა მამუჩიშვილი, პედიატრი.
"აი, რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ფაშიზმს მწვანე შუქს უნთებენ: ყველა დონეზე, ყველაფერში, სისულელეშიც კი მჟღავნდება ფაშიზმი. ბებიაჩემმა იცოდა ხოლმე თქმა - თევზი თავიდან ყარსო. ამასობაში კი, სამწუხაროდ, თავიდან ფეხებამდე აყროლდა ქვეყანა, გაყავისფრდა" - ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი.
"რა არის მაინც სისულელე; როგორც არ უნდა დამარხო, მაინც ამოხეთქავს სადღაც" - ზურაბ გურული, ქირურგი, რეანიმატოლოგი
"საუბრიდან იგრძნობა, როგორი ინტელექტუალიცაა" - მაია ხერხეულიძე, პედიატრი
"ეს “ექიმი” ამ პროფესიის სირცხვილია უკვე" - ირმა გურამიშვილი, ექიმი-ნუტრიციოლოგი
"მართლა გასაოცარია! ხუმრობა მეგონა, ექიმისგან განსაკუთრებით მიუღებელია" - ნუცა ზურაბიანი, ორთოდონტი
05/05/2026