საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1987 წლის დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაეწყო. ცნობილი დისიდენტები გადასახლებებიდან შინ ბრუნდებოდნენ, თუმცა თავისუფლების დღეს ვერ მოესწრო გამოჩენილი პუბლიცისტი და უფლებადამცველი ანატოლი მარჩენკო. მან 1986 წლის 8 დეკემბერს, ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად, ჩისტოპოლის ციხეში დალია სული. პროტესტის ამ უკიდურესი ზომით მარჩენკო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდა.

ანატოლი მარჩენკოს გარდაცვალებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. ცნობილია, რომ ამ ტრაგიკული ფაქტიდან სულ რამდენიმე დღეში მიხეილ გორბაჩოვმა გორკში გადასახლებულ ანდრეი სახაროვს დაურეკა და მას მოსკოვში დაბრუნების ნებართვა მისცა. ეს იყო დიდი პროცესის დასაწყისი. მარჩენკოს თავგანწირვა გადამწყვეტი ბიძგი აღმოჩნდა. ამ ნათელი ადამიანის ტრაგიკულმა აღსასრულმა გზა გაუკვალა თავისუფლებისკენ ბევრს, მათ შორის მერაბ კოსტავას, რომლის დაბრუნებამაც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ახალი, უდიდესი იმპულსი მისცა.

1988 წელს, ევროპარლამენტის მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო — „სახაროვის პრემია თავისუფალი აზრისთვის“ — პირველად ანატოლი მარჩენკოს მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ლაურეატები თავად ანდრეი სახაროვმა შეარჩია: ესენი იყვნენ ანატოლი მარჩენკო და მაშინ ჯერ კიდევ საპყრობილეში მყოფი ნელსონ მანდელა. დაჯილდოებას ანატოლის ნაცვლად მისი ქვრივი დაეწრო.
„მე დავასრულე წიგნი... პოლიტპატიმრებისთვის საბჭოთა ბანაკები დღესაც ისეთივე საშინელებაა, როგორიც სტალინის დროს იყო. ჩემი სურვილია, საბჭოთა ბანაკებისა და ციხეების შესახებ ეს ჩანაწერები სხვა ქვეყნებშიც წაიკითხონ. მათ კი, ვინც საბერძნეთსა და პორტუგალიაში პოლიტპატიმრების უფლებების დაცვის მოწოდებებით გამოდიან, ვეკითხები: წაიკითხეთ ეს წიგნი და ჰკითხეთ თქვენს საბჭოთა კოლეგებს — რა გააკეთეს იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანაში პოლიტპატიმრებს არ აშიმშილებდნენ? თუ გაქვთ ცოტა სინდისი და სამშობლოს სიყვარული — დაიცავით პოლიტპატიმრები და შეაჩერეთ დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. დანაშაული ხომ სამოქალაქო გულგრილობიდან იწყება.“

ეს ამონარიდი 1986 წლის მიწურულს, ციხეში გარდაცვლილი დიდი ჰუმანისტის წიგნიდანაა. სწორედ ამ სიტყვებით მიმართა მან მსოფლიოს, ხოლო მისი ავტობიოგრაფიული ნაშრომი „ჩემი ჩვენება“ იყო პირველი დოკუმენტი, რომელმაც სტალინის შემდგომი საბჭოთა გულაგის სისასტიკე ამხილა.
ხანგრლივ შიმშილობასთან ერთად ანატოლი მარჩენკოს გარდაცვალების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იძულებითი კვება, რომელსაც საპყრობილის ადმინისტრია მოშიმშილე პოლიტპატიმრის მიმართ იყენებდა. მარჩენკო საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ იძულებითი კვებით მას აწამებდნენ:
„მკვებავი ნარევი მიზანმიმართულად მზადდება სასურსათო პროდუქტების მსხვილი ნაჭრებით, რომლებიც ვერ გადის მილში და იჭედება, რის გამოც, მილის გაწმენდის მომიზეზებით, მიწყობენ ნამდვილ წამებას.“

ანატოლი მარჩენკო უკანასკნელად 1981 წელს დააპატიმრეს. „ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის“ მას 10 წლით პატიმრობა და 5 წლით გადასახლება მიუსაჯეს. სიცოცხლე საკუთარი იდეალების სადარაჯოზე გაწირა, თუმცა მისი ხმა, რომელიც გულაგის კედლებს გასცდა, თავისუფლების იდეის სიმბოლოდ იქცა. ანატოლი მარჩენკომ სიცოცხლე დათმო საბჭოთა კავშირში პოლიტიკური პატიმრების გასანთავისუფლებლად.
06/19/2026