საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
აჩიკოს ვიდეო ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ "სქროლვისას". მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქართველის, რომელსაც ნიუ-იორკში მცოხვრები ქართველი ემიგრანტები დაეხმარნენ.
ამერიკაში მცხოვრები აჩიკო (არჩილ) ნონიკაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, უკვე დაცულ გარემოშია გადაყვანილი.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ემიგრანტებმა უმოკლეს დროში შეძლეს ორგანიზება — ნონიკაშვილის დასახმარებლად უკვე 23,000 დოლარი შეგროვდა და თანხის ჩარიცხვა ისევ გრძელდება. მოაწესრიგეს, გაეწია სალონური მომსახურება, რამაც მისი გარეგნობა მნიშვნელოვნად შეცვალა.


შეუძინეს ტანსაცმელი, დღეს უკვე ტელეფონიც; უზრუნველყვეს პირველადი საჭიროებებით და ამ ეტაპზე სასტუმროშია განთავსებული. თუმცა ვინაიდან ერთ ღამეში 190 დოლარს იხდიან, მისთვის ქირით ეძებენ ოთახს, სადაც უფრო სტაბილურ პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას.
ასევე ცნობილია, რომ ნონიკაშვილს ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარებაც გაეწევა, რაც მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია.

აჩიკო ნონიკაშვილი ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში, Newkirk Plaza-ის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მისი მდგომარეობა ერთ-ერთმა ქართველმა შეამჩნია, რის შემდეგაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ნონიკაშვილის თქმით, იგი ამერიკაში სამი წლის წინ, მექსიკის გავლით ჩავიდა, თუმცა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და საბოლოოდ უსახლკაროდ დარჩა. პერიოდულად ჰოსტელებში ათევდა ღამეს, თუმცა ხშირად ქუჩაში ცხოვრება უწევდა. როგორც თავად ამბობს, იგი დედისერთაა, მშობლები გარდაცვლილი ჰყავს და ამერიკაში ახლობელი არავინ ჰყავს.

მისი ისტორიის გასაჯაროების შემდეგ, ქართველმა ემიგრანტებმა სწრაფად დაიწყეს დახმარება — დაორგანიზდა თანხების შეგროვება და მოხალისეობრივი მხარდაჭერა, რამაც შესაძლებელი გახადა მისი ქუჩიდან უსაფრთხო გარემოში გადაყვანა.
ემიგრანტი ქართველების გარკვეული ჯგუფი, აჩიკოს მუდმივ ყურადღებას აქცევს და ყოველდღიურად ნახულობს მას.

"არ ვიცოდი ამ ადამიანი წარსული, არც მომავლის გეგმა. დახმარების სურვილი გამიჩნდა დღევანდელი მდგომარეობოდან გამომდინარე.
უღრმესი მადლობა ყველას, ვინც თანხები ჩამირიცხეთ. არ ჩერდება ჩარიცხვები. ეს რა ხდება ხალხნო?!
დავნიშნეთ ექიმთან ვიზიტი, თუმცა ბოლოს გაირკვა, რომ ის ექიმი აჩიკოს დაზღვევას არ იღებს.
არ მოგვიდუნებია ყურადღება. დავიწყეთ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის..." - ფეისბუქზე წერს ხატია მეშველიანი.
04/29/2026