Logo

„არ ვაპირებ გაჩუმებას, სასულიერო პირები ანაფორაში იმალებიან“ - პეტრე კოლხი

„არ ვაპირებ გაჩუმებას, სასულიერო პირები ანაფორაში იმალებიან“ - პეტრე კოლხი

10/01/2026

ტექსტის ზომა

„მე არ ვაპირებ პრობლემებზე გაჩუმებას. ყოველთვის ღიად ვისაუბრებ,“ - ამბობს ემიგრაციიდან დაბრუნებული პეტრე კოლხი zmna.ge-თან ინტერვიუში.

ყოფილი სასულიერო პირი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქომ მღვდელმსახურება ერთი წლის წინ შეუჩერა, ქართული ეკლესიის მესვეურებისა და ფარისეველი მღვდლების კრიტიკას ამერიკული ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგაც განაგრძობს.

ამბობს, რომ განათლება და სულიერება ეკლესიისთვის მიუღებელი გახდა და სწორედ ამის გამო დაისაჯა.

„ ეს ეკლესიის ტრაგედიაა, როცა ეკლესიაში არ არის იმ საჭიროება, მან შეინარჩუნოს წიგნიერი და განათლებული სასულიერო პირები, როდესაც ეკლესიამ ჩამოაყალიბა სტიგმა და სტანდარტები, რომ ჩემნაირი სასულიერო პირები მიუღებელია, სამაგიეროდ უწიგნურები, ბნელები, აგრესორები, მოძალადეები, გაუნათლებლები, ფარისევლები, რომლებიც გარეგნულად ვითომ დოგმებს და კანონებს იცავენ, იმათი უნდა იყოს ეკლესია და მათ უნდა მართონ ერიც, ეკლესიაც და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილიც.

ეს ყველაფერი დეგრადირებული სულიერი მდგომარეობის ბრალია. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეკლესიას არ სჭირდება განათლებული სამღვდელოება. მე ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა დამიბარა წასვლამდე და მითხრა, ჩვენ არ გვჭირდება შენნაირი განათლებული მღვდლები. ეს ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენსო.

ჩვენ ახლა გვჭირდება მორჩილები, რომლებსაც არ ექნებათ პროტესტი, არ ექნებათ პრეტენზია, არ დაწერენ ღიად პრობლემებზე, არ ისაუბრებენ იმ საკითხებზე, რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვიოს, რომ ამან ეკლესიას რაღაც სასურველი შედეგი არ მოუტანოს, რადგან დღეს მჭიდროდ არის გადაბმული ეკლესია და ხელისუფლება ერთმანეთთან, ზღვარი წაშლილია, სად მთავრდება ხელისუფლება და სად იწყება ეკლესია, ვერ გაარკვევ, რადგან თავიდან ბოლომდე ამ ბინძური პოლიტიკის ნაწილი გახდა ეკლესია.

წავედი ემიგრაციაში, რაც არ ყოფილა ჩემი არჩევანი. მე ამით მინდოდა, რომ ჩემი შვილები გადამერჩინა, თუნდაც მათი მიზერული მოთხოვნილებები დამეკმაყოფილებინა... წელიწადი და ორი თვე გავატარე ემიგრაციაში, მაგრამ მერე ვბრაზობდი ისევ საკუთარ თავზე - შენ რატომ უნდა იყო ემიგრაციაში, შენ რატომ უნდა იტანჯებოდე შვილებისგან მოწყვეტით, მეგობრებისგან მოწყვეტით, შენ ხომ საამისო არაფერი დაგიშავებია? ის ხალხი უნდა იყოს სინამდვილეში ემიგრაციაში წასული, ვისაც საერთოდ არანაირი არ სწავლა გააჩნია, არც განათლება არც რწმენა და არც სულიერება, უბრალოდ ანაფორა, სტატუსად გამოიყენეს იმისათვის, რომ არაფერი ცოდნა არ ჰქონდათ და რაღაცა ხომ უნდა ეკეთებინათ და მიხვდნენ, რომ ყველაზე ხელსაყრელი, ყველაზე სახარბიელო აღმოჩნდა ანაფორა, ხელზე მთხვევით და ადამიანების "დადებილებით" და "დაშტერებით" რაღაცას მიაღწევდნენ ცხოვრებაში და რაღაცა რეალიზებას მოახერხებდნენ.

სინამდვილეში ყველაზე მეტი არასრულფასოვნების კომპლექსი გააჩნიათ სასულიერო პირებს. ისინი ანაფორაში იმალებიან, რადგან ვერ ახერხებდნენ ერში საკუთარი თავის რეალიზებას, არც საერო განათლება ჰქონდათ და არც სასულიერო, მაგრამ პრობლემა იცით რა არის? უმრავლესობამ დაიჯერა, რომ ისინი არიან სასულიერო პირები და ჩემნაირი კი მიუღებელია ეკლესიისთვის.

ტრაგედია ეს არის, მაგრამ მადლობა ღმერთს, მოდის თაობა, რომელიც სხვაობას ამჩნევს, ხედავს და ხვდებიან, ვინ უნდა იყოს ეკლესიის წიაღში და ვინ უნდა გააძევონ ეკლესიიდან.

მე არ ვაპირებ პრობლემებზე გაჩუმებას. ყოველთვის ღიად ვისაუბრებ, იმიტომ კი არა, რომ პატრიარქმა შიო მესამემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამდენ მოქმედება შემიჩერა. მე ბედნიერი ვარ ამ ნაბიჯით. მე ძალიან ამაყი ვარ ამ ნაბიჯით, რადგან მე არ შევეგუე უსამართლობას. მე წინააღმდეგობა გავუწიე ამ სასტიკ დაუნდობელ რეჟიმს. ყველაფერი წამართვეს, მაგრამ საკუთარი თავისი შევინარჩუნე, საკუთარი თავისუფლება შევინარჩუნე და ღმერთი კიდევ უფრო ახლოს ვიგრძენი,“ -ამბობს პეტრე კოლხი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026