
09/03/2026
საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ანტიბიოტიკების მიღების პარალელურად ან მკურნალობის დასრულებისთანავე, პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია სოკოს საწინააღმდეგო (ანტიმიკოზური) მედიკამენტების ჩართვა.
ექიმი ირაკლი მიქაძე აღნიშნულ პრაქტიკას ეხმიანება და ამბობს, რომ თვითნებური ანტიმიკოზური თერაპია არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ ორგანიზმისთვის საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ექიმი დეტალურად განმარტავს რა რისკებს შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების უსაფუძვლო მიღება და როდის არის ის რეალურად საჭირო.

"მივმართავ მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ სოკოს წამალი უნდა მიიღო. ეს არ შეიძლება. არასწორია ეს მოსაზრება, რომ ანტიბიოტიკოთერაპია აუცილებლად უნდა დასრულდეს ან მიმდინარეობდეს ანტიმიკოზური თერაპიის ფონზე. არ შეიძლება და მეტიც, ზოგ შემთხვევაში ასეთი ქმედება საკუთარი ჯანმრთელობის წინაშე დანაშაულია.
როდესაც ბიოლოგიური მასალის კვლევაში გამოჩნდება სოკო, გარკვეულ შემთხვევებში, მისი მკურნალობაც კი არ არის საჭირო. ანუ სოკოს საწინააღმდეგო თერაპია ხშირად მაშინაც კი არ არის საჭირო, როდესაც, მაგალითად, ნახველში აღმოჩნდება სოკოს არსებობა. და მით უმეტეს არ არის საჭირო ამ მკურნალობის ჩვენების გარეშე, თვითნებურად ჩატარება.
გაითვალისწინეთ, ნუ ჩაიდენთ ამ დანაშაულს საკუთარი თავის წინაშე, იმიტომ რომ არასასარგებლოა და საზიანოც არის ანტიმიკოზური თერაპია მაშინ, როდესაც ეს საჭირო არ არის," - ამბობს ექიმი.
გააზიარე სტატია