საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
უკვე იცით, რომ პეტრე კოლხი ამერიკაში ცხოვრობს. მან იქაურ ცხოვრებაზე ვრცლად უამბო "ზმნა.ჯის" მკითხველს.
სასულიერო პირი, რომელსაც ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს მღვდლობა და ემიგრაციაშია, ტაქსიზე მუშაობს. მოცალეობისას, ფეისბუქზე ამერიკულ დღიურებს წერს და გულშემატკივრებს უზიარებს...
პეტრე კოლხი:
მადლიერების დღე
სექტემბრის მიწურული იყო, ავტომობილით აფროამერიკელ ცოლ-ქმარს მოვემსახურე, სასიამოვნო და საინტერესო ადამიანები აღმოჩნდნენ… თანხა გადაიხადეს, , Good driver” კომპლიმენტიც მითხრეს და დამემშვიდობნენ, მაგრამ საკონტაქტო დაიტოვეს…
პერიოდულად მწერდნენ, როგორ ხარ, რამე ხომ არ გიჭირსო… იცოდნენ, რომ ემიგრაციაში ახალი ჩამოსული ვიყავი და ფორიაქი უსიტყვოდაც მეტყობოდა…
მეც პატივისცემის და ყურადღების ნიშნად, დროდადრო ვკითხულობდი…
მადლიერების დღეს შეტყობინება მივიღე…
,, თქვენ უცხო მიწაზე ხართ, ჩვენთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, არ გვინდა მარტო იყოთ და გიწვევთ ვახშამზე, გაგვიხარდება”…
ნოემბრის სუსხიანი დილა ერთიანად გათბა…
მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ამერიკული ოჯახი, საზეიმო სამზადისი…
დიასახლისმა ინდაური საგაგგებოდ მოათავსა მაგიდის შუა ცენტრში, სტუმრები მიგვიწვიეს და ლოცვა წარმოთქვეს…
მარტო მე ვიყავი თეთრკანიანი, მაგრამ თავი ოდნავადაც არ მიგრძვნია ზედმეტად…
ოჯახის დიასახლისი, რომელსაც შვილიშვილი მკლავზე ეწვინა, თან ლოცულობდა, თან ტიროდა…. ცრემლები მადლიერების გამოხატულება იყო…
ყოველი წინადადების ბოლოს მადლობას უხდიდა ღმერთს…
თვალწინ დამიდგა აფროამერიკელების ბრძოლა თავისუფლებისათვის…
ურთულესი გზები განვლეს, რომ მაგიდასთან გამარჯვების ნიშნად შეკრებილიყვნენ, მათთვის სრულიად უცხო ქვეყნის შვილიც მიეწვიათ და ყველას თავის ენაზე, უფლისთვის მადლობა გადაეხადა…
მათ დამანახეს, რა არის ნამდვილი ქრისტიანობა და ადამიანობა…
მას მერე ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა !..

***
Nick
სამუშაო დღის დასრულებისთანავე, მთის წვერზე აღმართულ ტაძარს მივადგები და კედლებს ვესაუბრები…
ხის ჩრდილები ისე ეცემა ტაძარს, თითქოს ჩემ გვერდით ადამიანები დგანან და მავედრებელი ხელები, ცისკენ აქვთ აღმართული…
ბოლოს რომ ვიყავი, მოსიარულე ჩრდილი შევნიშნე, ვიფიქრე, ნიავმა შეარხია, მეთქი…
აფროამერიკელი იყო, მთვარის სინათლე ვერ ავლენდა მის სიმკვეთრეს…
მე ნიკი მქვია, გამეცნო…
პეტრე (მიყვარს ჩემი სახელი) მივუგე…
ერთად ვილოცოთო… ვიდექით და ვლოცულობდით… ჩუმად, უსიტყვოდ…
ალბათ, ხუთი წუთი იქნებოდა გასული…
რით შემიძლია დაგეხმარო, მეგობარო-მომმართა…
ილოცე ჩემთვის, ნიკ, მივუგე და ძალიან მოკლედ ავუხსენი, რომ ჩემი მიწიდან, ახლობლებიდან შორს ვიყავი წამოსული…
არ შეგეშინდეს, ღმერთს შენ მიმართ გეგმები აქვსო…
დავიჯერე…
მერეც ბევრჯერ ავედი ტაძარში, მაგრამ არ ვიცი, ღმერთთან თუ ნიკისთან სასაუბროდ…
შეიძლება, ორივე ერთი იყოს!..
12/06/2025