Logo

საზოგადოება

"არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ბავში მოეძებნათ" - მლეთის მაშინდელი გამგებლის აღიარება

"არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ბავში მოეძებნათ" - მლეთის მაშინდელი გამგებლის აღიარება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

2014 წელს მლეთაში 17 წლის ბიჭი გაუჩინარდა. ეს მოხდა ლომისობის წვიმიან ღამეს, როდესაც გურამ დადიანიძე, ჯგუფთან ერთად, წმინდა გიორგის უძლიერეს სალოცავში ადიოდა...

ახლა 2026 წელია. გურიკას ნეშტი ნაპოვნი ისევ არ არის. გამოძიება ტარიელ კაკაბაძემ ჩაიბარა.

დღეს ამ უცნაური და შემზარავი ამბის პირისპირ, დაკარგული ბიჭის დედა მარტო აღარ არის, მართალია, 12 წლიანი დაგვიანებით, მაგრამ მაინც. მას საზოგადოება გვერდში უდგას და ერთადერთი შვილის ნეშტის პოვნაში ეხმარება...

პოდკასტში "თაიასთან" ჩაიწერა ზურაბ ბურდული, რომელიც ამ ტრაგედიის დატრიალებისას, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი (ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში) და მლეთის გამგებელი გახლდათ.

ბურდული ამბობს, რომ ამ ამბავში დამნაშე პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროა, რადგან მათ გულგრილობა გამოიჩინეს და შესაბამისი ზომები არ მიიღეს.

ზურაბ ბურდული: რაც თვითონ მაქვს ნანახი, ის შემიძლია მოგიყვეთ. ვადასტურებ, იმ ღამეს იყო წვიმა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, რომ მლეთაში წყალდიდობა მომხდარიყო. მით უფრო იმ ადაგილას, სადაც საუბარია, რომ ბავშვი მეწყერში ჩაიყოლა. ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ, არ ყოფილა მეწყერი, იყო წყლის ნაკადი, რაც ადამიანის სხეულსაც ვერ დაფარავდა. იმ კონკრეტულ ლოკაციაზე მიცვალებული რომ აღმოჩენილიყო, მის სხეულსაც ვერ დაფარავდა.

- იმ დროს ტელევიზიები აშუქებდნენ, რომ იქ, იმ დროს, მეწყერი ჩამოწვა და დაზიანდნენ ადამიანები.

- მე ვნახე ყველა ჩანაწერი, ყველა ტელევიზია ადასტურებდა, რომ იყო ძლიერი წვიმა და მეწყერი. მე ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ვერც ერთმა ტელევიზიამ ვერ ან არ ანახა ის არ არსებული მეწყერი. ტელეჟურნალისტები ხომ ვიცით, როგორ მუშაობენ, ინფორმაციის შესაბამისი ვიდეო მტკიცებულება, კადრები სჭირდებათ. არც ერთ ტელევიზიას მეწყერი გადაღებული არ აქვს.

- ადამიანები როგორ დაშავდნენ თუ მეწყერი არ ყოფილა?

- ერთ-ერთ სიუჟეტში ჰყვება ჟურნალისტი, რომ რვა ადამიანი დაშავდა, მაგრამ არა იმ მეწყერის გამოისობითო. ვინც მლეთაშია ნამყოფი, იცის, რომ იქ დაშავებულთა რაოდენობა, ამ დღესასწაულზე, შეიძლება ოცამდეც ავიდეს. რადგან ლომისობას ხშირად წვიმს, ადამიანები სრიალებენ, ვარდებიან, იღებენ დაზიანებებს. რამდენიმე დაშავებული იყო, მაგრამ მეწყერს გამოვრიცხავ.

ზურაბ ბურდული

- რატომ ითქვა მეწყერთან დაკავშირებით ტყუილი?

- ვარაუდს გამოვთქვამ, ალბათ, იმიტომ დასჭირდათ, რომ ეს ფაქტი უკვე დამდგარი იყო და ყველა ეძებდა 17 წლის ბავშვს. სახელმწიფოს პასუხი ხომ უნდა დაებრუნებინა ოჯახისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომ ჩემი ვარაუდით, სახელმწიფომ გარკვეული ალიბი შექმნა იმისთვის, რომ იქ იმ ადგილას მეწყერი იყო. ყველა ადგილობრივი, ვინც იქ იყო და ის დღე ახსოვს, ამბობს, რომ მეწყერი არ ჩამოწოლილა.

ჩვენ ლომისობას გავიგეთ, რომ ბავშვი იყო დაკარგული. მეორე დღეს დაიწყო სამძებრო სამუშაო. კადრების გადახვევა მოხდა, რომ ეს ბავშვი ვინმეს ამოეცნო.

