Logo

არ გახდეთ არაპროფესიონალი თერაპევტების მსხვერპლი - სპეციალისტის გზამკვლევი მშობლებს

არ გახდეთ არაპროფესიონალი თერაპევტების მსხვერპლი - სპეციალისტის გზამკვლევი მშობლებს

09/10/2026

ტექსტის ზომა

ბოლო წლებში, საქართველოში, განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე ბავშვების მხარდაჭერის კუთხით ცნობიერება საგრძნობლად გაიზარდა.

შესაბამისად, იმატა მოთხოვნამ სპეციალურ პედაგოგებზე, ფსიქოლოგებსა და სხვადასხვა პროფილის თერაპევტებზე.

თუმცა, სფეროს სწრაფ განვითარებას, სერიოზული გამოწვევაც ახლავს. ბაზარზე სულ უფრო ხშირად ვხვდებით არაკვალიფიციურ კადრებს, რომელთა არასწორი ჩარევა ბავშვის განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემით მშობლები ხშირად მიმართავენ და ამბობენ, რომ თერაპევტების არაკომპეტენტურობის გამო უამრავ სირთულეს აწყდებიან.

თინათნ გობაძე


"ძალიან ხშირად თერაპევტებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, არ იციან რა გააკეთონ, თავად იქცევიან არაკომპეტენტურად და ბავშვის განვითარებისთვის გამოყოფილ დროს ფუჭად აკარგვინებენ.
ძვირფასო მშობლებო, დასვით კითხვები, გაარკვიეთ რა მიზნებზე მუშაობენ თქვენი შვილების თერაპევტები," - მიმართა ინკლუზიური განათლების სპეციალისტმა მშობლებს.

zmna.ge თინათინ გობაძეს დაუკავშირდა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის კონკრეტული რჩევების მიცემა სთხოვა.

- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა თერაპევტის არჩევისას და როგორ უნდა გადაამოწმოს სპეციალისტის კომპეტენცია, სანამ მას შვილს ანდობს?

მშობელმა სპეციალისტის შერჩევისას, პირველ რიგში, უნდა გადაამოწმოს მისი განათლება, კვალიფიკაცია და კონკრეტულად ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. მხოლოდ სოციალურ ქსელში პოპულარობა, ბევრი გამომწერი ან საკუთარი თავის „თერაპევტად“ წარდგენა პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი არ არის.

ბავშვი

მშობელს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია, სად და რა მიმართულებით მიიღო სპეციალისტმა განათლება და რამდენად შეესაბამება მისი კვალიფიკაცია ბავშვის საჭიროებებს.

მუშაობის დაწყებამდე სპეციალისტმა უნდა შეაფასოს ბავშვის საჭიროებები, მოუსმინოს მშობელს და გასაგებად აუხსნას:

  • რა საჭიროებები გამოიკვეთა;
  • რა მიზნებზე აპირებს მუშაობას;
  • რა მეთოდებს გამოიყენებს და რატომ;
  • როგორ შეფასდება ბავშვის პროგრესი;
  • რა პერიოდულობით მიაწვდის მშობელს უკუკავშირს;
  • როგორ შეიძლება მშობელმა ყოველდღიურ გარემოში შეუწყოს ხელი ბავშვის განვითარებას.


- როგორი უნდა იყოს ჯანსაღი კომუნიკაცია მშობელსა და თერაპევტს შორის და აქვს თუ არა მშობელს უფლება თერაპევტის მუშაობაში ჩაერიოს?


მშობელი პროცესის სრულფასოვანი მონაწილე უნდა იყოს. მან უნდა იცოდეს, რაზე მუშაობს სპეციალისტი, რას ემსახურება კონკრეტული აქტივობა და როგორ გადაიტანოს მიღებული რეკომენდაციები ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კარგი სპეციალისტი მშობელს პროცესიდან არ გამორიცხავს, ის თანამშრომლობს მასთან, პასუხობს კითხვებს, უზიარებს დაკვირვებებს და მის გამოცდილებასაც ითვალისწინებს, რადგან სწორედ მშობელი იცნობს ბავშვს სხვადასხვა გარემოსა და სიტუაციაში.

ბავშვი

თერაპიული პროცესი მშობლისთვის დახურული და ბუნდოვანი არ უნდა იყოს. საყურადღებოა, თუ სპეციალისტი კითხვებზე ღიზიანდება, ყველაფერს „პროფესიულ საიდუმლოდ“ მიიჩნევს, სხვა სპეციალისტის აზრის მოსმენას ეწინააღმდეგება ან მშობელს ბავშვის მდგომარეობით აშინებს.


- რა არის ის ძირითადი „წითელი ალმები“, რაც პროცესის სასწრაფოდ შეჩერების საფუძველი უნდა გახდეს?

უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის ტირილი, შიში და ძლიერი წინააღმდეგობა ავტომატურად „თერაპიის აუცილებელი ნაწილი“ არ არის. განსაკუთრებით საგანგაშოა ბავშვის იძულება, დაშინება, დამცირება, ყვირილი, დასჯა, ტკივილის მიყენება ან მისი პირადი საზღვრების უგულებელყოფა.

არცერთი პროფესიული მეთოდი არ ამართლებს ბავშვის მიმართ ფიზიკურ ან ემოციურ ძალადობას.

ბავშვი

სიფრთხილეა საჭირო მაშინაც, როდესაც სპეციალისტი ძალიან სწრაფ და ყველასთვის ერთნაირ შედეგს ჰპირდება, ყველა ბავშვს ერთი პროგრამით ამუშავებს ან მშობელს ვერ უხსნის, რა მიზანი აქვს კონკრეტულ აქტივობას.

თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური საჭიროებები, შესაძლებლობები და განვითარების ტემპი აქვს.

მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვის მდგომარეობასაც: როგორია ის სესიის წინ და შემდეგ, ეშინია თუ არა სპეციალისტთან შესვლის, შეიცვალა თუ არა მისი ძილი, ქცევა ან ემოციური მდგომარეობა.

თუ ბავშვს სისტემატურად აქვს ძლიერი შიში და ამას მხოლოდ „ჭირვეულობად“ ან „მანიპულაციად“ აფასებენ, საჭიროა პროცესის შეჩერება, კითხვების დასმა და სხვა კვალიფიციური სპეციალისტის მოსაზრების მიღება.

მშობლის ჩართულობა სპეციალისტის საქმიანობაში ჩარევა არ არის, პირიქით ეს აუცილებელი ფაქტორია ბავშვის განვითარებისთვის, თანამშრომლობა მშობელსა და თერაპევტს შორის ბავშვის უსაფრთხოების დაცვის აუცილებელი ნაწილია.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

არაკომპეტენტურიბავშვითერაპიათინათინ გობაძეინკლუზიამშობელი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026