Logo

საზოგადოება

"არ დაუშვათ ელდარ კურტანიძის შეწყალება" - ხათუნა მიქაცაძე განცხადებას ავრცელებს

"არ დაუშვათ  ელდარ კურტანიძის შეწყალება" - ხათუნა მიქაცაძე განცხადებას ავრცელებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ცნობილი მოჭიდავის, ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და უფლებამოსილ პირებს განცხადებით მიმართავს.

მიქაცაძე ითხოვს, შესაბამისმა პირებმა არ მიიღონ კურტანიძის შეწყალების გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პირების დასახელებით იმუქრება, რომლებიც მასზე ზეწოლას და კურტანიძის ციხიდან ნაადრევ გათავისუფლებას ცდილობენ.

"მივმართავ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას და უფლებამოსილ პირებს:

არ დაუშვათ და ხელი არ მოაწეროთ ელდარ კურტანიძის შეწყალებას, პირობით ვადამდე გათავისუფლებას ან ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებას, რომელიც მის ციხიდან ნაადრევ გამოშვებას გულისხმობს.

ელდარ კურტანიძის საქმეზე პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიეს მისმა მფარველებმა (დიახ!!!), რაც გამოიხატა არაპროპორციულად ლმობიერ სასჯელში, მიუხედავად დანაშაულის აღიარებისა და უდავო მტკიცებულებების არსებობისა.

ჩემი ინფორმაციით, მისი მფარველების მხრიდან (რომელთაც აუცილებლად დავასახელებ და უფრო მეტიც, გავასაჯაროებ მათ სახელებსა და გვარებს და ყველა ჩვენს საუბარს და მათი მხრიდან, ჩემზე ზეწოლის ფაქტებს), დღესაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, მისი ნაადრევი გათავისუფლების მიზნით.

თითოეული პირი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, პასუხისმგებელია და მომავალში იქნება თანამონაწილე იმ ძალადობისა, რომელსაც ელდარ კურტანიძე აუცილებლად ჩაიდენს.

ამასთან, ელდარ კურტანიძის მიმართ არსებობს სხვა სისხლის სამართლის საქმეც, რომელიც გაცილებით უფრო მძიმე ბრალდებას მოიცავს.

ჩემი მკაფიო და საჯარო მოთხოვნაა, ბათუმის რაიონულმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ და სრულად განახორციელოს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და დროულად წარედგინოს ელდარ კურტანიძეს შესაბამისი ბრალი.

მსხვერპლის უსაფრთხოების იგნორირება ნიშნავს მოძალადის წახალისებას.

პასუხისმგებლობა თითოეულ გადაწყვეტილებაზე სრულად დაეკისრება მათ, ვინც ხელს მოაწერს მის გათავისუფლებას ან შეგნებულად შეუშლის ხელს სამართლის აღსრულებას,“ - ნათქვამია ხათუნა მიქაცაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ყოფილი პარლამენტარი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, გასულ ზაფხულს დააკავეს.

ავტორი: ზმნა

12/18/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024