გურამ დადიანიძე

- ზარი 112-ში იმ ღამით არ შესულა.

- ინფორმაცია იმ დღეს გვქონდა, რომ ბავშვი დაკარგული იყო, მაგრამ იმ დღეს პოლიცია მას არ ეძებდა. მე იმ დღესვე ავედი და მეწყერის კვალი ვერ დავინახე. თუ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, გამომძიებელი, რომელსაც საქმე აკისრია, ამტკიცებს, რომ მეწყერი იყო, მაშინ მას გარკვეული ქმედება გაეკეთებინა, ტექნიკა შეეყვანა და შესაბამისი ღონისძიება განეხორციელებინა, რომ მიცვალებული მოეძებნა. ვალდებულია სამძებრო სამუშაო ჩაატაროს და არ აკეთებს ამას. მაშინ ეს რითი იხსნება? პოლიციას ამ კონკრეტულ საქმეზე არანაირი ენერგია დახარჯული არ ჰქონდა. თავიდან მეწყერზე არავინ საუბრობდა, ეს ვერსია მოგვიანებით გაჩნდა, რომ ბავშვი შეიძლება მეწყერში აღმოჩენილიყო.

ამ ამბიდან სამი დღის მერე პოლიცია აჟღერებს, რომ ბავშვი მოყოლილია მეწყერში, რომელიც არ ყოფილა. თუ დედას უთხრეს, რომ იქ ტექნიკა ამუშავეს, ამასთან დაკავშირებით დოკუმენტი ხომ უნდა შედგენილიყო? სხვას რომ თავი დავანებოთ, ჩამოწერის აქტი ხომ მაინც უნდა შედგენილიყო? საწვავი გავხარჯეს სამძებრო სამუშაოებში და აი, ჩამოვწერეთ. სად არის ეს აქტი? ასეთ დოკუმენტს ვერავინ ვერ მოიძიებს. ის ტექნიკა დედის მოსატყუებლად გამოიყენა პოლიციამ. დედაც დამეთანხმება, რომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა მეწყერის მიღმა და არა იმ უშუალო ადგილას, სადაც კვალი ქრება.

პოლიციელების მხრიდან აქტიურობა მინიმალური იყო. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდაც არ ყოფილა აქტიურობა.

ამ საქმეში სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს დუშეთის პოლიციის სამმართველოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ბავში მოეძებნათ.

- ქვაზე იჯდა და გადავარდაო. რამდენად რეალურია ეს სურათი?

- სადაც ამბობენ, რომ ბავშვი იჯდა, იქ მეწყერი არასდროს ჩამოწოლილა. ის სამეწყრე ადგილი არ არის. იმ ადგილას პატარა ხევია, რომელიც საერთოდ არ არის სიცოცხლისთვის საშიში. რომ გადაგორდე, არაფერი დაგიზიანდება. კალაპოტს იქ ქვის ნაშალი არ აქვს, მინდვრიანი ფერდები აქვს. პატარა ხევის კალაპოტია. მეწყერსაშიში ადგილი კი, იქიდან ერთ კილომეტრშია, სადაც ვარაუდობენ რომ ჩავარდა.

- მეწყერი როდის გახსენდებათ?

- ჩემი მუშაობის პერიოდში, მე მანდ მეწყერი არ მახსენდება... 2005 წელს მოხდა, თუმცა ტრაგედია მაშინ არ მოჰყოლია. ტაძარი მიწით ამოივსო, სასოფლო-სამეურნეო ნათესები დაიტბორა, ერთი ეკლესიაც დამარხა. ადამიანი არ დაუზიანებია.

- თქვენ რას ვარაუდობთ, რა შეიძლებოდა მოსვლოდა გურიკას?

- შესაძლოა, გზა აერია. გადავიდა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. წვერის ლომისიდან ერთი ნაბიჯიც რომ გადადგათ, უკვე აღმოჩნდებით რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე. იყო ვარაუდიც, შესაძლოა გზა აერია და იქით გადავიდაო. თუმცა მე მლეთაში, საზღვართან დაკავშირებული ინციდენტიც არ მახსენდება...

- რას დაამატებდით?

- ჩემთვისაც, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა მოხდა. ბავშვი ჰაერში ხომ არ გაქრებოდა?

მინდა ტარიელ კაკაბაძეს ამ საქმის გამოძიების აღებისთვის მადლობა ვუთხრა. დედაც არ იქნება გაურკვევლობაში და საბოლოოდ პასუხი ექნება, რა მოუვიდა მის შვილი...

გურიკა

ავტორი: ზმნა

07/31/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024