
10/12/2026
"მოდა ხელოვნების დარგია, რომლითაც შეიძლება საუბარი" - ამბობს ნინო კასრაძე ეკა ხოფერიასთან და იხსენებს დემნა გვასალიას ჩვენებებს, არაორდინალურ დეფილეებს, რომლითაც ის, მსოფლიოს მოდის ინდუსტრიაში, საქართველოს უახლეს ისტორიას ჰყვება.

ნინო კასრაძე: შეიძლება არასოდეს არ მომეცეს ამაზე ლაპარაკის საშუალება და თუ შეიძლება, ახლა ვიტყვი:
ჩემთვის მოდა მაშინ გაცოცხლდა, როდესაც გაჩნდა დიზაინერი, რომელმაც რაღაც ისეთი მოყვა, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. და ეს იყო დემნა გვასალია. ჩემთვის მოდა მაშინ დაიბადა.
ეს რომ არ ვთქვა არ შემიძლია - დემნამ ჩემს თაობას ისეთი ტკივილები მოუშუშა და ჩვენს ტკივილებზე ისე ილაპარაკა... ჩემს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ბაზრობაზე დავდიოდი, ლურჯ ბრეზენტებიან ბაზრობაზე, სადაც ჩვენი მოსახლეობის 95 პროცენტი დადიოდა. ქალები, ბავშვები, კაცები, ყველა იქ დავდიოდით და გვიხაროდა 25 ლარიან რაღაცას რომ ვიყიდდით. ყველაფერს იქ ვყიდულობდით. ის ზოლიანი დიდი ჩანთები, გაჭირვება, ტრავმები, ჩამოტანილი მეორადი ტანსაცმელი... გვახსოვს, "ოვერსაიზი", დიდი ზომის ტანსაცმელი...


ფიქრობ, ეს ვის აინტერესებს და უცებ გამოდის კაცი, რომელიც ამბობს, მე მაინტერესებს და მე მოვყვები.
არ შემიძლია აღელვების გარეშე მოვყვე, როდესაც ეს პირველად დავინახე... მთელი ევროპის ლამაზმანები ათასობით დოლარს იხდიან იმაში, რაც ჩვენი ბავშვობის საშინელება იყო. დემნამ ის ტკივილები პოდიუმზე გამოიტანა და საჯაროდ მოჰყვა და ამით თითქოს დასაჯა კიდეც დასავლური საზოგადოება, არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს დაჩაგრული ხალხი და თქვენ ამაში მათი ტრავმის ფასს გადაიხდითო...

რამდენიმე წლის წინ რომ გააკეთა ჩვენება, ტალახში რომ ატარა მოდელები და ჩვენ ჭუბერის გზა მოგვაგონდა, მაყურებლები კი გაოგნებული სახეებით ისხდნენ და ხუთი-ათი წუთი მოუწიათ იმის გადატანა, რაც ჭუბერის გზაზე ლტოლვილებმა გადაიტანეს. ეს არის ცხოვრება და ხელოვნების ძალა! ეს რომ დავინახე, მივხვდი, რომ თურმე უამრავი რამის გაკეთება შეიძლება.

გააზიარე სტატია